ექსკლუზიური ინტერვიუ

ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა ბიძინასთან"

ოლეგ იაძე ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ემზადება, კასპში 10-ათასიანი მიტინგის მოწყობას იქადნის და "რესპუბლიკელებს" განხეთქილებაში ბრალს სდებს!

ივანიშვილის ხელისუფლების ლეგენდარული და ყველაზე პოპულარული გამგებელი, კოლორიტი ჩინოვნიკი, რომელმაც კასპის რაიონი საქართველოს "ცხელ წერტილად" აქცია "რესპუბლიკელებს" ბრალს სდებს და იმასაც განმარტავს, რატომ უწოდებს თავს "პატარა ბიძინას". ექსკლუზიურად, "ვერსიას" კასპის გამგებელი ოლეგ იაძე მის ირგვლივ განვითარებულ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ესაუბრა და განგვიცხადა, რომ ჟურნალისტებზე ნაწყენია, მათ ინტერვიუს აღარ აძლევს, თუმცა "ვერსიისთვის" გამონაკლისს უშვებს ერთადერთი პირობით, რომელსაც ვასრულებთ და ამიტომაც ინტერვიუს სტილი დაცულია.

- ბატონო ოლეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა თქვენი მხარდამჭერი პეტიცია სახელწოდებით "ოლეგ იაძე საქართველოს პრეზიდენტად". როგორც ამ პეტიციიდან ჩანს, ითხოვთ ხმებსა და ონლაინ-ხელმოწერებს "ფეისბუქში". პრეზიდენტობას აპირებთ?
- არაა, არც ვუყურებ, არც მაინტერესებს. ჩემდღეში კომპიუტერთან კავშირი არ მაქვს. კომპიუტერი ვიცი, უბრალოდ, მაგრამ არ ვუყურებ არც დილას, არც - საღამოს. ვიცი, რაც არის, რასაც ნიშნავს, მაგრამ არ ვუყურებ. ეს, არა მგონია, ჩემი მხარდამჭერებისგან იყოს წამოსული, ეს არის ჩემი მტრებისგან..

- ვინ არიან თქვენი მტრები?
- რა ვიცი, აბა... ეგენი, ვინც გაავრცელა. ეს არასერიოზულობაა. პრეზიდენტობაზე მე როგორ უნდა ვილაპარაკო? სამბოს ფედერაციის პრეზიდენტობაზე - კი, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტობაზე - არა...

- აპირებთ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად კენჭისყრას?
- რამდენიმე დღეში სამბოს ფედერაციის ყრილობაა და საპატიო პრეზიდენტად ამირჩევენ...

- წინასწარ რა იცით, აგირჩევენ თუ არა?
- ეგ უკვე გადაწყვეტილი საკითხია.

- ბატონო ოლეგ, თქვენ თქვით, რეგიონში მე "პატარა ბიძინა" ვარო, ასეც მოგიხსენიებენ და დიდმა ბიძინამ ამაზე რამე თუ გითხრათ?
- არა, რეგიონში არ მითქვია, ეს ჟურნალისტებმა ცოტა შეკვეცეს, მიჭრეს-მოჭრეს და ამიტომ, ეს ცოტა ჟურნალისტების ნამაიმუნარი იყო. ნებისმიერ რაიონში გამგებელი არის ხელმძღვანელი, "პატარა ბიძინა" არასერიოზულად გაჟღერებული იყო, რა.. ინტერვიუს ჩაწერა უკვე დამთავრებული იყო და ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენა ჩემი გულღიაობა და კამერის გარეთ ნათქვამი. მე ვთქვი, რა თქმა უნდა, რაიონში ათასი პრობლემაა-თქო და მე მტკივა ისიც, ისიც, ისიც. რამეთუ რაიონში გამგებელი არის იგივე პატარა პრემიერი-მეთქი და მე ვარ-მეთქი პატარა ბიძინა, აქედან გამომდინარე იყო ნათქვამი... ეს ფრაზა ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა პიროვნებამ გამოიყენა ცუდად.

- ბატონო ოლეგ, თქვენ არ მიპასუხეთ და ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზაზე თქვენ შენიშვნა მიიღეთ ივანიშვილისგან...
- არა, არა, ეგ ბედნიერება არ მქონია, რომ ბატონ ბიძინას შევხვედროდი. ახლა სურვილი მაქვს მასთან შეხვედრის, რადგან უამრავი პრობლემა დაგროვდა რაიონში, თანაც ამას აქვს სათავეები, ეს არის მართვადი პროცესი. სანამ მე, ოლეგ იაძე ცოცხალი ვარ, ყოველთვის ასე იქნება, ძალიან პატარა პროცენტი იქნება ჩემთან დაპირისპირებული..

- პროცესებს მართავენო და ვინ მართავს ამ დაძაბულობის პროცესებს?

- მოიცა, მოიცა, ჯერ დავამთავრო... 20 წელიც რომ ვიყო რაიონის გამგებელი, ასე იქნება. ბატონ ბიძინაზე ამბობს ზოგიერთი ნაძირალა აუგს და ოლეგ იაძეზე რომ თქვას 50-100-მა კაცმა 55 000-იანი რაიონიდან, ეს რა პრობლემაა?! უბრალოდ, ეს სცდება კულტურას, ზრდილობას. განსაკუთრებით იმ ცოტა ისეთი ქალბატონებისაგან, რომლებიც მთელი ცხოვრება არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდნენ...

- თქვენ ხომ ეს ქალბატონები, თქვენს მისაღებში აქციას რომ აწყობდნენ, ძალის გამოყენებით დაარბევინეთ და გააყვანინეთ?
- როგორ გეკადრებათ, გენაცვალე. ისინი კი არ დავარბევინე, ისინი უკანონოდ იყვნენ შემოსულები შენობაში, შემეძლო იმავე საღამოს გამეყვანა, რადგან ყოველგვარი საშვის გარეშე იყვნენ შემოსულები, მაგრამ არა, ვიფიქრე, იყვნენ, დარჩნენ, ორი ქალბატონი იყო, ყოველგვარი განაცხადის გარეშე. დავატოვებინე, ღამე გაათენეს და დილას რომ შემოვედი, რა დონის ქალბატონებიც არიან, ის იკადრეს ჩემთან. მითხრეს უხამსი სიტყვები...

- რა სიტყვები, ბატონო ოლეგ?
- რა მითხრეს და, ქალისთვისაც და კაცისთვისაც შეუფერებელი სიტყვები, რაც თავად არიან, ეგ სიტყვა მითხრეს. "არაკაცოო" და მეორე სიტყვაც, რაც თვითონ არიან, ის სიტყვა მითხრეს, მაგას მე ვერ გავიმეორებ. მოკლედ, ავედი ჩემს კაბინეტში და იქ ვუთხარი, წყნარად, წესიერად მოჰკიდეთ ხელი, ორმა აქეთ-იქიდან და გაიყვანეთ გარეთ-თქო. ზუსტად ასე მოხდა მათი გაყვანა, დაზიანებები თვითონ მიიყენეს და ყველაფრის მკადრებელი ხალხია. ასე, სულ "პადრუჩკით" გაიყვანეს იქიდან. კამერაც მაქვს, ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რაც შენობაშია დამონტაჟებული.

- ბატონო ოლეგ, ზევით ახსენეთ ეს დაძაბულობის პროცესების შექმნა კასპში ზემოდანაა მართულიო. კასპის საკრებულოში რა ცემა-ტყეპაც მოხდა, ეს საიდან იმართება. "ქართული ოცნების" კოალიციის წევრებს გულისხმობდით?
- რაც საკრებულოში მოხდა, ეს ამ ბანდიტების და ბანდის მართულია. მე მაგათ ბანდას ვეძახი. სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი, "ქართული ოცნების" კოალიციის წევრები არიან, თუმცა ასეთი საქციელი არც კოალიციის წევრებს ეპატიება და არც ქვეყნის მოღალატე სააკაშვილის მთავრობას. იმ მომენტში ეს ჩაიდინა იმ ბანდამ, რომელი ბანდაც შემოვიდა საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც ხელისშეშლის უფლება არ ჰქონდა..

- რომელი პარტიის წევრები არიან?
- მაგათი დასახელებაც არ მინდა. ჩვენს კოალიციაში შემავალი წევრები არიან.

- "რესპუბლიკელები" არიან ?
- შესანიშნავად გცოდნიათ, ასეთია ჩემი პასუხი.

- რა ხდება, ბატონო ოლეგ, თქვენ ხომ არაფრის გეშინიათ, უფრო დეტალურად რატომ არ საუბრობთ?
- აღარ მინდა, ეგენი ვახსენო, მე კავშირი მაქვს გაწყვეტილი ჟურნალისტებთან, უბრალოდ, გოგო ხართ და უარი ვეღარ გითხარით..

- თქვენ, ამას წინათ, ისიც თქვით, ლადო ვარძელაშვილს სადაც ვნახავ, ადგილზე გავუსწორდებიო...
- მოდი, რა, რა საკითხზეც ვლაპარაკობდით, იმაზე ვილაპარაკოთ. არარაობებზე ნუ მელაპარაკებით. მაგას თავის უბედურება ეყოფა. ეს თემა გადავდოთ. სათქმელი მე ვთქვი, დაელოდეთ მოვლენებს.

- ბატონო ოლეგ, მითხარით, პრემიერ-მინისტრს შევხვდები მალეო და თუ გექნებათ კასპის მოვლენების ირგვლივ ბატონ ივანიშვილთან საუბარი?
- რა თქმა უნდა, აუცილებლად შევხვდები ბიძინა ივანიშვილს. კასპში გაგრძელდება ის, რაც დამავალა ქვეყნის ხელისუფლებამ, რა პროცესებიც დავსახეთ წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად. ასეთი თავზეხელაღებულების ბრბო მუდმივად ეყოლება ნებისმიერ ხელისუფლებას. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ იქ მე მებრძვის 30-40 კაცი, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მე წავედი და ჩემს მხარდამჭერებს დავუძახე, მერე რა უნდა ქნან, ასე უნდა გაგრძელდეს? ოლეგ იაძის მხარდასაჭერი 10 000-კაციანი მიტინგის მოწყობა შემიძლია, რაც კასპს არ ახსოვს. ნებისმიერ დღეს კასპში 10 000-კაციან მიტინგს გამოვიყვან ჩემს მხარდასაჭერად..

- რომ მოგხსნან?
- ეს გამორიცხულია. ხელისუფლებას აზრად არ აქვს ამის გაკეთება, რამეთუ შესანიშნავად იცის, რა ხდება კასპში, რას ვაკეთებთ...

- ვინ დაგნიშნათ პოსტზე. კონტაქტი მაღალ სახელისუფლებო წრეებთან ვისთან გაქვთ?
- არავისთან არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ ხომ ხედავენ, რა ტიპის ქალებიც მებრძვიან და რა უნდათ?! მე არავის დავუნიშნივარ. ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, კოალიციამ წარმადგინა გამგებლის პოსტზე. საკრებულომ, რომელიც 27 წევრისგან შედგება, მას ჯერ უნდა გადაეყენებინა ძველი გამგებელი და შემდეგ დავენიშნე მე. ძველი გამგებელი გადააყენეს ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე. იქ, ფაქტობრივად, 90 პროცენტი ნაციონალური მოძრაობა იყო, მაგრამ იქ იყვნენ ჩემი ყოფილი სპორტსმენები, ჩემი ნათესავებიც, ამ დეპუტატებმა მოუწყვეს იმპიჩმენტი ძველ გამგებელს და დამნიშნეს მე. სამწუხაროდ, შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, რომ ჩემი არჩევის სხდომას არ ესწრებოდა კოალიციის ერთ-ერთი ფრაქცია. არც გამგებლის იმპიჩმენტს და არც ჩემს არჩევას არ დასწრებიან "რესპუბლიკელები". შეგიძლიათ, გაიკითხოთ. შეიძლება, ჩემთვის ხმა არ მოეცათ, მაგრამ ძველი გამგებლის იმპიჩმენტს ხომ უნდა დასწრებოდნენ?! ამის მერე, კიდევ ესენი მადანაშაულებენ "ნაციონალების" ლობირებაში და "ნაციონალი" ხარო? რაზე ველაპარაკო მაგათ, საერთოდ?

- ბატონო ოლეგ, მანდ თუ "რესპუბლიკელები" გებრძვიან, ახლა ხიდაშელმა, უსუფაშვილმა და ბერძენიშვილებმა რომ მოითხოვონ ოლეგ იაძის წასვლა?
- არასერიოზული მოთხოვნაა და მაგ დონის პოლიტიკოსები ხომ არ არიან, ეგ მოითხოვონ? რადგან ჩემი გადაყენება შეუძლია მხოლოდ 27-კაციან საკრებულოს, რაც გამორიცხულია.

- ივანიშვილმა რომ მოითხოვოს, კასპში დაძაბულობის განმუხტვისთვის ასე სჯობიაო?
- ბატონ ბიძინას მე პრობლემას არ შევუქმნი. რას მელაპარაკებით?! არც პრემიერი მოითხოვს ასეთ რამეს. ის კი არა, მე რომ მომინდა ახლა ბატონ ბიძინას შევხვდე, ეგეც კი მერიდება. არ მინდა, ჩემს პრობლემებზე ვესაუბრო, ისედაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში.

- ივანიშვილს ვისი დახმარებით უნდა შეხვდეთ?
- რა ვიცი, ჯერ ერთი, გამგებელი ვარ. გნებავთ, პარლამენტიდან, გნებავთ - სხვა საშუალებით. ჩემს მაჟორიტარ დეპუტატს, დავით ონოფრიშვილს რა, არ შეუძლია, რომ შემახვედროს?!

- ბატონო ოლეგ, თქვენს წინამორბედს იმპიჩმენტი რომ მოუწყვეს, დარღვევები ჰქონდა?
- მე მოვითხოვე აუდიტი და რაიონში შემოსულია ფინანსური პოლიცია და ისინი იკვლევენ. მე, აბა, რა გითხრათ? მე კაცი ვარ და ვერც იმას ვიტყვი და ვერც - ამას ფაქტების გარეშე. იმას ვიტყვი, რომ ჩემი წინამორბედი, კახა ხაჩირაშვილი ისევე, როგორც ბევრი "ნაციონალებიდან", ჩემი აზრით, მსხვერპლი იყო. კასპის საკრებულოს თავმჯდომარეც მსხვერპლია ამ მავნებლური მოძრაობის. იმხელა მსხვერპლია, რომ დღესაც კი სწამს და საფლავში მისდევს "ნაცმოძრაობას". მე ვამტყუნებ, რომ პირადულში კარიერას იფუჭებს, თუმცა ქართველობაში იმის გარდა, რაც პოლიტიკაა, არსებობს კაცობაც და შეიძლება, კაცობაში გავამართლო კიდეც, მაგრამ კარიერას იფუჭებს.

- ბატონო ოლეგ, ახლა ძალიან აქტუალური საკითხია და საქართველოს პრეზიდენტად ვისი კანდიდატურა მოგწონთ?
- საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი 8 წელი, ორივე ვადით. 8 წელი ივანიშვილი რომ იქნება პრეზიდენტი და ხალხი კარგად იქნება, იმ 8 წლის მერე, ვერც ერთი, სააკაშვილისნაირი ვეღარ მოერევა. ერთადერთი ადამიანი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მას სულითა და გულით უნდა ქვეყნის ბედნიერება. ერთადერთი, ვისაც ეცოდება ქართველი ხალხი, ესაა ბიძინა ივანიშვილი.

- გაირკვა, რომ ირაკლი ალასანიასაც ნდომებია პრეზიდენტობა..
- მინდაო. მერე რა არის ამაში ცუდი? მე ის ჯარისკაცი შემირცხვენია, ვინც გენერლობაზე არა ფიქრობდეს. პრეზიდენტობა მარტო ალასანიას კი არა, ბევრ სხვასაც უნდა... ივანიშვილთან, რა თქმა უნდა, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.

- თქვენი აზრით, კოალიცია "ქართული ოცნება" დიდხანს შეინარჩუნებს ერთიანობას?
- კოალიცია კარგია, რომ შენარჩუნებული იყოს, მაგრამ ისიც კარგია, რომ ყველა პარტიამ თავისი ძალა დაანახოს ხალხს, ვინ რას წარმოადგენს. ამ კოალიციის შიგნით თავი რომ მოაქვთ, მათ შევახსენებ, კოალიციაში შემავალი ნებისმიერი პარტია, ბატონი ბიძინას გარეშე, ვერაფერს იზამს, ამას ვამბობ ხმამაღლა!