პოლიტიკურ ველზე რთული მდგომარეობაა – ოპოზიცია ისევ რევანშისთვის ემზადება

პოლიტიკურ ველზე რთული მდგომარეობაა – ოპოზიცია ისევ რევანშისთვის ემზადება

ცესკოს მონაცემებით, ერთპროცენტიანი სიმბოლური ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და ამომრჩეველთა მხარდაჭერა პროცენტებში ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3,79%; „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ლელოს“ თანაბარი პროცენტები ერგოთ - 3, 15%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,14%; „გირჩს“ - 2,89%; „მოქალაქეები“ - 1,33% და „ლეიბორისტული“ პარტია - 1%.

პირველი და მეორე ტურის შედეგების თანახმად, ცესკოს მონაცემების მიხედვით, 30–ვე ოლქში მაჟორიტარული მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. არჩევნების ოფიციალური შედეგებისა და კანონმდებლობის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 90 მანდატი აქვს – აქედან 30 მაჟორიტარული, 60 პროპორციული. 90 მანდატი არის ზედა ზღვარი და საარჩევნო კანონის მიხედვით, ამაზე მეტი ადგილის მიღება არც ერთ პარტიას შეუძლია.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მანდატები ასე გადანაწილდა – „ნაციონალური მოძრაობა“ 36 დეპუტატი; „ევროპულ საქართველო“ – 5; „ლელო; „სტრატეგია აღმაშენებელი; „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“– 4–4 მანდატი; „მოქალაქეები“ – 2 მანდატი; „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი. ასეთი იქნება საკანონმდებლო ორგანო, თუკი ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმდება.

ამ დროისთვის ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არალეგიტიმურად მიიჩნევენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ცესკოს განახლებული ადმინისტრაციით, ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცდილობენ აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩები. დიპლომატი შუამავლებით ოპოზიცია და უმრავლესობა ორჯერ შეიკრიბა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის“.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას - დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.

დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია, რომ საბოლოოდ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება.

„იმედი მაქვს, რომ მივალთ მომენტამდე, როდესაც ამ დისკუსიებში წინსვლას მივაღწევთ. აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, სადაც საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება. ეს უნდა იყოს მიზანი და ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამას სჭირდება ლიდერობის უნარი და პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა მხარემ უნდა აიღოს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს კახა კალაძეს იმედი აქვს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. კალაძის თქმით, საზოგადოებამ პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რადგან მათ იმუშაონ პარლამენტიდან.

„მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების არანირი საფუძველი არ არსებობს.

საზოგადოებამ პოლიტიკურ გუნდებს, პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რადგან მათ იმუშაონ პარლამენტიდან, შესაბამისად, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა არიან კონკრეტული ადამიანები, მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მრავალფეროვანი პარლამენტი შემდგარიყო. მისი თქმით, პრაქტიკულად, უპრეცედენტო შედეგიც მიიღეს, როდესაც ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა პარლამენტში.

„პრაქტიკულად უპრეცედენტო შედეგებიც მივიღეთ – 9 სუბიექტი პარლამენტში. რასაკვირველია, პარლამენტია ის ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიმსჯელოთ და ერთად გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც მსოფლიოს ემუქრება, შევინარჩუნოთ ის სტაბილურობა, რაც გაგვაჩნია. არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც სტაბილიზაციის არავითარი ინტერესი არ აქვთ, პირიქით, ცდილობენ, დესტრუქციული ქმედებებით როგორმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეხება მოლაპარაკების მესამე რაუნდს, ვოლსკი იმედოვნებს, რომ ის შედეგიანი იქნება.

„მონდომება და სურვილი, რომ შედეგი გამოიღოს, არის. პოლიტიკურ ველზე რთული მდგომარეობაა, მაგრამ ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ეძახიან პოლიტიკურ კრიზისს, ამას ჰქვია ხელოვნურად შექმნილი კრიზისი პოლიტიკურ ველზე, რაც არ უკავშირდება იმ რესურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს.

ოპოზიცია რასაც საუბრობს, ეს არ არის რეალობასთან კავშირში და ლოგიკური საფუძველი მათ განცხადებებს არ გააჩნია. თუნდაც საგანაგებო საკითხების განხილვა, პარლამენტის ბოიკოტირება ნიშნავს, რომ არჩევნები არ აინტერესებთ. რიგგარეშეც რომ დაინიშნოს, არც ის აინტერესებთ. ჯერჯერობით სურათი ასეთია, ვიმედოვნებ, ხვალ ეს სურათი შეიცვლება“, – აცხადებს გია ვოლსკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა – ეს არის ახალი არჩევნები. მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ ამ დრომდე არ ყოფილი არავითარი შემხვედრი წინადადება.

„შესაბამისად, სხვა კომპრომისული სივრცე ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენს უკან არიან საქართველოს მოქალაქეები. ძალიან მნიშვნელოვანია, გესმოდეს, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ კრიზისზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში, ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს. ამიტომ, ჩვენ მათ გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისიდან გამოსავალს. ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით საპარლამენტო ქვეყნებში არის კრიზისიდან გამოსვლის ერთ–ერთი საშუალება. ველოდებით ახლა შემხვედრ წინადადებებს. არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“ აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, დიალოგის ფარგლებში მთავრობამ უნდა დადოს გონივრული კომპრომისი, როგორ და როდის ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. კანედელაკი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს საზოგადოების უმრავლესობასთან კომპრომისზე წასვლა.

„იმდენად მასშტაბური იყო გაყალბება და კრიმინალი, რომ ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაა, არ მივცეთ ლეგიტიმაცია ამ ფარსს და აქედან გამომდინარე მეორე ტურებს, არც პარლამენტს ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ახალგაზრდებს, ვისაც არ ახსოვს, საბჭოთა კავშირში არჩევნები იყო სწორედ ასეთი, როცა იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, კომუნისტური პარტია და სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ კომუნისტური პარტიის „მოღვაწე“ „ქართულ ოცნებაშია“ დღეს. დიალოგი პარლამენტის შიგნით აწარმოონ საკუთარ თავთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ვერ მისცემს ლეგიტიმაციას 31 ოქტომბერს მომხდარ კრიმინალს, ოპოზიცია მზად არის, იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, რომ საზოგადოების ნების გამომხატველი არჩევნები ჩატარდეს ახლო მომავალში. შერბილებული ტონი „ქართული ოცნების“ პერსონაჟების მხრიდან სწორედ იმაზე მიანიშნებს, რამხელა ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა და მათ ესმით, რა დღეში ჩაყარა ივანიშვილის ამ ახირებამ. მათ უნდათ თუ არა, აუცილებლად მოუწევთ საზოგადოების უმრავლესობასთან კომპრომისზე წასვლა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პოლოტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსნებს, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვს კიდევ უფრო ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ ქუჩაში დარჩენილმა პარტიებმა პოლიტიკურ პროცესებზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინეს, მოგვიანებით თითოეული ამ პარტიის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს მაშინდელი მანდატების დაჭრა. მისი თქმით, პოლიტიკას უნდა პოლიტიკური სარბიელი, ფეხბურთში ვერ მოიგებ თუ არ ითამაშე მინდორზე, ამიტომ პოლიტიკურ არენაზე უნდა შეხვდნენ პარტიები ერთმანეთს, უნდა გამოიწრთონ.

„ყველაზე მეტად პატარა პარტიების ბედი მენანება, რადგან არის შანსი იმისა, რომ პატარა პარტიებიდან ახალი პოლიტიკური სპექტრი წარმოიქმნას, გაძლიერდეს. თუ ქუჩაში დარჩებიან, იმათგანაც არაფერი გამოვა. ამიტომ ქუჩაში დარჩენა და ამ ფორმით ბოიკოტის გაგრძელება, ფაქტობრივად, ჩაკვლაა ამ პროცესისა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის რესურსს ვხედავ, მაგრამ ამას კონსენსუსი დაერქმევა თუ არა, არ ვიცი. თავის დროზე ხელისუფლებამ გვიჩვენა, ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალების საკითხი რომ დადგა. საკითხი დადგა ძირითადად უცხოელი პარტნიორების დაჟინებული მოთხოვნით. ოპოზიციას შეუძლია იგივე ფორმულა გაიმეოროს, რომ არ მიაჩნიათ არჩევნები სამართლიანად, იბრძოლებენ ბოლომდე ამ უსამართლობის გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის, ოღონდ უცხოელი პარტნიორების ანგარიშის გაწევის გამო უნდა შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ საპარლამენტო ცხოვრება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

mamago გამოქანებულები!
3 წლის უკან