"ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ჩემი სიმართლე არ დაიკარგებოდა. ვმსახურობდი მე-4 ბრიგადაში, ვაზიანში, ვმონაწილეობდი ცხინვალის ომში. 2009 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12 საათზე დამიჭირეს მუხროვანიდან 7-8 კილომეტრში. ჩვეულებრივად სამოქალაქო ფორმაში ვიყავი, იმიტომ რომ მე-4 ბრიგადის სატანკო ნაწილში ვმსახურობდი და მინდოდა, მუხროვანის სატანკო ნაწილში გადავსულიყავი, რადგან იყო ლაპარაკი, რომ ჩვენი ნაწილი შეიძლებოდა ან ახალციხეში, ან თეთრი წყაროში გადაეყვანათ. ოთხნი ვიყავით. ამ ოთხი კაციდან მხოლოდ ერთს ვიცნობდი, დანარჩენს არა და ასე ერთმანეთის უცნობები როგორ ვაპირებდით ამბოხებასა და გადატრიალებას, თქვენ თვითონ განსაჯეთ. სპეცრაზმმა დაგვაკავა, მაგრამ რომელი სპეცრაზმი იყო, არ ვიცი. არაფერი არ განუმარტავთ, ჩაგვიყვანეს ბაზაზე", - აცხადებს მე-4 ბრიგადის უფროსი სერჟანტი ვაჟა ხუცურაული გაზეთ "ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მიმიყვანეს ხრამის პირას და მიბრძანეს - მუხლებზე დადექი, ბიჭო, და "მამაო ჩვენო" თქვი, უნდა დაგხვრიტოთო…".
"მოგეხსენებათ, დაწყებული იყო აპრილის ცნობილი აქციები, სააკაშვილი ვერსად ვერ ჩნდებოდა და ამ ყველაფრის გადასაფარად და საზოგადოების ყურადღების გადასატანად დადგეს სპექტაკლი ვითომდა მზადდებოდა ამბოხება! ერთი კი იყო, 26 მაისი ახლოვდებოდა და სააკაშვილს უნდოდა აღლუმის ჩატარება, რაზეც ბიჭები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. აღლუმი უნდა გადაიხადოს გამარჯვებულმა ქვეყანამ, ჩვენ კი 2008 წლის აგვისტოს ომში ამდენი ბიჭები დაგვეხოცა, ამდენი ტერიტორიები დავკარგეთ და რა გვეაღლუმებოდა?! აი, ეს განწყობა, რასაც ჯარისკაცები ერთმანეთში არ მალავდნენ, ამათთვის ცნობილი იყო; სწორე დეს დაიხვიეს ხელზე და დადგეს სპექტაკლი, ვითომდა მზადდებოდა სამხედრო გადატრიალება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ხუცურაული.
"მუხროვანის ბაზაზე რომ ჩაგვიყვანეს, მაშინ დაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი. დაგვიწყეს უმოწყალოდ ცემა. პირადად მე მცემდა თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ბაჩო ახალაია. ბაჩო ახალაია ბღაოდა - ესენი აქ ცოცხლები რატომ მომიყვანეთ, ცოცხლები აქ ესენი ვის სჭირდებოდაო! ყოველი მხრიდან გვირტყამდნენ და უკვე გარჩევა ჭირდა, ვინ გვცემდა. ხელები შეკრული გვქონდა, მე და ცხონებული თოფურიძე პლასტმასის თასმით გადაგვაბეს ერთმანეთს ხელებით. გვირტყამდნენ ავტომატის კონდახებს, "ბათინკების" ქუსლებს, წიხლებს. უშუალოდ ნაწილის ტერიტორიაზე ვიყავით, ტუალეტების მხარეს, სადაც დიდი ხრამია. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ გვცემდნენ. ჩვენი ცემით რომ დაიღალნენ, მანქანები ჰყავდათ ნაწილის ტერიტორიაზე შემოყვანილი და ჩაგვსვეს მანქანებში. არ ვიცი, ვისი ბრძანება იყო, რა იყო, გადმოგვიყვანეს მანქანებიდან და მიგვიყვანეს ხრამის პირას. მიმიყვანეს ხრამის პირას და მიბრძანეს - მუხლებზე დადექი, ბიჭო, და "მამაო ჩვენო" თქვი, უნდა დაგხვრიტოთო! გადატენეს ავტომატი, კეფაზე დამადეს და ცარიელზე დააჩხაკუნეს. ყველანი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რათა ბაჩო ახალაიასთვის თავი მოეწონებინათ, ვინ უფრო მაგრად და დაუნდობლად გაგვისწორდებოდა და გვცემდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გვეუბნებოდნენ აღიარეთ, რომ ამბოხებას აწყობდითო. აი, ეს ლაპარაკები უკვე მოდულის შენობაში დაიწყო. გამომძიებლები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, აღიარეთ, თორემ არაფერი თქვენ არ გიშველით, ციხეში ამოლპებითო. დამითვალეს გამომძიებლებმა, 27 წელი მოგიწევს, ბოლომდე მოგახდევინებენ, მაგრამ, თუ აღიარებ, შეღავათი გექნებაო. ოთახში რომ შემიყვანეს, ვიღაცა იჯდა მაგიდასთან და მეუბნება, - ეს "რაცია" შენ გქონდა და მიდი, აბა, ნომერი მიკარნახეო. მივხვდი, რომ უნდოდა რაცია ხელში ამეღო, რათა მასზე ჩემი ანაბეჭდები დარჩენილიყო, რასაც მერე ექსპერტიზას ჩაუტარებდნენ და საქმეში ჩადებდნენ, როგორც ნივთმტკიცებას. "რაციაში" ვერ ვერკვევი-მეთქი! ირონიულად და ზიზღით შემომხედა, თვითონ ჩაწერა ციფრები, ჩადო და დალუქა ცელოფანში. ზეწოლით მომაწერინეს ხელი, თითქოს ეს "რაცია" ჩემგან ამოიღეს, არადა, რომ შემოგვიყვანეს მოდულში, მეტალოდეტექტორზე შეგვამოწმეს და ვერაფერი ვერ იპოვეს", - იხსენებს ვაჟა ხუცურაული.
"უამრავი ჯარისკაცი ჰყავდათ მოდულში მოყვანილი, იატაკზე ისხდნენ. ალბათ, მოწმეებად ჰყავდათ. ერთ-ერთ კაბინეტში რომ ვიყავი დაკითხვაზე, ტელევიზორი იყო ჩართული და საინფორმაციო პროგრამაში ჩვენს შესახებ აცხადებდნენ. მოდულში რომ შევყავდით, ის კადრები აჩვენეს და ჩემი თავი ვიცანი. მაშინ გავაცნობიერე, რა უბედურებასა და შარში ვიყავით გახვეულნი. 3 წელი და 8 თვე აბსოლუტურად არაფრის გულისთვის ვიჯექი გლდანის ციხეში. ამნისტიით გავთავისუფლდი 13 იანვარს, როგორც პოლიტიკური პატიმარი, თორემ ისე 12 წელი და 6 თვე მქონდა მისჯილი", - დასძენს რესპონდენტი.