"ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი იყო, არის და იქნება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში"

"გული მწყდება, რომ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე წარადგენს, ასეთი განცხადებებით სპეკულირებს. ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი იყო, არის და იქნება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ამავე დროს გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მჭიდრო, მეგობრული და სასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. არავინ აპირებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაიმე შედეგების მიღწევას. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ლიდერს არ განუსაზღვრავს, ის ქართველმა ხალხმა განსაზღვრა. საქართველოს მოსახლეობამ პლებისციტზე გამოხატა სურვილი, რომ საქართველო გამხდარიყო ნატოს წევრი და ქვეყანას ევლო ევროკავშირისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის ნებას ვასრულებთ", - აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სიტყვა "დაისაჯა" პრემიერს არ უხსენებია".

"ბატონი ბიძინას ყველა ქმედება ცხადყოფს, რომ ძველი მენტალიტეტით შებოჭილი არანაირად არ არის. მას კარგად აქვს წარმოდგენილი, როგორ უნდა დაალაგოს მეზობლებთან ურთიერთობა ისე, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სვლა ევროპისა და ნატოსკენ. სააკაშვილის ეს განცხადებები წარმავალი, არჩევნებში დამარცხებული ძალის ლიდერის პოზიციაა და სამწუხაროა, რომ მას საერთაშორისო ფორუმებზე ახმაურებს. პრეზიდენტის ეს შეფასებები მცდარია, საფრთხე კი გაბუქებული. არ ვარ ასე ძლიერი ფსიქოანალიტიკოსი, რომ პრეზიდენტის მოქმედების მოტივაცია განვსაზღვრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან და მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ შეუქცევადი პროცესია. მაქვს პატივი, ვიმუშაო იმ კაბინეტში, რომელსაც პრემიერი ივანიშვილი ხელმძღვანელობს და არავითარი საფუძველი არა მაქვს, ოდნავი ეჭვი შევიტანო იმაში, რაც მან განაცხადა საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრისას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილი.

"პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი საგარეო ვექტორებია ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება აშშ-თან. აქვე დასძინა, რომ საჭიროა ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებთანაც. შესაძლოა, ვიღაც ჩასაფრებული უსმენდა პრემიერის განცხადებას და ამიტომ "არ მოეწონა" სომხეთის დასახელება მაგალითად. საქართველოს საგარეო კურსი "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც მკაფიოდ განსაზღვრა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ მსოფლიოსა და საქართველოს მოსახლეობისთვის დაემტკიცებინათ, რომ ჩვენ ვართ პრორუსული, კრემლის ხელდასხმული ძალა, რომელიც საქართველოში მოდიოდა უკუნეთის დასამყარებლად და ქვეყნის უკან დასახევად. კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობაც და საგარეო პოლიტიკური ვექტორების მნიშვნელობაც. მალე კონკრეტულ შედეგს დაინახავს მოსახლეობა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ვაშაკიძე გამოცდილი დიპლომატია და გამიკვირდა მისი შეფასებები. შეიძლება მას კონკრეტულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა პრემიერთან, მაგრამ გაუგებარია ამის საფუძველზე თქმა, ქვეყნის საგარეო ვექტორი იცვლება და თანამდებობიდან მივდივარო. სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, მზად ვარ, წინა პირობების გარეშე დავიწყო რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგიო, მაგრამ ეს რესურსი ამოწურული ჰქონდა. რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა და რიტორიკის შეცვლა ძალიან მოსწონთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს. არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მარტივი იქნება... ჩვენი კურსი უცვლელია, მაგრამ მეზობლებთან, პირველ ყოვლისა კი რუსეთთან, ურთიერთობა დასალაგებელია. თუმცა არ არსებობს მზა ფორმულა, როგორ შეიძლება ნატოს კარი ჩვენთვის გაიღოს და რუსეთთანაც აღდგეს ურთიერთობა. ანტირუსული რიტორიკა ხელს ვერ შეუწყობს ამ პროცესს და ჩვენს სვლას ნატოსკენ. არ ვაპირებთ ენის მოჩლექას და ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაიმე შედეგების მიღწევას, მაგრამ კომუნიკაციისას საქმიანი საუბარია საჭირო. არ გვინდა საქართველო მუდმივად იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გარდაიქმნას არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის ქვეყნად, რომ ყველას ინტერესში შედიოდეს ძლიერი, სტაბილური, უსაფრთხო, განვითარებული და ერთიანი საქართველო", - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.

"როგორ შეიძლება ითქვას, რადგან ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტი ჩამოართვეს, კურსი რუსეთისკენ იხრებაო, მაშინ როდესაც ირაკლი რჩება თავდაცვის მინისტრად და გააგრძელებს შეიარაღებული ძალების რეფორმირებას, რაც უფრო მიაახლოებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან. სიტყვა "დაისაჯა" პრემიერს არ უხსენებია, მაგრამ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ირაკლიმ სრული ფოკუსირება მოახდინოს შეიარაღებული ძალების რეფორმირებაზე. ჩვენს გეგმებზე მართლაც გვქონდა საუბარი. განვიხილეთ, როგორი იქნება ჩვენი განვითარების პერსპექტივები კოალიციაში. მერე ვიღაცამ ამას რაღაც დაამატა, შეალამაზა, ვიღაცამაც ხელი შეუწყო ამ ამბის იმ ფორმით შეფუთვას, რომ თითქოს ირაკლიმ საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო და ააგორეს ხმები... სანამ ამ თანამდებობას დავიკავებდი, "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური მდივანი ვიყავი. დიდი ხანია ვმეგობრობ ირაკლისთან, რომელიც წესების კაცია. მას არაერთხელ უთქვამს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე გადაწყვეტილებას მიიღებენ კოალიციაში მსჯელობის შედეგად. ჩვენ მარტო ამ საკითხს კი არა, "თავისუფალი დემოკრატების", როგორც პარტიის განვითარების საკითხს განვიხილავდით, რაც სხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული. "თავისუფალ დემოკრატებს" 10 წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში. ჩვენ წარმოდგენილი ვართ მინისტრთა კაბინეტში და ვმუშაობთ კოალიციის ყველა სუბიექტთან ერთად. მთავრობას ამ შემადგენლობით და ივანიშვილის ხელმძღვანელობით არაერთი წარმატება ექნება", - დასძენს რესპონდენტი.