ვლადიმერ პუტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გენერლებს სამხედრო სამსახურში აბრუნებს

ვლადიმერ პუტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გენერლებს სამხედრო სამსახურში აბრუნებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გენერლებს სამხედრო სამსახურში აბრუნებს.

ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, "Независимая газета" ავრცელებს.

"პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უახლოეს პერიოდში, შესაბამისი ბრძანებებით, სამხედრო სამსახურში დააბრუნებს ომის გამოცდილების მქონე სამხედრო მეთაურებს, რომლებიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის მიერ გათავისუფლდნენ. პირველ რიგში, საუბარია რუსეთის არმიის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალზე, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი მაკაროვსა და 58-ე არმიის ექს-მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ანატოლი ხრულევზე. სწორედ ეს გენერლები ხელმძღვანელობდნენ 2008 წელს სამხედრო მოქმედებებს სამხრეთ ოსეთში. 5-დღიანი ომის შემდეგ, გენერალური შტაბის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკოლაი მაკაროვმა ისინი შეცდომებისა და დიდი დანაკარგის გამო გააკრიტიკა. გენერლები დაადანაშაულეს არასწორ ხელმძღვანელობაში, ჯარის სუსტ მომზადებაში, ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის დიდ დანაკარგში, რაც სავარაუდოდ, უკვე 2010 წლის ზაფხულში მათი ვადამდელი გათავისუფლების მიზეზი გახდა. ამასთან, როგორც გაზეთის წყარო იტყობინება, შესაძლოა, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი მაკაროვის გათავისულების მიზეზი არა იმდენად მის მიერ დაშვებული შეცდომები გახდა, რამდენადაც პოლიტიკური მოტივი. არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 8 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ჯარი ცხინვალს დაესხა თავს, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მაშინდელმა ხელმძღვანელმა სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. გენერალმა დამალა შესაბამისი პაკეტი, მაგრამ არ მიუღია მოსკოვიდან დადასტურება ქართული არმიის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. ვლადიკავკაზში, 58-ე არმიის სამეთაურო პუნქტში ყოფნის დროს, სერგეი მაკაროვმა საქართველოს მიერ ომის გამოცხადებითანავე თავის მოგვარეს, გენშტაბის უფროს ნიკოლაი მაკაროვს მიმართა კითხვით: "რა ვქნათ?". მან თავდაცვის მინისტრთან დაკავშირება შესთავაზა, მაგრამ სერდიუკოვის ტელეფონი დუმდა. დაყოვნება არ შეიძლებოდა – ხალხი იღუპებოდა და სერგეი მაკაროვმა გასცა ბრძანება სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარის შეყვანის შესახებ. შემდეგ სერგეი მაკაროვმა ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში (!) ვერ მოახერხა ანატოლი სერდიუკოვთან ტელეფონით დაკავშირება და ვერ დაურეკა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, როგორც ცნობილია, პეკინში, ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. "ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ რუსეთის ჯარი სხვა ქვეყანაში სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შესაბამისი სანქციის გარეშე შევიდა", - აცხადებს "Независимая газета"-ს თანამოსაუბრე და კითხულობს - "იქნებ კრემლში სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაწყვეტის სხვა გეგმა ჰქონდათ?". მაგრამ ჯარები შევიდნენ და უკანდასახევი გზა უკვე აღარ იყო. არის ვერსია, რომ სერგეი მაკაროვის ასეთმა გადაწყვეტილებამ შეაშინა არამხოლოდ სერდიუკოვი. მაგრამ დრო იცვლება. როგორც ირკვევა, რუსეთის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის ინიციატივით, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი მაკაროვი სამხედრო სამსახურში აღადგინეს და გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიას უხელმძღვანელებს. შესაბამისი თანამდებობა იძებნება, ასევე, ანატოლი ხრულევისთვის. სამხედრო აკადემიის ახლანდელი ხელმძღვანელი ანდრეი ტრეტიაკი კი სამხედრო განათლების განყოფილების უფროსად დაინიშნება. ასეთი საკადრო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შემთხვევითი არაა. გარდა ამისა, სამხედრო უწყებაში სერგეი შოიგუს მოსვლის შემდეგ ყველა სამხედრო აკადემია, 8-თვიანი სწავლების ნაცვლად 2-წლიანზეა გადასული, რაც სამხედრო კადრების მომზადების ძველი სისტემის დაბრუნებაზე მიუთითებს", - ნათქვამია "Независимая газета"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ამასთან, გამოცემა ზემოაღნიშნულის მიზეზებთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტ ვლადიმერ პოპოვს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სამხედრო უწყებაში ბოლოდროინდელი რეფორმის შედეგების გამოსწორება ხდება.

"ახლა ძირითადი აქცენტი მომავალი ოფიცრების მომზადებაში კეთდება რეალური ომისა და კონფლიქტის სამხედრო გამოცდილების გაზიარებაზე. ეს რეალური გამოცდილება მომავალ თაობებს უნდა გადასცენ გენერლებმა და ოფიცრებმა, რომლებიც მასში მონაწილეობდენ. ეს არის თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხედვა, რისი რეალიზებაც ხდება", - აცხადებს პოპოვი, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის გაუმართლებელი გადაწყვეტილებების გამო, სამხედრო სამსახურიდან ასობით, დიდი გამოცდილებსი მქონე ოფიცერი და გენერალი დაითხოვეს და ახლა ამ შეცდომის გამოსწორება ხდება.