საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი კრიტიკას რომ ვერ უძლებს, მისდამი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულებაც ცხადყოფს. დღეს სამსახურიდან დათხოვნის ერთ შემთხვევაზე მოგითხრობთ, რომელშიც კარგად ჩანს სისტემური პრობლემების, ბიუროკრატიული მექანიზმის მთელი ჯაჭვი.
ინჟინერი ზაურ ოტიაშვილი ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს (რომლის სახელწოდება წლების განმავლობაში ხშირად იცვლებოდა) აპარატის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 2004 წელს კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ის დღემდე ცდილობს თავის უფლებების აღდგენას, მაგრამ...
- ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროდან 2004 წელს გამათავისუფლეს, რაც სასამართლოში გავასაჩივრე. სასამართლოს ყველა ინსტანციამ ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და ჩემი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო; ეკონომიკის სამინისტროს, როგორც ინფრასტრუქტურის და განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლეს, დაევალა ჩემი აღდგენა იმავე ან ანალოგიურ სამსახურში, აგრეთვე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; მას შემდეგ 9 წელი გავიდა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
- რა იყო თქვენი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი?
- სამინისტროს ლიკვიდაცია, თუმცა, სინამდვილეში ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ ჩემი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, 2007 წელს, მომწერეს, - თქვენი თანამდებობა გაუქმდაო, მანამდე კი ჩემს თანამდებობაზე მინისტრმა თამარ სულუხიამ თავისი მეგობრის შვილი დანიშნა. ამის შემდეგ, 2007 წლის დეკემბერში, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების წინა პერიოდში, იმხანად პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს მივმართე, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე: შეგვიძლია შემოგთავაზოთ ეკონომიკის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში სპეციალისტის თანამდებობაო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი სპეციალობა არ არის, უარი არ მითქვამს, თუმცა, არავის არსად დავუნიშნივარ. სასამართლოს განმეორებითი დავალების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს (წალენჯიხა) სპეციალისტის თანამდებობა შემომთავაზა, რაზეც განვაცხადე, რომ ეს შეთავაზება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამებოდა. ეკონომიკური განვითარების იმჟამინდელმა მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა კი 2010 წლის 23 თებერვალს უპრეცედენტო ბრძანება გამოსცა, სადაც შავით თეთრზე ეწერა: "ზაურ ოტიაშვილი არ დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს (წალენჯიხა) სპეციალისტის თანამდებობაზე მისივე უარის საფუძველზე"(!). აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ეს ბრძანება სათანადო რეაგირებად არ მიიჩნია და კვლავ მიუთითა სამინისტროს, ოტიაშვილი სამსახურში აღადგინეთო. სათანადო ზომების მიღების სანაცვლოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ახლა უკვე მინისტრმა ვერა ქობალიამ 2012 წლის 29 მარტს გამოსცა ბრძანება ჩემი "საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან 2007 წლის 22 ივნისიდან გათავისუფლების თაობაზე. ამ ბრძანებაში ერთდროულად რამდენიმე დარღვევაა, შეიძლება ითქვას, კურიოზი. როგორ შეიძლება ერთი სამინისტროს მინისტრმა სხვა სამინისტროს თანამშრომელი გაათავისუფლოს? ამასთანავე, ბრძანება 5 წლის დაგვიანებით, უკანა რიცხვით არის გამოცემული, გამოდის, 2012 წლის ბრძანებით თანამდებობიდან 2007 წლიდან გამათავისუფლეს! ამ ბრძანებაში ისიც არის ნათქვამი, ოტიაშვილს განაცდური ხელფასი 2007 წლის 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით მიეცესო, რადგან სწორედ ამის შემდეგ გაიზარდა სამინისტროში ხელფასები რამდენჯერმე. აი, ასეთი ხრიკებით ცდილობდნენ, თავიდან მოვეშორებინე და ვერც კუთვნილი თანხა მიმეღო.სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა?
- ასეა, რითაც კანონი დაირღვა. სააღსრულებლო სამსახურში ისიც მითხრეს, მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია და ჩვენ მას ვერ დავსჯით, შეგვიძლია მხოლოდ მივუთითოთო. არადა, კანონით სასამართლოს გადაწყვეტილება სამ თვეში უნდა აღსრულდეს.
- ახლა თუ მიმართეთ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა?
- ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამჯერ მივმართე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. 9 წელია სამართალს ვერ მივაღწიე, ვერც აღმასრულებელ, ვერც სასამართლო ხელისუფლებასა და ვერც ადმინისტრაციულ ორგანოებში. ვიმედოვნებ, ახლა მაინც აღსრულდება სამართალი და მოჯადოებულ წრეზე ტრიალი აღარ მომიწევს.