"იმის დრო არ არის, მინისტრებმა ახლა ისწავლონ წერა-კითხვა"

"დრო და მოვლენების განვითარება აჩვენებს, რა ხდება კოალიციაში"

"სააკაშვილს და მის გუნდს კიდევ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ"

"ბალანსის დარღვევამ ივანიშვილი თავად ჩააყენა რთულ მდგომარეობაში"

"არ მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გადაეყენებინა ვიცე-პრემიერი, მხოლოდ იმან განაპირობა, რომ ალასანია საკუთარ პარტიაში თავს განიხილავდა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს", - აცხადებს არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი:

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, როგორც ყველაზე სასურველ პარტნიორზე, ირაკლი ალასანიაზე გააკეთა აქცენტი. ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა კონტექსტში და ზოგჯერ მინიშნებითაც არაერთხელ უთქვამს, რომ ირაკლი ალასანია იქნებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი. კოალიციის სხვა ლიდერებიც ამბობდნენ, რომ მათ შორის უკვე გადანაწილებული იყო უმაღლესი თანამდებობები და კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, ხოლო ალასანია - საქართველოს პრეზიდენტი. ეს საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო და მას მერე, რაც კოალიციამ გაიმარჯვა, ვნახეთ, რომ საპარლამენტო ხელისუფლება, ძირითადად, რესპუბლიკელებმა (თავმჯდომარე და წამყვანი კომიტეტების ხელმძღვანელები რესპუბლიკელები არიან) ჩაიბარეს, საჯარო ხელისუფლებაში კი უმაღლესი თანამდებობები, ძირითადად, "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ქართული ოცნების" წევრებმა დაიკავეს. ამით კოალიციაში მეტ-ნაკლებად ბალანსი დაცული იყო და არ ვიცი, რა მოხდა შემდგომ. არა მგონია, "თავისუფალ დემოკრატებში" პრეზიდენტობის კანდიდატის განხილვა იმის საფუძველი ყოფილიყო, რომ ბიძინა ივანიშვილს მიენიშნებინა ალასანიასთვის, კოალიციაში ფავორიტი პოლიტიკოსის ადგილი დაკარგეო. ეს საკითხი უფრო ღრმად შესასწავლია.

- ალასანიას ამ ნაბიჯში გადაჭარბებული ამბიცია ხომ არ დაინახა ივანიშვილმა?
- აღმასრულებელ ხელისუფლებაში "თავისუფალ დემოკრატებს" მნიშვნელოვანი პოსტები უკავიათ და არ არის გამორიცხული, სადღაც რაღაც პრობლემა შეიქმნა ან ამ გუნდის წევრებმა ივანიშვილთან შეუთანხმებლად სცადეს პოზიციის გამაგრება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში თუ ძალოვან უწყებაში და შესაძლოა, ეს ვერ აპატია ბიძინა ივანიშვილმა. მხოლოდ ის, რომ ალასანიამ თავის გუნდში განაცხადა, პრეზიდენტობა მინდაო, არ იქნებოდა ივანიშვილის გადაწყვეტილების საფუძველი. თუ ამ ერთი განცხადების გამო დაატოვებინეს ალასანიას ვიცე-პრემიერის პორტფელი, მაშინ გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა პრემიერს რეაგირება რესპუბლიკელების დაუბალანსებელ განცხადებებზე. დრო და მოვლენების განვითარება აჩვენებს, რა ხდება სინამდვილეში კოალიციაში.
საქართველოს მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს მხოლოდ ის დატვირთვა აქვს, რომ ამით ხაზს უსვამენ მინისტრთა კაბინეტში პიროვნების წონას. ალასანია ივანიშვილის ფავორიტი პოლიტიკოსი და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლო კანდიდატი იყო და ამიტომაც ჰქონდა მას ვიცე-პრემიერის რანგი.

- ითქვა, რომ ალასანიამ პირველობისთვის წამოიწყო ბრძოლა და ამიტომაც დაისაჯა.
- კოალიციაში თავიდანვე გარკვეული იყო, ვინც არის იქ პირველი და არა მგონია, ვინმეს საჯაროდ გამოეხატა თავისი პოზიცია, პირველობა მინდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პირობებშიო. კოალიციის ლიდერები ხელისუფლებაში იმიტომ არიან, რომ ივანიშვილის კოალიციაში აღმოჩნდნენ, თორემ ვერც ერთი ეს პოლიტიკური ძალა ვერ გადალახავდა 5%-იან ბარიერს. ამიტომაც ივანიშვილისთვის საკუთარი პირველობის აშკარად დამტკიცებას ვერავინ გაბედავს, თუმცა, შესაძლებელია, იმ ბერკეტებით, რაც აქვთ (ან რის მოპოვებასაც ლამობენ), ცდილობდნენ თავის დამკვიდრებას სამომავლოდ, იმ შემთხვევისთვის, თუ ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან.

ჩანს, რომ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან თავის დამკვიდრებას განსაკუთრებით რესპუბლიკელები და "თავისუფალი დემოკრატები" ცდილობენ. რესპუბლიკელებს თვითმმართველობებში დამკვიდრება სურთ, ალასანია კი საჯარო სექტორსა და ძალოვან უწყებებში იმკვიდრებდა თავს იქ თანაპარტიელების დანიშვნით. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები მრავლად არიან შს სამინისტროში, რაიონული პოლიციის უფროსებიც მისი გუნდის ხალხია. შესაძლებელია, ამ ეტაპზე ივანიშვილმა ამბიცია მოუთოკა ალასანიას.

- და გააძლიერა რესპუბლიკელები? გამორიცხავთ შიდა ინტრიგებს. ვინმემ მიზანმიმართულად ხომ არ იზრუნა, რომ ეს მომხდარიყო?
- კოალიციაში რეალურად ეს ორი ძალა იყო კონკურენტი. რასაკვირველია, ინტრიგებიც იქნებოდა და ბიძინა ივანიშვილამდე ინფორმაციის დამახინჯებულად მიტანაც. Aამ ეტაპზე ალასანიას თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ირიბად რესპუბლიკელების გამაგრებას ნიშნავს.
ალასანია და რესპუბლიკელები კოალიციაში ერთმანეთს აბალანსებდნენ, ახლა კი, როდესაც ასე პირდაპირ, დემონსტრაციულად ივანიშვილმა ალასანია ჩააჩოჩა, რესპუბლიკელებს დარჩათ კარტ-ბლანში მაშინ, როდესაც "ნაციონალები" ცდილობენ შექმნან ფონი, თითქოსდა ივანიშვილის მთავრობა ცვლის კურსს. რესპუბლიკელებმა სერიოზულად გაიძლიერეს პოზიციები, მე მაინც ვფიქრობ, რომ ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია. ისე, არ იქნება ცუდი, თუ ივანიშვილი საკუთარი პარტიის გაძლიერებასა და პარტიაში ავტორიტეტული და გაუსვრელი სახეების მიყვანაზე იზრუნებს, რომ საბოლოოდ ვიღაცის ტყვეობაში არ ჩავარდეს.
Aალასანიასთვის ვიცე-პრემიერის რანგის ჩამორთმევისთანავე "ნაციონალებმა" დასავლეთს აცნობეს, ივანიშვილმა პროდასავლელი ლიდერი დააქვეითაო. კოალიციაში პროდასავლური ძალა რესპუბლიკური პარტიაა.

ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი რთულ ვითარებაშია. ის სამართლიანადაც რომ შეეწინააღმდეგოს რომელიმე საკითხში რესპუბლიკელებს, დადგება საფრთხის წინაშე, რომ ვიღაცებს გაუმყარდეს აზრი, ორიენტაციას მართლაც იცვლისო. კოალიციაში ბალანსის დარღვევამ ივანიშვილი თავად ჩააყენა რთულ მდგომარეობაში და ეს მაშინ, როდესაც მისთვის პრორუსის იარლიყის მიკერებას ცდილობენ.

სასაცილოა, როდესაც "ნაციონალები" ამბობენ, ივანიშვილმა ჩვენი კურსიდან გადაუხვიაო, რადგან კიდევ გასარკვევია, რა კურსი ჰქონდათ თავად. ეს პიარი სააკაშვილს კარგად გამოსდის და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მთავრობა ვერ უწევს სათანადო ოპონირებას.

9 წლის განმავლობაში სასამართლო სასამართლოს არ ჰგავდა, "პაჩკა-პაჩკა" იჭერდნენ შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს, ფინანსური პოლიცია წილების გადანაწილებითა და ფულის შეწერით იყო დაკავებული და ამ ფონზე სააკაშვილმა სხვადასხვა ფოკუს-მოკუსით დასავლეთში დემოკრატის იმიჯი შეინარჩუნა.
როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ერთსაათიან გამოსვლას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მთავრობის უსაფუძვლო ლანძღვას ახმარს, ეს იმის მანიშნებელია, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში წაგების მერე ნაწყენია საქართველოზე და გაბუტული ბავშვივით დასავლეთის ტრიბუნას იყენებს ქვეყნის იმიჯის შესალახავად, პრინციპით, არც მე და არც თქვენო. სააკაშვილი დღემდე ვერ მიხვდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყო და არა "ნაცმოძრაობისა".

- შიდა ინტრიგებს ცოტა ხანი თავი დავანებოთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 90 დღე გავიდა და დროა, მთავრობა ანგარიშით წარდგეს. არსებობს ვარაუდები, რომ საკადრო ცვლილებები მოხდეს მთავრობაში.
- მართლაც ზოგიერთმა მინისტრმა ვერ გაამართლა. გასაგებია, რომ მათ გაუჭირდებოდათ მუშაობა "ნაცმოძრაობის" ოპონირების რეჟიმში. ზოგი მინისტრი სამ წინადადებას ამბობს, მერე 5-გვერდიანი განმარტება სჭირდება იმის ახსნას, მინისტრი რას გულისხმობდა. იმის დრო არ არის, მინისტრებმა ახლა ისწავლონ წერა-კითხვა. ბევრი მინისტრი ცდება საკადრო გადაწყვეტილებებში, არასწორად აწვდიან ინფორმაციას პრემიერს მნიშვნელოვანი ვიზიტების წინ. ეს უკვე საჭიროებს ცვლილებას, მაგრამ საინტერესოა, ამას როგორ უყურებს თავად მთავრობის თავმჯდომარე.
Aარასწორია "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური თანამდებობის პირების დანიშვნა ახალ მთავრობაში, ასევე, პოლიტიკურ თანამდებობებზე, თანაც მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობა" გადასულია დესტრუქციის რეჟიმში და ყველა ბერკეტით ცდილობს პრობლემა შეუქმნას ახალ მთავრობას.
ჩემი აზრით, არც პროკურატურამ გაამართლა ის მოლოდინი, რაც იყო. სამართლიანობის აღდგენის ფორმატი ძალიან გაჭიანურდა. ყველა ვხედავთ უკვე სასამართლოს დესტრუქციასაც და პროკურატურის მოუმზადებლობასაც. არ გახსნილა Aარც ერთი რეზონანსული საქმე, რომლის გახსნასაც ასე ელოდა საზოგადოება. სასამართლო პროცესებზე პროკურორები მოუმზადებლები გამოდიან და სასამართლო, რომელიც ახლაც "ნაცმოძრაობის" მითითებებს ასრულებს, ძიების ეტაპზე ანგრევს სისხლის სამართლის საქმეებს. თუ პროკურატურამ ასე გააგრძელა, ვვარაუდობ, რომ სასამართლო ბევრ გახმაურებულ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, რითაც "ნაცმოძრაობას" პიარის კიდევ ერთ საშუალებას მისცემს.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, როგორ ძალას უწევს ოპონირებას. მისი გუნდი ჯერჯერობით ვერ უწევს ჯეროვან ოპონირებას "ნაცმოძრაობას". სააკაშვილს და მის გუნდს კიდევ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. სოკოებივით მრავლდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები არიან. პრეზიდენტმა მილიონი პირდაპირ გადასცა ნოდიას. სხვა არასამთავრობოები სხვადასხვა გზით იღებენ დაფინანსებას. ეს არასამთავრობოები "ნაცმოძრაობასთან" ტანდემში გაგზავნიან უსაფუძვლო ინფორმაციას უცხოეთში, რითაც დიდ პრობლემებს შეუქმნიან ახალ ხელისუფლებას. მთავრობამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს საგარეო მიმართულებით მუშაობას. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ისეთ რეჟიმშია, როგორშიც 1999-2003 წლებში იყო ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი, როდესაც ვითომ ოპოზიციაში იყვნენ და სხვადასხვა პოსტი კი ეკავათ. "ნაცმოძრაობის" თანამდებობის პირების ახალ მთავრობაში დატოვებას რაც მოჰყვა, უკვე ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაგალითზე. აქედან გაკვეთილი უნდა მიიღოს "ქართულმა ოცნებამ". არსებობენ იდუმალი მრჩევლებიც, რომლებიც მაღალი რანგის თანამდებობის პირების დDანიშვნა-არდანიშვნაში მონაწილეობენ. ძალიან კომფორტულია, როცა მინისტრის ან მინისტრის მოადგილის შერჩევაში მონაწილეობ, მაგრამ ამას ვფიქრობ, პასუხისმგებლობის აღებაც უნდა ახლდეს და ასეთი რამეები ჩრდილში არ უნდა კეთდებოდეს.