"ვარდების რევოლუციის" შემდეგ კოტე კემულარია მაღალ თანამდებობას იკავებდა: იყო იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ბოლოს - უშიშროების საბჭოს მდივანი. 2006 წელს კი უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით თანამდებობა დატოვა და აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. იმხანად ამბობდნენ, კოტე კემულარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდაო, თუმცა მიზეზები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. დღეს კოტე კემულარია პრეზიდენტის მრჩეველია მშენებლობის დარგში, იღებს ხელფასს, თუმცა წლებია, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი მრჩევლის ურთიერთობის შესახებ სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა კოტე კემულარიას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. გვითხრა, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს კვლავ შეუძლიათ ბოროტების ჩადენა და სჯობს, ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დავრჩეო:
- ყველას გვახსოვს ავადმოსაგონარი 2006 წელი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, საპროტესტო აქციები, რაც ამ ტრაგედიას მოჰყვა. საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე შს მაღალჩინოსნების, აგრეთვე ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას დასჯას მოითხოვდნენ. იმხანად უშიშროების საბჭოს მდივანი იყო კოტე კემულარია. საპროტესტო მუხტი ისეთი დიდი იყო, შეიძლებოდა პროცესები უმართავი გამხდარიყო. ერთ დღესაც, ეს იყო 2006 წლის თებერვალში, კოტე კემულარია პრეზიდენტს შეხვდა და განუცხადა, პროცესები უმართავი ხდება და ერთადერთი, რაც საპროტესტო აქციებს შეაჩერებს, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის გადადგომააო. რას ჰქვია მერაბიშვილი გადადგესო, - გაგიჟებულა მიშა. თურმე ხელი დასტაცა საფერფლეს და კოტე კემულარიას ესროლა. ბედად კემულარიას ასცდა საფერფლე. პრეზიდენტისგან შეურაცხყოფილი კემულარია ცუდად შეიქნა. პრეზიდენტის დაცვამ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და კემულარია ინფარქტის დიაგნოზით კლინიკა "გულში" რამდენიმე დღის განმავლობაში იწვა... ამის შემდეგ მან განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზად კი ჯანმრთელობის გაუარესება დასახელდა. ამის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტშიც ითქვა, ექიმის კომენტარიც იყო, თუმცა არაფერი თქმულა ინფარქტის გამომწვევ მიზეზებზე...
- რატომ არ გაახმაურა კემულარიების ოჯახმა ეს ამბავი და ამჟამად როგორი ურთიერთობა აქვთ კოტე კემულარიასა და მიხეილ სააკაშვილს?
- გახმაურებას როგორ გაბედავდნენ?! კემულარიას მეუღლემ მეგობრებთან დაიჩივლა, სააკაშვილმა დააქცია ჩვენი ოჯახი, კოტე გულით დამიავადმყოფაო. კოტე კემულარია ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველია ყარსი-ახალქალაქის მაგისტრალის მშენებლობის დარგში. ხელფასი ერიცხება წლების განმავლობაში, თუმცა სამსახურში არ დადის - კარგა ხანია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობს. ასე ვთქვათ, პრეზიდენტი ინახავს, რადგან მეტი გზა არა აქვს, კემულარიამ ბევრი რამ იცის ჟვანიას მკვლელობის შესახებ. ჟვანიას მკვლელობის პირველ დღეებში მიხეილ სააკაშვილს გვერდიდან არ მოსცილებია. ნახეთ იმდროინდელი სიუჟეტები და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. კოტე კემულარია იმხანად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო და სააკაშვილს სწორედ სასამართლო სჭირდებოდა ჟვანიას დაღუპვის დეტალების ფალსიფიცირებისთვის.
- იქნებ დააკონკრეტოთ, რა იცის კოტე კემულარიამ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ?
- ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჟვანიას მოცილებას დიდი ხნით ადრე გეგმავდა. ამიტომაც ვერ უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილი მას და პენსიასავით დაუნიშნა ხელფასი. პრეზიდენტსაც "გამოჭერილი" ჰყავს კოტე კემულარია - მასზე სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული და თუკი კემულარია ჟვანიას შესახებ კრინტს დაძრავდა, სააკაშვილი ძველ საქმეებს ამოუქექავდა... აღსანიშნავია, რომ კემულარიას აქვს ღვინის ბიზნესიც. წილი აქვს თერჯოლის ყოფილ შამპანურის ქარხანაში, რომელსაც ამჟამად "ხარება" ჰქვია და რომელიც მოსკოვში მცხოვრები ძმები ხარებავების კუთვნილებაა.
მოკლედ, ჟვანიას მტრობის ხარჯზე შექმნილი კემულარია-სააკაშვილის ურთიერთობა მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნას შეეწირა. ამ ყველაფერს კი წერტილი მიხეილ სააკაშვილის საფერფლემ დაუსვა. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს კოტე კემულარია ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეზე, გარდა ამისა, უნდა გამომზეურდეს კემულარიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეე
ბიც.
კოტე კემულარიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები:
საქმე #1. 2000 წლის 30 ნოემბერს გენპროკურატურასა და შსს-ში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #740098 სსკ 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლით, საზოგადოებრივი ქონების დიდი ოდენობის დატაცების ფაქტზე. საქართველოს "ინვალიდთა ლიგას" პროგრამა "ვიქტორიას" დასაფინანსებლად 1998-99 წლებში სახელმწიფო სპეციალური ანგარიშიდან გადაერიცხა 5 245 000 ლარი. ამ თანხით უნდა შეეძინათ ინვალიდებისთვის ავტობუსები და მიკროავტობუსები. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ფირმა "ი.ე.ს"-ში. გამოძიებამ დაადგინა, რომ მითვისებული იქნა 1 054 756 აშშ დოლარი. გამოძიების ინფორმაციით, ფირმა "ი.ე.ს". კოტე კემულარიას ეკუთვნოდა.
საქმე #2. 2000 წლის 10 აპრილს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #1000812 გენპროკურატურასა და შსს-ში, ინვალიდთა ლიგისთვის სახელმწიფო სპეცსახსრებიდან აპარატურის შესაძენად ყალბი დოკუმენტებით გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტზე, სსკ-ის 164-ე, 213-ე და 214-ე მუხლებით. გამოძიების მასალების მიხედვით, ამ ეპიზოდშიც კოტე კემულარიას ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ფირმა ფიგურირებს.
საქმე #3. ინვალიდებისთვის გადასასვლელების მოწყობის ეპიზოდი. 2000 წლის 14 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენების გამო ფირმა "ინტურისტმშენის" დირექტორის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე #7400012 სსკ 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ საქმეში ფიგურირებს კოტე კემულარიაც.
საქმე #4. "ბორჯომის" ჩამოსასხმელი საწარმოს სისხლის სამართლის საქმე #1000812. 2000 წლის 17 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ძიებამ დაადგინა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ინვალიდთა ლიგას "ბორჯომის" საწარმოს შექმნისთვის 1998-99 წლებში 2 883 070 ლარი გადაურიცხა. გამოძიებამ დიდი ოდენობის თანხის 2 226 380 ლარის მითვისების ფაქტზე, ლტოლვილ ინვალიდთა კავშირის დამფუძნებლი და ბორჯომის ჩამოსასხმელი საწარმოს უფროსი რ.ხოშტარია დააკავა. ხოშტარია სსსკ 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იქნა პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ ის მოსამართლემ გაათავისუფლა და საქმე ძიებაში დაბრუნდა. ამ საქმეში ფიგურირებს კოტე კემულარიაც.
P.S. ზემოხსენებული სისხლის სამართლის ოთხივე საქმეში კოტე კემულარიას უშუალო მონაწილეობისა და მისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ 2000 წელს პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას ოფიციალურად მიმართა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. კოტე კემულარია იმუნიტეტის მოხსნას და პასუხისმგებლობას ზურაბ ჟვანიას დახმარებით გადაურჩა... ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმეები კი დღემდე გაუხსნელია.
P.P.S მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განგვიცხადა: "ინვალიდთა ლიგის" საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დამატებითი ინფორმაცია კი ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი".