სინამდვილეში რატომ დაიჭირეს ცეზარ ჩოჩელი?

სინამდვილეში რატომ დაიჭირეს ცეზარ ჩოჩელი?

ძალზე მწირი და ზოგადი ინფორმაცია გავრცელდა ამ დღებში მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორისა და პარლამენტარ ცეზარ ჩოჩელის დაკავებასთან დაკავშირებით. დაკავების მიზეზი გახდა შპს ”ნიუ-ენერჯი”, რომელიც ცეზარ ჩოჩელის სახელს უკავშირდება და სადაც მისი ძმა იაგო ჩოჩელი 30%-ის მფლობელია. ამ ეტაპზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია კომპანია "ნიუ ენერჯის" მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას არ ძალუძს აღებული პროექტები ბოლომდე მიიყვანოს, აქვს საბანკო დავალიანებები და ამიტომაც ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად დოკუმენტაციას ფინანსთა სამინიტროს გადაუგზავნის. ნარმანიას განცხადებით, კომპანია "ნიუ ენერჯის" მიერ განხორციელებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის და თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები და სხვა მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტები - სულ ჯამში 7-8 პროექტი.

კიდევ უფრო საინტერესეოა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადება, რომ მას კითხვები აქვს შპს ”ნიუ ენერჯისთან” მიმართებაში და რომ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რას საქმიანობდა რეალურად ,,ნიუ ენერჯი". არადა, კახი კალაძეს ეს კითხვები არ უნდა გასჩენოდა, ვინაიდან მისი პირველი მოადგილე ილია ელოშვილი 2010-2011 წლებში სწორედ ”ნიუ-ენერჯის” ტექნიკური დირექტორი გახლდათ და წესით და რიგით, ყველა ამ კითხვაზე პასუხი ზეპირად უნდა სცოდნოდა. იგი ხელმძღვანელობდა კომპანიას ტექნიკურ საკითხებში და ლოგიკას თუ მივყვებით, პასუხისმგებელიც გახლდათ კომპანიის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე. ამიტომაც, მოდით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ”ნიუ-ენერჯის” ხელმძღვანელად ყოფნით დავიწყოთ და 2010-2011 წლებში განხორციელებული პროექტების გაუხმაურებელი ფაქტებით.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "ნიუ ენერჯი" 2012 წლის 23 აგვისტოს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ქეთევან კობახიძეა, რომელსაც საარჩევნო სიაში იძულებით გადაადგილებულის სტატუსი აქვს. ”კვირის პალიტრის” მიერ მოპოვებულ დოკუმენტში კი შპს "ნიუ ენერჯი" 2006 წელს არის რეგისტრირებული, ხოლო წესდება, ანუ ვინ არიან უპირატესი წილის მფლობელები გასაჯაროებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაგვიპირდა სრულ პაკეტის მოწოდებას, მათ შორის სქემისა, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ხდებოდა წილების წლების მიხედვით გადანაწილება.

კომპანია "ნიუ ენერჯი" საქართველოში ჩატარებულ ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდერების გამარჯვებულია. ასე მაგალითად, 2010 წელს ბათუმში წყალკანალ-სისტემის რეაბილიტაციის პროექტში რვა მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი მოიგო. მანვე გაიმარჯვა 2011 წელს, გონიო-სარფის წყალ-კანალის სისტემის მშენებლობის 4 მილიონიანი ტენდერშიც.

პროკურატურაში დევს ენვერ ბარამიძის საჩივარი, რომელიც 2011 წელს მომხდარ შემთხვევას გვიყვება, როდესაც ”ნიუ-ენერჯიმ” თავისი ტექნიკა გონიო-სარფის წყალ-კანალის სამშენებლო სამუშაოებისათვის მისი ეზოს პირდაპირ ჩააყენა. მძიმე ტექნიკის მანქანები პირდაპირ პოლიციის განყოფილების ეზოს გავლით მოძრაობდნენ. სანაპიროზე მათ ეყენათ ინერტული მასალის დასახარისხებელი დანადგარი, რომელიც განუწყვეტლივ გრუხუნებდა. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა საჩივრით პოლიციას ხმაურისა და ბუღის გამო, მაგრამ "ნიუ ენერჯის" ხელმძღვანელობამ მოსახლეობის პროტესტი არაფრად ჩააგდო. ეუბნებოდნენ, რომ კომპანია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ეკუთვნოდა და ჯობდა გაჩუმებულიყვნენ. ამის შემდეგ მოვლენები მეტად საინტერესოდ ვითარდება. მოსახლეობას ხელისუფლებასთან რომ არაფერი გაუვიდა, საქმეში ჩართეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ერთ-ერთი ასეთი უფლებადამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძის თქმით, გონიოს პოლიციამ მისი სტუმრობისას შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინა:

"უბნის ინსპექტორი ვინმე ფუტკარაძე პოლიციის პიკაპით მოვიდა და პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანა. მალე სხვა პიკაპით "ნიუ ენერჯის" წარმომადგენლები მოვიდნენ, რომლებიც ჩემს მოქრთამვას შეეცედნენ. ერთი ბათუმელი, გონიოს მშენებლობის ხელმძღვანელი იყო, მეორე კი თბილისის სათაო ოფისიდან. მითხრეს, რომ თანხა დამესახელებინა, ან დამასაქმებდნენ. ყველაზე მეტად რამაც გამაოგნა ის გახლდათ, რომ ”ნიუ-ენერჯის” ხელმძღვანელობას მთელი პოლიცია ემორჩილებოდა. განყოფილების უფროსს მალხაზ გაბაიძეს კი სათაო ოფისის წარმომადგენელი ბრძანებებს აძლევდა".

ეს მეტად მნიშვნელოვანი ჩვენებაა, როდესაც კერძო კომპანიის წარმომადგენელი პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების თვალწინ უფლედამცველის მოქრთამვას ცდილობს. "საინტერესოა", რატომ არსად ამოტივტივდა იგი წინა ხელისუფლების დროს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღევანდელმა პარლამენტარმა და ”მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ არა ერთი პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც აჭარის დიდ ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობდა.

”ამ ტენდერების გამოცხადება მოხდა კანონსაწინააღმდეგოდ. კომპანიებს, რომლებიც უმაღლესი ეშელონებოდან ”იკრიშება”, "უპრაგონოდ" დართეს ნება ჭოროხის კალაპოტიდან ნატანი ამოეღოთ. სხვათა შორის, სწორედ ჭოროხის ნატანით შეიქმნა კახაბრის დაბლობი, რომელზეც ბათუმი მდებარეობს. ესენი იმდენს იზამენ, რომ რამდენიმე წელიწადში არც გონიო იარსებებს და არც ბათუმი. ახლა კი რას აკეთებენ? ნატანს ზღვას აცლიან და მალე ბათუმის ადგილს ზღვა დაიკავებს” - განაცხადა მან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის, კობა თედორაძეს განცხადებით, პლაჟიდან ხრეშის აღების ლიცენზია არ გაიცემა, ვინაიდან ნატანის აღება დანაშაულია. მისივე ინფორმაციით, 2006-2010 წლებში, მდინარე ჭოროხიდან ნატანის ამოღებაზე 28 ნებართვაა გაცემული, რომლიდანაც ნაწილს უკვე დაუმთავრდა ლიცენზიის ვადა. ახალი ლიცენზიები კი სამშენებლო სამუშაოებისთვის აღარ გაიცემა. სულ მთლიანობაში სახელმწიფომ გაცემული ლიცენზიებიდან 600 ათასი ლარი მიიღო. მარტო 2012 წელს კი ნაპირების გამაგრებისთვის 1 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო. ელემენტარული არითმეტიკაც კი ცხადყოფს, რომ აქ მთლად "სუფთად" ვერაა საქმე. იქნებ სწორედ ამიტომაც, რამდენიმე დღის წინ, ფინანსურმა სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა ზაქარაია და აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი ვასილ თავართქილაძე.

კომპანია "ნიუ ენერჯის" 70 პროცენტის მფლობელი ლუხუმ კაპანაძე გახლდათ. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბიზნეს-ინტერესების წარმომადგენლად ითვლება. თუმცა, ოფიციალურად მას მერაბიშვილთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ერთი სკოლა აქვთ დამთავრებული. კაპანაძე ”ნიუ ენერჯის” გარდა ფლობს "ბათფარმას" და "ბათოილს". ორივე ფირმა ვანო მერაბიშვილის სახელთან ასოცირდება.

”ნიუ ენერჯის” საქმესთან დაკავშირებულ სკანდალში შესაძლებელია კიდევ ერთი, ქვეყნის უმაღლესი პირი აღმოჩნდეს ჩართული და სავარაუდოდ მასაც დაიბარებენ დაკითხვაზე. ეს გახლავთ ექს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. აქ მის მიერ ხელმოწერილ სკანდალურ 2011 წლის ბრძანებას მოგიყვანთ:

” შპს ,,ნიუ ენერჯის" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სოფელ ხიზაბავრას წყალსაცავის მშენებლობის მიზნით შპს ,,ნიუ ენერჯი" გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და განახორციელოს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრას მიმდებარე ტერიტორიაზე 30 000 მ3 ანდეზიტბაზალტის და სოფელ ვარგავის მიმდებარე ტერიტორიაზე 131 100 ტ თიხოვანი გრუნტის მოპოვება შემდეგი X და კოორდინატების საზღვრებში. (მოცემულია კოორდინატები)
2. შპს ,,ნიუ ენერჯიმ" უზრუნველყოს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.

პრემიერ - მინისტრი ნიკა გილაური”

რატომ გადაეცა და არ გამოცხადდა ანდეზიტბაზალტის მოპოვებაზე ტენდერი, მაშინ როდესაც ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციაა. და მეორე, წყალსაცავის მშენებლობისგან 3 თვით ანთავისუფლებ კომპანიას, რომელსაც ტენდერით ეკისრება ვალდებულებები და მოცემულ ვადებში უნდა მორჩეს მშენებლობას, და აგზავნი სასწრაფოდ უფრო ღირებულ ობიექტზე. ისმის კითხვა - ვისთვის ღირებულს?!

(გაგრძელება იქნება)

პ.ს. სანამ ჩვენ ცეზარის საქმეთა საგმირონთა ვიხსენებდით, ცნობილი გახდა, რომ :

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ციხესთან მას ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები დახვდნენ. როგორც საპატიმროს დატოვების შემდეგ ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან .
"არანაირად არ ვცნობ თავს დამნაშავედ. ამას ალბათ, გამოძიება შემდგომში დაადგენს", - აღნიშნა ჩოჩელმა. ("ინტერპრესნიუსი")