"პატიმრობაში მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ვითხოვდი, პატივი ეცათ ჯავახეთის მოსახლეობის უფლებებისთვის", - აქვეყნებს სომხური სააგენტო "ნიუს ამ" პატიმრობიდან გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანის განცხადებას.
როგორც "ნიუს ამ"-ი წერს, ჩახალიანის თქმით, მას გული სწყდება, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაუძლო სააკაშვილის ყოფილი სამსახურების გავრცელებულ ტყუილების ნაკადს და მისი სახელი ამოიღო საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პოლიტპატიმრების სიიდან.
ჩახალიანის განცხადებით, ის მიიჩნევს, რომ ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ინტეგრირების არც ერთი მცდელობა სქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მოიტანს შედეგს, თუ ჯავახეთში მცხოვრები სომხები არ იგრძობენ, რომ მათ ისე ეპყრობიან, როგორც საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეს.
"ამ საკითხზე შეუძლებელია ორი სახის სამართალი არსებობდეს: ერთი - ერთნიკური ქართველი აქტივისტის, სააკაშვილის რეჟიმის მძევალის, მეორე - ჯავახეთ-სომხეთის აქტივისტის", - აცხადებს ჩახალიანი და დასძენს, რომ ეს ორმაგი სტანდარტებია.
ყოფილი პატიმარი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა ჯავახეთის სომხებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. "კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე გავაგრძელებ ბრძოლას სრული სამართლიანობის აღსადგენად ჩემთვის და ჯავახეთის სხვა სომხებისთვის", - აცხადებს ჩახალიანი.
ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წლის 21 ივლისს დააკავეს და მას ბრალი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვასა და მოხმარებაში, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებაში წაუყენეს. 2009 წლის 7 აპრილს სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.