ყოფილ დეპუტატს, სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ ბიძინა გიორგობიანს საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა და ინტერპოლის მიერ ძებნილთა საერთაშორისო სიიდანაც ამოიღო. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და გეგმებზე სასაუბროდ ბიძინა გიორგობიანს გერმანიაში დავუკავშირდით.
- ბატონო ბიძინა, როგორ აფასებს გერმანულენოვანი პრესა საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულ პროცესებს?
- გერმანულ პრესაში არ გამოქვეყნებულა ისეთი შეკვეთილი სტატიები, როგორიც დაიბეჭდა ფრანგულ პრესაში, აგრეთვე, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გამომავალ ზოგიერთ გაზეთში. ამის მიზეზი არის ის, რომ გერმანიის ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გერმანიის ერთ-ერთი გავლენიანი პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლის, ქრისტოფერ შტრასერის მეტად საინტერესო განცხადება. შტრასერი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ხელმძღვანელობს, მიესალმება და უპრეცედენტოს უწოდებს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა ამნისტიას. ამბობს, რომ ეს პირველი პრეცედენტია პოსტსაბჭოთა სივრცეში და კარგი იქნება, თუ რეგიონის სხვა სახელმწიფოებიც გაიზიარებენ. ასევე, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეში" გამოქვეყნდა საქართველოში მიმდინარე პროცესების ამსახველი ობიექტური სტატია, გამოცემა "ბერლინერ ცაიტუნგში" დაიბეჭდა გაზეთის იმ კორესპონდენტის სტატია, რომელიც თბილისში იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილთან უცხოელი ჟურნალისტების შეხვედრაზე.
- ამჟამად საქართველოში არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. თქვენი აზრით, მოახდენს თუ არა ეს პროცესი გავლენას ქვეყნის ინტეგრაციაზე ევროკავშირსა და ნატოში?
- დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ გერმანიის სახელმწიფო, მისი მთავრობა, პარლამენტის წევრები, პოლიტიკური ისტებლიშმენტი საღად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ არ გაუკეთებიათ იმგვარი განცხადებები, როგორიც ნატოს გენერალურმა მდივანმა. საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა კანონიერების აღდგენის პროცესია, მით უმეტეს, რომ ახლა ციხეში სულ რამდენიმე მაღალჩინოსანია. თუ პიროვნების მიმართ წაყენებული ბრალი დადასტურდა, სასამართლო განაჩენით, ის უნდა დაისაჯოს, რაოდენ მაღალი თანამდებობის პირიც უნდა იყოს. გერმანელებისთვის ეს ყველაფერი გასაგები იმიტომ არის, რომ მათ იწვნიეს ნაცისტური რეჟიმის ბატონობა, გერმანიაში 13 წლის განმავლობაში იყვნენ ნაცისტები ხელისუფლების სათავეში, საქართველოში - 9 წელი. ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის შედეგების ლიკვიდაციაც სრულიად ლოგიკური ნაბიჯია. გერმანიაში ნაცისტური პარტია აკრძალეს, საქართველოში ამას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, მივაღწევთ. როგორია ნაცმოძრაობის პოლიტიკური მემკვიდრეობა? - დაკარგული ტერიტორიები, პოლიტპატიმრები, გარდაცვლილი, ღირსებააყრილი ადამიანები, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში. რით განსხვავდებოდა გლდანის ციხე საკონცენტრაციო ბანაკისგან? ქართველებმა და გერმანელებმა ნაციზმი საკუთარ თავზე გამოვცადეთ.
- საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დათბობას; თქვენი აზრით, რა რეაქცია მოჰყვება ამას გერმანიისა და ევროკავშირის სხვა წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ წრეებში?
- რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მოგვიწოდებს ყველა პოლიტიკოსი, რომელიც არ არის მოსყიდული. მათთვის ცხადია, რომ ორ მეზობელს შორის, რომელთაგან ერთი ბირთვული, მძლავრი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის ზესახელმწიფოა და მეორე - პატარა ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიები აქვს დაკარგული და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაშია, დიალოგის დაწყებას, ალტერნატივა არა აქვს და საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხოლოდ მიესალმებიან. დასაწყისისთვის, კულტურულ-ეკონომიკური
ურთიერთობების აღდგენა სასიკეთო სიგნალი იქნება. რასაკვირველია,
პირველივე ეტაპზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ; ფაქტია, საქართველოს ტერიტორიაზე - სოხუმსა და ცხინვალში - რუსეთის საელჩოებია გახსნილი, რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ანაქრონიზმია.
გარკვეული დროის შემდეგ, შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით, საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე აფხაზ და ოს ხალხებთან უნდა მოხდეს იმგვარი ურთიერთობების დამყარება, რომ არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეილახოს და არც რუსეთის პოლიტიკური იმიჯი, მაგრამ ამ ყველაფრის მისაღწევად ძალზე რთული სამუშაოებია ჩასატარებელი. ადვილი საქმის გაფუჭება, ომის წაგებაა სამ დღეში, მის სავალალო შედეგებს კი ასე მალე ვერ აღმოფხვრი.
- ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ეფექტიანად იყენებს ყველა ბერკეტს, დასავლეთში მისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი კი სათანადოდ არ აქტიურობს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- საქმე ის არის, რომ ნაცმოძრაობას ხელთ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ქვეყნის ხაზინიდან "მოტეხილი" ფულით დაქირავებული, მოსყიდული ლობისტური ჯგუფები. გიგა ბოკერიას უშიშროების საბჭოდან ლობისტ კომპანიებს ასიათასობით დოლარი ერიცხებოდათ, რაც ნაცმოძრაობის პიარს ხმარდებოდა. ეს ფული მათ უკვე მიღებული აქვთ და საქმიანობას განაგრძობენ. "ქართული ოცნება" ამ გზით არ წავიდა და ვფიქრობ, ეს სწორიც არის. ის არ შეეჯიბრა ნაცმოძრაობას მოსყიდვაში. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ჯგუფი დიპლომატიური და სხვა ბერკეტებით, ფაქტებზე დაფუძნებით ამტკიცებს, რომ საქართველოში არც შერჩევითი სამართალია და არც "სააკაშვილის მაღალჩინოსნებს" იჭერენ, მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი.
აქედან გამომდინარე, სწორია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არ აჰყვა თამაშის იმ წესებს, რომელსაც მათ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია სთავაზობდნენ, არ დაიწყეს ნაცმოძრაობის გზით სიარული, ეს არის ალმაცერი ბილიკი, გზა უფსკრულისკენ, რომელშიც თვითონ გადაიჩეხნენ.
- როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების ამნისტიის აქტის მიღებას, რომელთა შორის თქვენც ხართ? რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფაქტი?
- არაერთი, მათ შორის გერმანელი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ეს უპრეცედენტო აქტია, როცა ქვეყანა პოლიტპატიმრების არსებობას აღიარებს და მათ პატიმრობა-დევნისგან ათავისუფლებს... ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ეს იქნება მორალური სტიმული ახალი თაობის პოლიტიკოსებისათვის, კარგი მაგალითი, რომ ქვეყანაში ასეთი რამ აღარასოდეს უნდა მოხდეს. 18 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ვიცი, რომ გერმანელი ერის "თვითგანწმენდა", ძველი ცხოვრების წესის დაგმობა, ჰიტლერის რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადება იქცა მორალურ ბიძგად ახალი თაობის ადამიანებისთვის, რომლებმაც სულ რაღაც 15 წელიწადში დაფერფლილი გერმანია ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ აქციეს. ასეთივე "თვითაღიარების აქტი" უნდა მოხდეს საქართველოშიც... მე 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ ვცხოვრობდი სანკტ-პეტერბურგში, შემდეგ - ტალინში, შემდეგ მცირე ხნით დავბრუნდი თბილისში და 1995 წელს, დევნის გამო, ისევ დავტოვე ქვეყანა და გერმანიაში წამოვედი, სადაც ერთ კვირაში პოლიტიკური თავშესაფარი მომცეს. ერთი შვილი 3 წლისა იყო, გერმანიაში რომ ჩამოვიყვანე და ახლა 20 წლის არის, მეორე შვილი აქ დაიბადა და ახლა გიმნაზიას ამთავრებს... 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ზურაბ ჟვანიას თხოვნით ჩამოვედი საქართველოში და დავიწყე მუშაობა სატყეო დეპარტამენტში, თუმცა 9 თვეში ისევ იძულებით ემიგრაციაში მომიწია დაბრუნებამ...
ახლა უკვე რვა წელი გავიდა ჩემი მეორედ ემიგრირებიდან, მე ცხოვრების საუკეთესო წლები წამართვეს... როცა ინტერპოლით იძებნები, პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით შეზღუდული ხარ, მორალურ ზიანზე აღარაფერს ვამბობ. ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, შეიძლება ისეთ უსიამოვნებაში გაეხვიო, რაც მე შემემთხვა ესპანეთში, როცა ესპანეთის პოლიციამ დამაკავა საქართველოს მიერ ინტერპოლის ძებნილთა სიაში ჩემი გვარ-სახელის ჩასმის გამო. მორალურად ჩემთვის მეორე ემიგრაცია უფრო მძიმე იყო... დღეს კი ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, აღარც "დამნაშავედ" ვარ გამოცხადებული. შემიძლია თბილისში ჩამოვიდე და 8 წლის უნახავი დედა, ნათესავ-მეგობრები მოვინახულო.
- როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას? ხომ არ გაქვთ ახალი ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტული შეთავაზება? ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა გარემოს დაცვის ან საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყოთ მუშაობა..
- საქართველოში დაბრუნებას თებერვლის დასაწყისში ვაპირებ, არავითარი კონკრეტული შეთავაზება არ მაქვს, ჩემთან ამ საკითხებზე არავის უსაუბრია. ჯერჯერობით ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია სამშობლოში დავბრუნდე. როცა ჩემმა შვილმა შეიტყო, რომ ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამომიღეს, მითხრა: ხომ გეუბნებოდი, ღირდა შენი ბრძოლაო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა გაიგო, რისთვის ვიბრძოდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბრძოლა ამად ღირდა!