უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინაღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავდნენ. ყოფილი მოსამართლეები მიიჩნევდნენ, რომ ამ პროცედურით ხელს შეუწყობდნენ კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაჩქარებას. რა ეტაპზეა პროცესი და რამდენად ადეკვატურად მუშაობს უზენაეს სასამართლო თემის დეტალებზე ,,ჯი-ეიჩ-ენს" უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე ესაუბრა.
_ ქალბატონო ნინო, თქვენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ განცხადებებს აბსურდულს უწოდებით და გეგმავდით უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებთან ერთად კუბლაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რაც თქვენი აზრით, ხელს შეუწყობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას? თუ მიმართეთ სარჩელით სასამართლოს და რა ეტაპზე პროცესი?
_ სასამართლოში სარჩელი არ შეგვიტანია, მაგრამ არა იმიტომ, რომ გადავიფიქრეთ, უბრალოდ დეკემბრის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს მივმართეთ განცხადებით ჩვენი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე და გადაწყვეტილებას ველოდებით. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ჩვენ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს სასამართლოში კუბლაშვილის წინააღმდეგ სარჩელს აღვძრავთ.
_ საკანონმდებლო ორგანოდან გადაწყვეტილებას როდის ელოდებით?
_ როცა პარლამენტი მუშაობას განაახლებს.
_ რაც შეეხება უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. მიგაჩნიათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დამოუკიდებელია და წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ არის?
_ აშკარაა, რომ კუბლაშვილი არაადეკვატურია და ხარკს უხდის იმ ხელისუფლებას, რომლის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად თვლის. თუმცა გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოში ბევრი სხვა რამეაა შესაცვლელი: დასაშვებლობის პრინციპით ჩაკეტილია საჩივრების განხილვა და უამრავი ადამიანი უზენაეს სასამართლოში დასაშვებლობის პრინციპს ვერ ლახავს და ამ კატეგორიის ადამიანებს ისრა რჩებით სამართლიანობის აღსადგენად სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ უზენაესი სასამართლო გამართულად მუშაობს.
_ შეიძლება ითქვას, რომ ახალ ხელისუფლებასა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის კოჰაბიტაცია არ შედგა?
_ არ ვიცი კოჰაბიტაცია რა გაგებით იხმარება, მაგრამ მთავარია, მართლმსაჯულების ინტერესები როგორ ესმის პოლიტიკურ ხელისუფლებასა და მართლმსაჯულების ხელმძღვანელს ბატონ კუბლაშვილს. ამიტომ კოჰაბიტაცია ამ პრინციპების შეთანხმების გარეშე შეუძლებელია. ჯერჯერობით ამ საკითხებთან დაკავშირებით მხარეების მხრიდან შეთანხმება არ არის და ეს სირთულეები უნდა დაიძლიოს.
_ როგორია თქვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, პროკურატურის მიერ სექსუალური უმცირესობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პროკურატურას აღნიშნული კადრები არ უნდა გაევრცელებინა. როგორია თქვენი პოზიცია და რამდენად სწორად და ადეკვატურად მოქმედებს კბილაშვილის უწყება?
_ კონკრეტულ თემებზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მე, როგორც იურისტს მხოლოდ მასალის შესწავლის შემდეგ შემიძლია პასუხის გაცემა. თუმცა ცხადია, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი რომ მიმდინარეობდეს. პროკურატურას უფლება აქვს ყველა ეჭვი, რომელიც არსებობს კონკრეტულ საქმესთან, პირთან დაკავშირებით გამოიძიოს. მთავარია, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და პროცესი კანონმდებლობის წესით დაცვით უნდა წარიმართოს.
_ იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლის უფლებამოსილება კვლავ აღგიდგინათ მიგაჩნიათ, რომ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაისვას?
_ ახლაც მიმაჩნია, რომ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაისვას. უბრალოდ ჩვენ სხვა ტაქტიკა ვარჩიეთ. კუბლაშვილმა ჩვენთან დამოკიდებულებაში განახორციელა ზეწოლა და უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას შეუწო ხელი. კონსტიტუციაში წერია, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის პროცედურას ექვემდებარება.