"უფლებადამცვველ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საკრებულოსთან აქციის გამართვა იმიტომ გადაწყდა, რომ პარალელურად საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. ამასთან, მძღოლები მოითხოვენ, რომ მათ შეხვდეს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობა. როგორც მძღოლებს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის" წევრმა მამუკა ბალიაშვილმა განუცხადა, ის შეეცდება, შეხვედრა გაიმართოს მერიაში. ბალიაშვილის განცხადებით, თუ მერიაში ვერ მოხერხდა ეს შეხვედრა, მაშინ ფრაქცია კანონით განსაზღვრული წესით საკრებულოში დაიბარებს აკაკი ჯოხაძეს და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობას და სწორედ საკრებულოში გაიმართება შეხვედრა", - წერს გაზეთი"ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "მოგვარდება თუ არა ყვითელი "მარშრუტკების" პრობლემა".
"მძღოლები ასევე მუშაობენ საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც უკვე შემდგომში დაგეგმავს სამომავლო ქმედებებს. ისინი ასევე აპირებენ პროფკავშირის შექმნასაც, რომელშიც თითოეული ხაზის რამდენიმე წარმომადგენელი შევა. "გავიფიცეთ იმიტომ, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა. ირღვევა ისე, როგორც ირღვეოდა აქამდე. როგორ შეიძლება, რომ ჩვენს სატკივარს არავინ იზიარებს. ასე წარმოუდგენელია. ძალიან კარგად მესმის, რომ დედაქალაქი პარალიზებულია, რომ მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს პრობლემებზე არაფერი ვთქვათ და ისე ვიყოთ, რომ თითქოს არაფერი ხდება. ამას უნდა ყურადღების მიქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება სამარშრუტო ტაქსებით მომსახურება", - ამბობს მამუკა გოგიაშვილი, მძღოლი", - აღნიშნავს გამოცემა.
"სამსახურში მივდივარ და ვერც მივდივარ. ვდგავარ ქუჩაში არ ვიცი, რა ვქნა. ტაქსის ფული არ მაქვს, რომ ტაქსით წავიდე სამსახურში. არადა, პრობლემაც მექნება, რომ დავიგვიანო. ველოდები ავტობუსს 49 ნომერს, რომელიც აგვიანებს. ტაბლოზე 45 წუთი ეწერა, ახლა ისევ 45 წუთი აგვიანდება. ეს არის ჩვენი გამართული სატრანსპორტო სისტემა? როგორ შეიძლება, ამხელა, მილიონიან ქალაქში ასე უყურადღებოდ იყოს დატოვებული მოქალაქეების ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა. როგორც გავიგე, კიდევ რამდენიმე დღე იქნებიან გაფიცულები. რას აკეთებს ქალაქის მერია? რატომ არ აქცევს ამას ყურადღებას? ახლა ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ. ხალხმა კარგად იცის, რომ ქალაქის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა მერიის პრეროგატივაა და არა მთავრობის. უკვე მერამდენედ მოხდა მსგავსი პრობლემა. მახსოვს, ყინვაში, თოვლში როგორ ვიდექით და ველოდებოდით ტრანსპორტს, მაშინ ყველაფერი გაფიცული იყო, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ამაზე ვიღაცამ ხომ უნდა მოსთხოვოს პასუხი მერს გიგი უგულავას? ამით ხომ დაირღვა ჩვენი უფლებები, ალბათ, ზარალს ბიუჯეტიც ნახავს. ვის უნდა მოეთხოვოს ამ ყველაფერზე პასუხი? ასე გაგრძელება შეუძლებელია, შეუძლებელია, ყველას ყველაფერი ასე მარტივად შერჩეს", - ამბობს ია ვარაზაშვილი, მგზავრი", - დასძენს გამოცემა.