"სააკაშვილი აღიარებით ჩვენებას იძლევა და პატიებას ითხოვს" - ეს განცხადება ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტის ახალ ინიციატივებს გაეცნო. სულ ცოტა ხნის წინ, სააკაშვილმა პარლამენტს სამი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. პირველი კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, მეორე შეთავაზებაა კანონპროექტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, მესამე კი - სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ. რა აღიარა სააკაშვილმა და რამდენადაა შესაძლებელი, რომ ახალმა ხელისუფლებამ მისი ინიციატივები გაიზიაროს, ამის შესახებ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.
- ბატონო გია, რა იგულისხმეთ, როდესაც აღნიშნეთ, რომ სააკაშვილი აღიარებით ჩვენებას იძლევა?
- პრეზიდენტის მოთხოვნა ეკონომიკის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, პირდაპირ აღიარებითი ჩვენებაა, რადგან ის წლების განმავლობაში გვარწმუნებდა, რომ თითქოს ბიზნესი დეკრიმინალიზებული იყო, ქვეყანაში კონკურენტული გარემო გახლდათ შექმნილი და საგადასახადო სისტემაში დანაშაული არ ხდებოდა. ამნისტია კი მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ასეთი ტიპის დანაშაული ტოტალურ სახეს იღებს. სააკაშვილმა თავისი განცხადებით პირდაპირ თქვა, რომ მისი სისტემა მთლიანად კრიმინალიზებული იყო.
- თქვენთვის ეკონომიკური დეკრიმინალიზაცია მიუღებელია?
- არა. ვფიქრობ, რომ ეკონომიკის დეკრიმინალიზაცია მართლაც საჭიროა. ამნისტიაზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ არა ისეთი ფორმით, როგორზეც სააკაშვილი საუბრობს. პრეზიდენტი ამნისტიას ბიზნესის სასარგებლოდ კი არა, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ითხოვს. დღემდე ბიზნესი მთლიანად კრიმინალიზებული იყო. სისტემის სათავეში ხელისუფლება იდგა, თავად ბიზნესმენები კი მსხვერპლს წარმოადგენდნენ. ფაქტია, რომ სააკაშვილი ითხოვს, მაპატიეთო.
- როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლება მის თხოვნას გაითვალისწინებს?
- არა მგონია, რომ ასეთ უპირობო ამნისტიაზე სერიოზულად იფიქრონ. ალბათ იცით, რომ ბიზნესის კრიმინალიზაციის პროცესში პროკურატურა, სოდი და კუდი ძალიან აგრესიული ფორმებითა და სასტიკი მეთოდებით იყო ჩართული. ადამიანებს ბიზნესში წილებს თავზე ხელის გადასმით არ ართმევდნენ. ამ მიმართულებით ძალიან მძიმე დანაშაულებია ჩადენილი. ასეთ სიტუაციაში უპირობო ამნისტია როგორ წარმოგიდგენიათ? რა, ყველას ყველაფერი მივუტევოთ ისე, რომ ბოდიშიც არ მოვახდევინოთ? ამ საქმეს განსაკუთრებული მიდგომა უნდა. პირველ რიგში, დაზარალებულების უფლებებია აღსადგენი. თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ, განვიხილოთ და ისე გამოვიტანოთ ვერდიქტი. ჩვენ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, სად გავავლოთ ზღვარი, რისი პატიება შეიძლება და რისი - არა. ჩემი აზრით, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მე ჩემს თავზე ვერ ავიღებ. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხს უსამართლობის განცდა არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების შერიგებას ვერ მოვახერხებთ და მუდმივად იქნება რევანშისტული განწყობები. ღმერთი ყველაზე მოწყალეა, მაგრამ ადამიანს მონანიების გარეშე, ცოდვებს ისიც კი არ მიუტევებს.
- ბოლო დროს, "ნაციონალები" სწორედ თქვენ გადანაშაუალებენ ბიზნესსექტორზე ზეწოლაში. ზურაბ ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ თქვენ ბიზნესმენებს "პიქსელის" შენობაში იბარებთ და წილებს ითხოვთ.
- ამას იცით, რატომ ამბობენ? იციან, რომ დეკრიმინალიზაციით მე ვარ დაინტერესებული და პირადად ვსწავლობ სახელმწიფო წილებს ბიზნესში. მათ იგრძნეს საფრთხე, რომელიც ჩემგან ელით. უკვე ძალიან ბევრი ფაქტობრივი ინფორმაცია დამიგროვდა. ჯერ ერთი, მე არავის ვიბარებ, ბიზნესმენები თავად მოდიან და მიყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ, რა მექანიზმებით ატერორებდა მათ "ნაცმოძრაობა". ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს მავნე ტრადიცია აღმოიფხვრას. თქვენ გგონიათ, შემთხვევით მოხდა, რომ ბენზინი და სხვა პროდუქტები გაიაფდა? აქ ძალიან მარტივად არის საქმე - ახალმა ხელისუფლებამ წილებში ჩაჯდომაზე უარი თქვა.
- ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. ეს თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. სხვათა შორის, მისი გულახდილობა "ნაციონალებმა" უპასუხისმგებლობად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ასეთი განცხადებები ინვესტორების მოზიდვას უშლის ხელს.
- მართლაც, აჯობებდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს არ აკეთებდეს. თუმცა, ამაში კატასტროფულიც არაფერია. ამ პრობლემას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს, რაც მოკლე ხანში აუცილებლად გადაილახება.
- მაინც რა გახდა ეკონომიკური აქტივობის შენელების მიზეზი?
- დღეს არსებული რეალობა. ყველა დაძაბულია, ბიზნესმენები დაბნეულები არიან. მათი დიდი ნაწილი ძალაუნებურად, ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე იყო და სასათბურე პირობებით სარგებლობდა. ახლა ეკონომიკური თამაშის პირობები ჯერ დადგენილი არ არის და არ იციან, როგორ მოიქცნენ. მალე სიტუაცია დალაგდება. ჩემი აზრით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში ძალიან სერიოზული აქტიურობა დაიწყება.
- რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ სიტუაციაში ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური საკუთარ თავს საკმაოდ სოლიდური პრემიით ასაჩუქრებს?
- ძნელია რამის თქმა. იცით, გასათვალისწინებელია, რომ დღეს ქვეყანას მაღალი დონის, კვალიფიცური მმართველთა გუნდი სჭირდება. ისეთი პროფესიონალის მომსახურება, როგორიც ხადურია, ძალიან ძვირად ღირებულია. მას შეეძლო, კერძო სექტორში ემუშავა და ორჯერ ან სამჯერ დიდი ხელფასი ჰქონოდა. კარგად მესმის, რომ სოციალურად დაუცველი ფენისთვის ასეთი რამ რთულად ასატანია და უსამართლობის გრძნობა უჩნდება, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: მოდი, ჩავდოთ ინვესტიცია მაღალკვალიფიციური მენეჯერების გუნდის შექმნაში და დავუთქვათ დრო. თუ მათ დათქმულ დროში ვერ უზრუნველყვეს ჩვენი კეთილდღეობა, მაშინ პასუხი ვაგებინოთ. მერწმუნეთ, ძალიან ძნელია, რომ პროფესიონალი კადრები ენთუზიაზმით მუშაობაზე დაიყოლიო. ერთი და ორი კაცი კი საკმარისი არ არის.
- რაც შეეხება პრეზიდენტის მეორე საკანონმდებლო შეთავაზებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, თქვენი აზრით, რა გახდა ამ ინიციატივის წარმოდგენის მიზეზი? არის თუ არა დღეს რეალურად დაცული ადამიანის პირადი ცხოვრება?
- თავად ინიციატივა კარგია, სახელმწიფო მართლაც ვალდებულია, რომ ადამიანების თავისუფალი ცხოვრება უზრუნველყოს, მაგრამ სააკაშვილის მხრიდან ამაზე ლაპარაკი ძალიან სასაცილო და ცინიკურია. სწორედ მისი გუნდის მმართველობის პერიოდში ჰქონდათ მოქალაქეებს იმის განცდა, რომ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი შანტაჟის ქვეშ ცხოვრობდა. თავად მე გახლავართ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი - სრულიად უკანონოდ მისმენდნენ. რა უფლებების დაცვაზე ლაპარაკობს რეჟიმის წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნების წინ გამომიქვეყნა პირადი საუბრები?
- რამდენად მართებულად მიგაჩნიათ პროკურატურის მიერ სექსუალური უმცირესობის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება?
- ის კადრები, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა, სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო ჩაწერილი. პრეზიდენტმა ის კი არ თქვა, რა უმსგავსობას აკეთებდა მისი რეჟიმი, იმაზე ბრაზობდა, ჩემი ჩადენილი სიბინძურე როგორ გამოაქვეყნეთო. სააკაშვილს ამაზე ლაპარაკის უფლება არა აქვს. ისევე, როგორც არა აქვს უფლება, სამხედროების სოციალურ უზრუნველყოფაზე ილაპარაკოს. როდესაც ის ამ თემაზე ლაპარაკობდა და ახალ ხელისუფლებას ჯარისკაცების ყოფის გაუმჯობესებას ურჩევდა, გმირთა მოედანზე ვეტერანების დარბევის კადრები დამიდგა თვალწინ. გამახსენდა, სააკაშვილის პოლიცია როგორ ყრიდა ინვალიდის ეტლიდან აფხაზეთში ნაომარ ბიჭებს, როგორ სცემეს ქალბატონი... ახლა ეს ადამიანი გამოდის და "ნიანგის ცრემლებით" ტირის. ქართველ ხალხს ამნეზია არ სჭირს, ყველას ყველაფერი ახსოვს. სამხედრო მოსამსახურეები, განსაკუთრებით კი ვეტერანები, ჩვენი ტკივილია და მათ სააკაშვილის გარეშეც მივხედავთ. თავი დაგვანებოს რა! მზად ვართ, რომ ყველაფერი ვაპატიოთ, მაგრამ თავად არ გვაძლევს ამის საშუალებას, ბუნკერიდან კონტრშეტევებს ახორციელებს. იმდენს იზამს, რომ საბოლოოდ თავს დაიღუპავს.
- ე.ი. შესაძლოა, გაასამართლოთ?
- ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი ვაპატიოთ...
- საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთი მათთან კოჰაბიტაციისკენ მოგვიწოდებს. ასეთ სიტუაციაში რა გამოსავალს ხედავთ?
- სამართლიანობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღდგეს, რადგან ეს ხალხის დაკვეთაა. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესია. შესაძლოა, მავანმა სამართლიანობის სახელით უკანონო ქმედება ჩაიდინოს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფრთხილად ვმოქმედებთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი პრეცედენტი არ დავუშვათ. არგუმენტების გარეშე არც ერთ ჩინოვნიკს არ ვეხებით, დასავლეთი ხშირად გვაბრკოლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ სააკაშვილს ძალიან სერიოზული კონტაქტები აქვს და ჩვენი ევროპელი მეგობრები შეცდომაში შეჰყავს. ვფიქრობ, რომ სიტუაცია მალე დალაგდება და ევროპაც გაგებით მოეკიდება ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მათ მალე დავარწმუნებთ, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე კი არა, სამართლიანობის აღდგენაზე ვფიქრობთ და ქართველი ხალხიც ამას ელის ჩვენგან.