რის შესახებ ისაუბრეს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ? რა რეკომენდაციები მიიღო ჯანდაცვის სისტემის პირველმა პირმა კოვიდგამოწვევის წინააღმდეგ და რა ახალ რეგულაციებს შეიძლება ველოდოთ ქვეყანაში?
ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე „2020NEWS“-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.
გიორგი ფხაკაძე: ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან კონსტრუქციული ონლაინ შეხვედრა შედგა. გულახდილი საუბარი იყო, პირდაპირი, პროფესიონალური და კონკრეტიკაზე დაფუძნებული. მინისტრს აინტერესებდა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კოვიდპანდემიის გამოწვევის გასამკლავებლად. ძალიან ტექნიკური საუბარი გვქონდა, ბევრი მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ონლაინ შეხვედრა ძალიან პროდუქტიულიც კი შეიძლება გამოდგეს.
-რა რეკომენდაციები მიეცით ჯანდაცვის სამინისტროს და რას უნდა ველოდოთ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში?
-ჩემი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული, მკაცრი, შეიძლება არასასიამოვნოც. რეკომენდაციები შეეხებოდა, პირველ რიგში, რეანიმაციული საწოლების მობილიზებას ქვეყნის მასშტაბით. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.
რაც მთავარია, მივხედოთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს. ჩვენ გვაქვს სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა, ამიტომ საველე ჰოსპიტლების გახსნა არის აბსურდი. ჩემი პოზიციაა, რომ არსებული რესურსი იყოს უფრო ოპტიმალურად გამოყენებული. მე ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვუთხარი, თუ სად არის რეზერვები და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. რამდენიმე დღეში შესაძლოა, ეს მექანიზმი ამოქმედდეს
-რამდენად დროული იყო ეს კომუნიკაცია და ხომ არ იყო დაგვიანებული?
-მე ამის შესახებ ვუთხარი. მინისტრმა თქვა, რომ ის იყო ძალიან დაკავებული და არ იცნობდა ჩემს მოსაზრებებს. გუშინ მან ნახა ჩემი ერთ-ერთი საჯარო ინტერვიუ და ამის შემდეგ დამიკავშირდა.
-რას იტყვით ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Pfizer Inc“-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ?
-ეს უფრო გავს უფრო ფინანსურ მაქინაციას, ვიდრე სიახლეს. უფრო ბევრი კითხვები არსებობს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, ვიდრე პასუხებია. ამ ფარმაკომპანიამ იმუშავა ფულზე.
არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, კომპანიამ იშოვა 82 მილიარდი აშშ დოლარი ერთ დღეში. ყველაზე ცუდი ამბავი არის, ის რომ იმ დღესვე ამ კომპანიის დირექტორებმა და მმართველებმა გაყიდეს თავისი კომპანიის აქციები. ესეც არის ნიშანი იმის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება.