„ვარდების რევოულიცია 2“ თუ ოპოზიციის დათმობა?!

„ვარდების რევოულიცია 2“ თუ ოპოზიციის დათმობა?!

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა, მაგრამ ოპოზიციისთვის ეს დასასრულის დასაწყისად იქცა. დაიწყო გამოსვლები, აქციები შეძახილებით - „ბიძინა წადი“, საოლქო უბნებში შეჭრა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, ამას კი დაკავებები მოჰყვა.

ოპოზიციის პროტესტი ნიშნავს თუ არა, „ვარდების რევოლუცია 2“-ის გამეორებას, ამ კითხვით for.ge-მ ყოფილ დეპუტატს, კობა ნარჩემაშვილს მიმართა.

კობა ნარჩემაშვილი: არა, „ვარდების რევოლუცია“ აღარ გამეორდება, რადგან მსგავსება საერთოდ არაა. ისტორიაში ასეთი რაღაცეები არ მეორდება.

მაშინ დღეს საქმე რასთან გვაქვს, როგორ შეიძლება ვითარება განვითარდეს?

- ორი მარგინალური ძალის დაპირისპირების პროცესია, რომელშიც საზოგადოების ნაწილია ჩართული, მეტი არაფერი.

ამბობთ, რომ ორი ძალის დაპირისპირება მიმდინარეობს და ამ დაპირისპირების ფონზე შეიძლება მესამე რეალური ძალა გამოჩნდეს?

მესამე ძალა თუ გამოსაჩენი იყო, აქამდე უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ, ჯერჯერობით ამის რესურსი ამ პოლიტიკური სისტემაში არ არსებობს. ანუ, გაერთიანების რესურსი არ აქვთ.

შეიძლება, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობდეს ეს სიტუაცია, რომელიც დღეს ქვეყანაშია?

- წესით, არ უნდა აწყობდეს. ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ მმართველ გუნდში ვინმეს გამბედაობა ეყოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

ჯამურად ოპოზიციამ ეს არჩევნები მოიგო და მათ 52% აქვთ. არ ურჩევნიათ პარლამენტში შესვლა?

- ოპოზიციამ როგორ მოიგო? უბრალოდ, თუ ოპოზიცია მოიგებს ამ 30-ვე ოლქს, ოპოზიციას დაემატება. მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ ღებულობს.

ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ ღებულობს, ითხოვს არჩევნების გაუქმებას და აქციებს მართავს, თქვენი აზრით, მათი ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს და თავიანთ საწადელს მიაღწევენ?

მყისიერ შედეგს არ გამოიღებს, თუმცა, ამაში გარკვეული პოლიტიკური ფასი ხელისუფლებას გადასახდელი ექნება. არ ვიცი, ეს ერთი წლის შემდეგ იქნება თუ არა, მაგრამ ის, რომ ამ პოლიტიკურ პროცესს თავის დაღს დაასვამს, ფაქტია. მე უფრო ვვარაუდობ, რომ ეს შედეგს გამოიღებს ერთ ან ორ წელიწადში.

კონკრეტულად, რა შედეგს გამოიღებს თქვენი ვარაუდით?

- ეს შეიძლება გამოიხატოს ვადამდელ არჩევნებში. რა თქმა უნდა, თუ ოპოზიციამ შეძლო და შეინარჩუნა ის ერთობა, რომელიც დღეს აქვს. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ერთობის შენარჩუნება იოლი არაა.

დიახ, ოპოზიციის ერთობის შენარჩუნება დღესაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

- ამიტომ გეუბნებით, რომ ამ თვალსაზრისით, სერიოზული განსაცდელის წინაშეა ოპოზიცია, რადგან ამ ერთობის შენარჩუნება, რომელიც ერთი შეხედვით აქვთ, საკმაოდ რთული იქნება. რასაკვირველია, თუ ეს ერთობა ვერ შეინარჩუნეს, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იქნება. მაგრამ, თუ შეინარჩუნეს ის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეჭქვეშ დააყენებს საერთოდ საპარლამენტო ცხოვრების ლეგიტიმაციას.

როგორ ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის გაერთიანებას ხელს შეუწყობს?

- ამ შემთხვევაში მიშა არის ინსტრუმენტი. პროცესის არსი სულ სხვა რამეშია. ძალიან ცდება ვინმე, თუ ფიქრობს, რომ მიშა არის პროცესის ღერძი. მიშა არის ერთ-ერთი აქტორი. „ოცნების“ ცუდი პოლიტიკის გამოა, რომ მიშა დღეს აქტორია, თორემ მიშა არ უნდა იყოს აქტორი.

მაშინ ვის ხედავთ ოპოზიციაში ლიდერად?

- ძალიან რთულია ამაზე საუბარი. 31 ოქტომბერს იყო არჩევნები და ვნახეთ, ამდენი სუბიექტიდან ვის რა შესაძლებლობა აქვს. დღეს ვინმე პოლიტიკური გაერთიანების გარეშე გახდეს ლიდერი, ძალიან ძნელი იქნება. ერთ დღეში ასეთი პროცესი არ ყალიბდება, ამას დრო სჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცალკე ებრძვის და ე.წ მეორე ოპოზიციური ძალა ყველაფერს აკეთებს, სხვა პოლიტიკური ძალების დისკრედიტაციისთვის.

როდემდე იქნება ოპოზიცია ერთად, ვხედავთ, რომ ისინი მაინც ერთიანად ცდილობენ არჩევნების გაუქმებას?

- იქამდე იქნებიან ერთად, ვიდრე ამ პროცესს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. თუ ოპოზიციურმა ძალამ საზოგადოების მხარდაჭერის მუხტი ვერ შეინარჩუნა, ეს პროცესები დიდ ხანს არ გაგრძელდება.

მათ ცესკოს ის მაინც გააკეთებინეს, რომ უბნები გაახსნევინეს და ოქმებს ახლიდან ათვლევინებენ...

- ოქმების გახსნამ, აუცილებლად, რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს, რადგან გამოჩნდება ვინ არის მართალი. რამდენიმე ათეული ოქმით შედეგი გამოიკვეთება. ტენდეცია გამოჩნდება, რა იყო ეს, იყო თუ არა ცუდად და გაყალბებულად ჩატარებული არჩევნები? მე ეს ყველაფერი მაინტერესებს არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ სამართლებრივადაც. თუ გამოჩნდება, რომ ვიღაცამ ეს გააფუჭა, ამას სამართლებრივი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს.

მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება?

- თუ სერიოზული უკანონო ქმედებები გამოვლინდა და სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვა, მაშინ საზოგადოებრივი უკმაყოფილება გაიზრდება.

მაგრამ ოპოზიცია სასამართლოს არ მიმართავს, რადგან მის ობიექტურობაში დარწმუნებული არ არის...

-ეს პოლიტიკური დღის წესრიგია. ძალიან რთულია ამის გარკვევა. პირდაპირ გეტყვით, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის მიმართაც არ მაქვს ნდობა და ასევე ხელისუფლების მიმართაც არ მაქვს ნდობა.

თქვენ მაინც ვისკენ იხრებით?

- მე ვიხრები იმისკენ, რომ ქართველი ხალხი სწორად ვითარდებოდეს. მინდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი სამართლიანად ხდებოდეს. ახლა გამოჩნდა, რომ არჩევნების ამ პირობებში ჩატარება ამორალური გადაწყვეტილება იყო, რაზეც პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას ეკისრება. არჩევნების პანდემიის პირობებში ჩატარება იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ყოველდღიურად საზოგადოება ამის შედეგებს იმკის.