„2003 წელს ამის მეათედი დარღვევები რომ ყოფილიყო, დამიჭერდნენ კი არა გამაციმბირებდნენ“

„2003 წელს ამის მეათედი დარღვევები რომ ყოფილიყო, დამიჭერდნენ კი არა გამაციმბირებდნენ“

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს. ჯერჯერობით გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთიანობა შენარჩუნებულია, თუ არ ჩავთვლით გუბაზ სანიკიძის გაურკვეველ პროტესტს და ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებას, რამაც აშკარა გახადა, რომ ოპოზიციის ერთობა არც ისე ძლიერია და ნებისმიერი ნაპერწკალიც კი შეიძლება დიდ პოლიტიკურ ხანძრად იქცეს. სავარაუდოდ, ოპოზიცია მანამ აპროტესტებს, სადამდეც თოკი მიყვება, პერსპექტივა კი ასეთია: მომავალი ოთხი წელი ან ქუჩის ოპოზიციის მანდატი, ან პარლამენტარის. რას აირჩევს ოპოზიცია, ამას სულ მალე გავიგებთ, მანამდე კი, აშკარაა „ნაციონალური მოძრაობა“ ძველი, 2003 წლის სცენარის გაცოცხლებას შეეცდება. ოპოზიციის სამიზნე, ამ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიაა, თუმცა ამ გვარის გვერდით, უკვე არაერთხელ გაიჟღერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ნანა დევდარიანის გვარმა. ნაციონალური ლოგიკა კი ასეთია - მაშინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რომ არ მისცეს პასუხისგებაში, იმიტომაც ყალბდება დღემდე არჩევნები. For.ge-სთან ინტერვიუში ნანა დევდარიანი ამბობს, რომ 2003 წელს, პარლამენტში ექვსი ოპოზიციური პარტია მოხვდა და თითოეულ პარტიას 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუხდა, რაც შეეხება მაშინდელი შედეგების გაყალბებას, ეს მინიმუმამდე იყო დასული.

ნანა დევდარიანი: სააკაშვილს რომ ვინმეს დაჭერის საშუალება ჰქონოდა, უკან რომ არ დაიხევდა, ამაში ეჭვი ხომ არ გეპარებათ? ცესკოში ხდება უბნებიდან მონაცემების დაჯამება და ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, მინდა შევახსენო, რომ მაშინდელმა სახელისუფლებო პარტიამ 21%-ზე ოდნავ მეტი მიიღო და არა 48%, მას მოყვებოდა „აღორძინება“ და მესამე ადგილზე იყო სააკაშვილი. რეალურად, ისეთი დარღვევები რომ ყოფილიყო, რა ოქმებიც დღეს ქვეყნდება, რომ ბალანს ვერ ადგენენ, რა თქმა უნდა, ამაზე გაცილებით უარესი ამბავი ატყდებოდა მაშინ, მაგრამ ამ არჩევნებთან 2003 წლის არჩევნები მონაგონია.

ოპოზიციის პრეტენზიები რამდენად რეალურია, მოდით ასე ვთქვათ, გაყალბდა თუ არა ეს არჩევნები?

- ამ მოვლენებს ისევ 2003 წელს დავუკავშირებ, ამისი მსგავსი ოქმები მაშინ არ ყოფილა, იქ ძირითადი პრეტენზიები ყო „აღორძინება“ - ზე, რომ ასლან აბაშიძემ არაადეკვატურად მაღალი ხმები მიიღო, მაგრამ ამისათვის არსებობდა სასამართლო პროცედურები, რომელიც არავის არ გამოუყენებია. ახლა მოგიყვანთ ერთი უბნის მაგალითს. 565 ბიულეტენი არის გამქრალი, ანუ, მოსულია ათას ორასზე მეტი ამომრჩეველი და ამოვიდა 600-მდე ბიულეტინი, დანარჩენი ხმები სად გაქრა, ამას ვერავინ ამბობს. აღარ ვამბობ იმას, რომ არის ბევრი უბანი, სადაც თითო ბიულეტინზე ნაკლებია, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ერთი მოუხაზავი ბიულეტენი გამოაქვთ გარეთ და ამით მერე აკეთებენ კარუსელს. იმ ერთს მოხაზავს რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი და მერე ეს ერთი ბიულეტენი ტრიალებს და არის მერე ერთით ნაკლები, და ასეთი მე რაც ვიცი, არის ათეულობით უბანი. ელემენტარულია, როდესაც ითვლი რამდენი ამომრჩეველია და რამდენია მოსული, ციფრებს ვერაფერს ვერ უზამ. ყველგან, სადაც დაისვა მოთხოვნა, რომ გადაითვალონ უბანი, მაშინ ჩვენ ცესკომ, პირადად ჩემი ინიციატივით ყველგან მივეცით უფლება, რომ თავიდან გადაეთვალათ. ახლა ეს მექანიზმი საერთოდ მოსპეს და გაანადგურეს, არ ითვლება უბნები, მაშინაც კი, როდესაც არსებობს დასაბუთება გაყალბების შესახებ.

ანუ, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს?

- ლეგიტიმურობა უკვე დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გარდა საარჩევნო ადმინისტრაციის პროცედურებისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახელისუფლებო პარტიის გარდა, ყველა პარტია, რომელმაც, ასე თუ ისე, ხმები მიიღო, კატეგორიულად აცხადებს უარს ამ პარლამენტში შესვლაზე. სულ რომ არ იყოს ის გაყალბებული ოქმები რაზეც ვილაპარაკე, ეს უკვე სრული საფუძველია ამ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის.

ხელისუფლება ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია უარს იტყვის საპარლამენტო მანდატებზე, ამ შემთხვევაშიც კი პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას.

- ვერ დაიწყებს, იმიტომ, რომ თუ ყველა პარტია შეასრულებს ამ სიტყვას და უარს განაცხადებს პარლამენტში შესვლაზე, მათ 91 დეპუტატზე მეტი არ უგროვდებათ და კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ პარლამენტი უფლებამოსილია თუ 2/3 მაინც არის. როგორ დაამტკიცებს კობახიძე ან მდინარაძე, რომ 91 არის 101, ეს ძალიან სასაცილო საყურებელია.

დავუშვათ, რომ ხელისუფლება აპირებდა არჩევნების გაყალბებას, შეარჩია ასე ვთქვათ ეს პრივილეგირებული პარტიები, რომლებსაც გადაუგდო 3-4 მანდატი და იფიქრა რატომღაც, რომ ეს პარტიები ამით კმაყოფილები იქნებოდნენ, იმის მიუხედავად, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამაზე ისინი არ წავიდოდნენ, რატომ არ გააკეთა გარკვეული გათვლა სხვა მცირე პარტიებზე, ვისთანაც უფრო, ასე ვთქვათ, იოლი იქნებოდა ლაპარაკი? ბოლოს და ბოლოს ერთპარტიულობაში მაინც არ დასდებდნენ ბრალს?

- იმისთვის, რომ ვიღაცას დაუმატო, ვინმეს უნდა მოაკლო. მაგრამ თავად მოკლების მაგივრად, უსაშველოდ დაიმატა ხმები. საერთოდ, არჩევნებს იმიტომ არ ატარებენ, რომ დაჯდნენ და წინასწარ იანგარიშონ ვის რამდენი ექნება. სცენარის განვითარება იქნება ის, რომ არც ერთი პარტია არ აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს და იძულებული გახდებიან დანიშნონ ვადამდელი არჩევნები, სხვა გამოსავალი ამ ვითარებიდან, უბრალოდ, არ არსებობს.

ექსპერტთა ნაწილი რევოლუციურ სცენარს განიხილავს..

- რაც ახლა ხდება, რევოლუციასთან არაფერი კავშირი არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი სამოქალაქო პროტესტი იმის გამო, რომ არჩევნებისადმი არ არის რწმენა და ხანდახან, ის უფრო მნიშვნელოვანია, როგორი რწმენა აქვთ ადამიანებს ვიდრე ის, თუ რამდენად პატიოსნად ჩატარდა არჩევნები. როგორც არ უნდა კარგად ჩაატარო არჩევნები, თუ ადამიანებს არ სჯერათ ამ არჩევნების, ვერანაირად ვერ დააჯერებ, თუმცა შემიძლია შეგახსენოთ, რომ 2003 წელს ექვსი პარტია მოხვდა პარლამენტში, ახლა რომ თავი მოსწონთ 1%-იანი ბარიერით, მაშინ 7%-იანი ბარიერი იყო. ანუ, მნიშვნელოვანია ადამიანების რწმენა, თორემ ისე 2003 წელს ამის მეათედი დარღვევები რომ ყოფილიყო, დამიჭერდნენ კი არა გამაციმბირებდნენ.

 

Aburjga Tasmanieli "ოპოზიცია სად იყვნენ თქვენი კომისიის წევრები, თქვენი დამკვირვებლები თითო უბანზე თორმეტზე ნაკლები დამკვირვებელი არ გყავდათ . რატომ მოაწერეს ოქმებს ხელი შენიშვნები რატომ არ ჩაწერეს ოქმში. დამკვირვებლებმა რატომ არ დარეკეს შტაბში რომ არჩევნებს აყალბებენო.მაგრამ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო წინასწარ.ქვეყნის არევა გინდათ. თქვენს ამბიციებს და სკამების სიყვარულს უნდა შესწიროთ ქვეყანა ხალხი?????!!!!"
3 წლის უკან