„არ გამოვრიცხავ, ნაციონალები ძალადობრივ სცენარზე წავიდნენ, რათა ხელისუფლების კონტრქმედება გამოიწვიონ და სისხლი დაიღვაროს“

„არ გამოვრიცხავ, ნაციონალები ძალადობრივ სცენარზე წავიდნენ, რათა ხელისუფლების კონტრქმედება გამოიწვიონ და სისხლი დაიღვაროს“

„მთავარია, არ მოხდეს ის რღვევა, რაც ხდებოდა 2003 წელს, როცა უშიშროების მაშინდელი მინისტრი პირდაპირ თანამშრომლობდა რევოლუციონერებთან და, როგორც მერე აღიარა, თავად ჩააცვა თურმე ჯავშანჟილეტი სააკაშვილს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ნაციონალები და მათ დროშას აყოლილი ოპოზიცია ხომ არ არიან დროში აცდენილები, როცა მასობრივ მობილიზაციას აანონსებენ? ისინი ხშირად იხსენებენ, რომ 2003-შიც ურჩევდნენ შევარდნაძეს, დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანა აცდებოდა რევოლუციას, მაგრამ შევარდნაძე მიიჩნევდა, რომ აქციაზე გამოსული სულ რაღაც 500 კაცის გამო არ ღირდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ერთ დღეში შევარდნაძე გადადგა.

- ნაციონალები და მათ ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია დროში ნამდვილად არიან აცდენილნი იმ კუთხით, რომ კარზე 2020 წელია და არა 2003 წელი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ადგილობრივ, ისე საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურის კუთხით, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ისევ 2003 წლის წარმატებული ვარდების რევოლუციის ნირვანაში დარჩნენ. ეტყობა, ჰგონიათ, იმავე მეთოდების გამოყენებით ახლაც შეძლებენ რაღაც შედეგის მიღწევას. თუ დააკვირდებით ბოლო 24 საათში მიმდინარე პროცესს, თუნდაც 12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლებმაც უკვე საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს და, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ სიტუაციურ მოკავშირეებად მოგვევლინენ, ასევე, იმ წერტილოვან საპროტესტო გამოსვლებს მათთან აფილირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისა, რომლებიც, მართალია, ირწმუნებიან, რომ დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ, სინამდვილეში, ყველამ იცის, ვისგან იმართებიან და ფინანსდებიან, რა თქმა უნდა, თვითონ პოლიტიკური პარტიების მიერ გადადგმული ნაბიჯები ზუსტად ისეთივეა, რაც ჯდება რევოლუციურ სცენარში. მათ სურთ, შექმნან ერთგვარი სურათი, თითქოს მათ მხარესაა სამოქალაქო სექტორი, თითქოს მათ მხარს უჭერს ხალხი, თურმე ეს არის ხალხის პროტესტი. მათ სურთ, ასეთი სურათი დაანახონ საერთაშორისო თანამეგობრობას და მერე უკვე მოახდინონ თავიანთი რევოლუციური სცენარის ლეგიტიმაცია. ვფიქრობ, ისინი გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს მანამდე, სადამდეც მუხტი ეყოფათ და შეძლებენ თავიანთი პარტიული აქტივის მობილიზებას. არ გამოვრიცხავ, წავიდნენ ძალადობრივ სცენარზე, კერძოდ, პარლამენტისა და მთავრობის შენობის შტურმზე, რათა ხელისუფლება კონტრქმედებაზე გამოიწვიონ, მოხდეს ვიღაცების დაზიანება, დაიღვაროს სისხლი, შესაძლოა, უფრო მძიმე შემთხვევებიც იყოს და ამის ფონზე ააგორონ ახალი საპროტესტო ტალღა.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ეს ჩანს კიდეც არჩევნების შედეგებიდან, რომელიც მხარს უჭერს ნაციონალებს. ამაზე თვალის დახუჭვა არ იქნებოდა მართებული, თუკი ემოციებისა და პოლიტიკური შემადგენლისგან დაცლილი ანალიტიკური ხედვით შევხედავთ ამ პროცესს. ისინი შეეცდებიან, საკუთარი მხარდამჭერების მეშვეობით წარმოაჩინონ პროცესი, როგორც სახალხო პროტესტის შედეგად გამოწვეული მღელვარება, რომ ამით გაამართლონ მოსალოდნელი ძალადობრივი სცენარი. დარწმუნებული ვარ, ეს სცენარი გეგმა „ბე“-ს სახით უდევთ არსენალში.

ეს „ქართული ოცნების“ მეტისმეტი ლმობიერებით ხომ არ აიხსნება? ბოლო დროს ისმის ასეთი მოწოდებებიც მმართველი გუნდის მიმართ, ზუგდიდში ბანკის მძარცველ ესებუას კი ნუ დასდევენ, არამედ გააკონტროლონ, სახელმწიფო გადატრიალებას ხომ არ აპირებენ ნაცები? რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, თუკი ისინი მართლაც გეგმავენ გადატრიალებას?

- სახელმწიფოს შეუძლია, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება იმისათვის, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და მოახდინოს ამ ყველაფრის ნეიტრალიზაცია. ეს არის სახელმწიფოს მთავარი დანიშნულებაც და შექმნილ სიტუაციაში სახელმწიფოს ერთ-ერთი მიზანიც ეს უნდა იყოს, რომ არ დაუშვას სიტუაციის აცდენა კანონს მიღმა, თორემ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია, ჩვენი ლიბერალური კანონმდებლობა ამ კუთხით მათ აძლევს ამის საშუალებას. მთავარია, არ გადაიკვეთოს წითელი ხაზები. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის, სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურები და არ მოხდეს ის რღვევა, რაც ხდებოდა 2003 წელს. იმ პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმი გადავიდა რევოლუციონერების მხარეს, უშიშროების მაშინდელი მინისტრი პირდაპირ თანამშრომლობდა რევოლუციონერებთან და, როგორც მერე აღიარა, თავად ჩააცვა თურმე ჯავშანჟილეტი სააკაშვილს, პარლამენტის შესასვლელი კარიც გაუღეს მას. ახლაც მთავარია, არ მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა. თუ ეს მოხდა, მაშინ სცენარი ხელისუფლების არასაკეთილდღეოდ განვითარდება. დავიტოვოთ იმედი, რომ დღეს ის მდგომარეობა არ გვაქვს, რაც 2003 წელს.

იმ პერიოდში სხვა რუსეთი, სხვა ამერიკა იყო, მაშინ ივანოვი ჩამოვიდა სააკაშვილის მხარდასაჭერად, მათ მხარეს იყო ძლიერი ბერკეტი - „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“…

- რაც შეეხება „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“, მაშინ მათ ერთი ტელევიზია ემსახურებოდა, დღეს კი ემსახურება მინიმუმ ხუთი ტელევიზია, მათ შორის, ის ტელევიზიებიც, რომლებიც საკუთარ თავს ვითომ მიუკერძოებლებს უწოდებენ. არ მინდა, ახლა დავასახელო ცალკეული ტელევიზიების და მათი წამყვანების გვარ-სახელები, აშკარად ჩანს მიკერძოება მათ გადაცემებსა და მათი განცხადებების პათოსში. ამას ემატება სხვადასხვა ინტერნეტგამოცემა, რომლებიც ნაციონალების სამსახურშია. გაიხსენეთ თუნდაც „newpost.ge“-სთან დაკავშირებული ისტორია, ეს ინტერნეტგამოცემა პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ სამსახურშია და, თუ არ ვცდები, მათთან კონტრაქტიც აქვს გაფორმებული, რომ მათ ინფორმაციული მომსახურება გაუწიოს.

თუმცა საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა მათ არ აქვთ.

- ხალხის უმრავლესობამ ვისაც დაუჭირა მხარი, ეს გამოჩნდა არჩევნების შედეგებში, მაგრამ არ არის ცოტა იმ ხალხის რაოდენობა, ვინც მათ მისცა ხმა. დაახლოებით ჯამში 700 თუ 800 ათასი ხმაა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ერგოთ.

თვით თამარ ჩერგოლეიშვილიც კი აღიარებს, „რამდენიც არ უნდა „ემაიმუნა“ თამარ ჟვანიას, მაინც ივანიშვილს 40%-ზე მეტი აქვს აღებული ხმების პარალელური დათვლებით“. ჰქონდა კი გასაყალბებელი თამარ ჟვანიას?

- დიახ, ასეა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და იქ კორექტივები შევა, „ქართული ოცნება“ მაინც მიიღებს 40%-ზე მეტ ხმას, რაც საკმარისია ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება. დავუშვათ, „ქართულმა ოცნებამ“ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა და ხელახლა მოხდა ბიულეტენების გადათვლა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ხმები მოემატოს კიდეც „ქართულ ოცნებას“. თუ მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე უბანში ოქმები გაყალბებული იყო, ან არასწორად იყო შევსებული „ქართული ოცნების“ საზიანოდ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 300-დან 500-მდე ხმა. ასე რომ, ჯერ კიდევ არ ვიცით, გადათვლის შედეგად რა მონაცემები დაიდება. იმ შემთხვევაშიც, თუ გადათვლის შედეგად ხმები წავიდა ოპოზიციის სასარგებლოდ, ეს მაინც ვერ შეამცირებს იმ პროცენტს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ის 4%-იანი დისბალანსიც რომ გავითვალისწინოთ, რაზედაც ახლა ოპოზიცია და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები აპელირებენ, ამ შემთხვევაშიც კი, „ქართულ ოცნებას“ რჩება 40-ს პლუს ერთი, რაც მას აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა.