ოპოზიციის „ვა-ბანკი“ თუ ფარული გარიგება  ხელისუფლებასთან - „პარლამენტში 8-ვე ოპოზიციურ პარტიას ვიხილავთ“

ოპოზიციის „ვა-ბანკი“ თუ ფარული გარიგება ხელისუფლებასთან - „პარლამენტში 8-ვე ოპოზიციურ პარტიას ვიხილავთ“

ოპოზიციის საპროტესტო მუხტი არ ცხრება და პოლიტიკური პარტიები პარლამენტის ბოიკოტირებას კვლავ აგრძელებენ. ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნები იგივე რჩება: აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და საარჩევნო ბარიერგადალახული პარტიები საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ. თუმცა, ამის ფონზე, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საბოლოოდ აზრს შეიცვლის და დეპუტატის მანდატებზე არც ერთი ოპოზიციური პარტია უარს არ იტყვის.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს პარლამენტში შესვლის წინააღმდეგია, საკანონმდებლო ორგანოში თავის საქმიანობას აუცილებლად დაიწყებს. ხელისუფლების წარმომადგენელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ დღესაც სწორედ მსგავს პროცესთან გვაქვს საქმე: „ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლას არ აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ორივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც მაშინ საარჩევნო ბარიერი გადალახა, საკანონდებლო ორგანოში, დეპუტატის მანდატით, სავარძელში ვიხილეთ“.

თუ რა აძლევს კობახიძეს ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს, უცნობია. მან „რუსთავი 2“-ის ეთერში არ ისურვა დეტალებზე საუბარი და არც ის უთქვამს, ხომ არ მიდის ოპოზიციურ სპექტრსა და ხელისუფლებას შორის ფარული კონსულტაციები თუ მოლაპარაკებები. მისი თქმით, ყველაფერი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა For.ge-სთან განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც მსგავს ფაქტს გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გარკვეული მოლაპარაკება მხარეთა შორის მიდიოდეს. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, კობახიძის პროგნოზი საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან დღეს საქართველოში არც თუ ისეთი მყარი ოპოზიცია გვყავს.

„ვერ ვიტყვით, რომ ეს პროგნოზი მოკლებულია ლოგიკას, რადგან ჩვენ საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ. სამწუხაროდ, სუსტი ადგილების პოვნა ყოველთვის შეიძლება საქართველოში, თანაც გასაგებია, რომ ხელისუფლება ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ ვიღაცა შეაშინოს, ვიღაცა იყიდოს, ვიღაცა ნაცებთან ურთიერთობით დააკომპლექსოს. ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული.

ერთია რაც საჯაროდ ითქმევა და მეორეა, რაც კულისებში ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ ასეთი სუსტი რგოლები იპოვოს. მას კარგად ესმის, რომ მარტო მუშაობა (პარლამენტში) დიდხანს ვერ გაგრძელდება და რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულისთვის გარდაუვალი იქნება. ასე რომ, მათ ეს მშვენივრად ესმით, უბრალოდ ვითომ ეს პრობლემა არ არის, ასეთ სურათს ხატავენ. ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებამ ყველა „მაიმუნობა“ ისწავლა, წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით ერგო, - არაფერზე უარი არ თქვეს. დაწყებული სპეცსამსახურებით, ყველაფერს გამოიყენებენ იმისათვის, რომ ვიღაცა დააშანტაჟონ, იყიდონ და „შეათრიონ“ ასეთი მეთოდებით პარლამენტში.

ახლა ფსონები იმდენად მაღალია, ოპოზიციური პარტია იდიოტი უნდა იყოს, რომ ასეთ გარიგებაზე წავიდეს. თუ გარიგებაზე არ წავლენ, დივიდენდი, საბოლოო ჯამში, მათ ბევრად უფრო მეტი ექნებათ, ვიდრე დღეს ხელისუფლებისგან შეიძლება აიღონ. როდესაც შეგიძლია, რომ მიიღო დიდი დივიდენდი, ორ შაურად არ უნდა გაიყიდო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ოპოზიციის, კერძოდ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი მორიგი რევოლუციის მოწყობაა, რაც, მისი თქმით, დღეს ნაკლებად მოსალოდნელია. იგი ფიქრობს, რომ ოპოზიციური სპექტრი საპროტესტო აქციებს გააგრძელებს მანამ, სანამ ყველა რესურსი არ ამოეწურებათ.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სხვა ოპოზიციური პარტიები „მძევლად“ ჰყავს, თუმცა, საბოლოოდ, შესაძლოა, გამოჩნდეს რომელიმე პარტია, რომელიც პარლამენტის ბოიკოტირებაზე უარს იტყვის და საკანონმდებლო ორგანოში შევა, რისი წინაპირობაც, მისი თქმით, დღეს რეალურად არსებობს.

„ტურბულენტურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ძნელად ექვემდებარება ევროპულ ქვეყნებში მიღებულ პოლიტიკურ წესებს და კანონებს, ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ფარული, კარს მიღმა კონსულტაციებიც. ცალკეული პარტიები შეფარულად აცხადებენ, რომ პარლამენტში არშესვლა არ არის მათი თვითმიზანი და თუ ოქმების გადათვლის შედეგად დადგება, მათი აზრით, სამართლიანი შედეგი, ისინი შეიძლება დაფიქრდნენ პარლამენტში შესვლაზე.

ასეთი განცხადებები ისმის მაგალითად „ლელოს“ მხრიდან. ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა მსგავსი განცხადება. სავარაუდოდ, შესაძლოა სხვა პარტიებიც ფიქრობდნენ ამაზე, თუმცა, სამწუხარო და სავალალო ის არის, რომ დღეს ყველა მათგანი, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთგვარ „მძევალად.“ ცდილობენ, რომ მათ აუბან მხარი პარლამენტის ბოიკოტირებაში.

ეჭვი მაქვს 8-ვე პარტია შევიდეს პარლამენტში, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა ისეთი მუხტი ააგორეს, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“ და მის ქვეშ გაერთიანებულ 10 პარტიას, არ მგონია, რომ მათ რადიკალურად შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება და უცებ გამოუცხადონ ამომრჩეველს, რომ „შევდივართ პარლამენტში“. ეს არასერიოზული იქნებოდა.

მოსალოდნელი სცენარი არის აქციების გაგრძელება. ეს გასტანს იქამდე, სადამდეც ეყოფად ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსი. სავარაუდოდ, გარედან მხარდაჭერის იმედიც აქვთ.

ვფიქრობ, ვა-ბანკზე მიდიან და თუ გამოუვიდათ ძალადობრივი სცენარის წარმატებით აღსრულება, ფაქტობრივად რევოლუციაზე მიდიან, მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენებენ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას. თუმცა, ეჭვი მაქვს ეს გამოუვიდეთ. არ მგონია, რომ მათ ბევრი ადამიანის გამოყვანა შეძლონ, რადგან ხალხს არეულობა და გაურკვეველი მომავლის განცდა უფრო აშინებს, ვიდრე ის, რომ „ოცნება“ მესამე ვადით ხელისუფლებაში რჩება“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli "ოპოზიცია სად იყვნენ თქვენი კომისიის წევრები, თქვენი დამკვირვებლები თითო უბანზე თორმეტზე ნაკლები დამკვირვებელი არ გყავდათ . რატომ მოაწერეს ოქმებს ხელი შენიშვნები რატომ არ ჩაწერეს ოქმში. დამკვირვებლებმა რატომ არ დარეკეს შტაბში რომ არჩევნებს აყალბებენო.მაგრამ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო წინასწარ.ქვეყნის არევა გინდათ. თქვენს ამბიციებს და სკამების სიყვარულს უნდა შესწიროთ ქვეყანა ხალხი?????!!!!"
3 წლის უკან