„ლოქდაუნი“ - ოპოზიციის მიერ გავრცელებული ფეიკნიუსი

„ლოქდაუნი“ - ოპოზიციის მიერ გავრცელებული ფეიკნიუსი

ოპოზიცია 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე ალაპარაკდა. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ქვეყნის სრულ ჩაკეტვას გეგმავს. ლოქდაუნის სავარაუდო გამოცხადებას გიგა ბოკერია იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლება ფორის შექმნას აპირებს, რადგან იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს. ამდენად, ამ საკითხთან დაკავშირებით ბოკერია დებატებს მოითხოვს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტული პარტიების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხელისუფლება არჩევნების შემდეგ „ლოქდაუნს“ აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. რეალურად, იქნება მხოლოდ წერტილოვანი მიდგომები, როგორიც დღეს გვაქვს.

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის შემთხვევები მზარდია, მოგვიწევს თუ არა არჩევნების შემდეგ მორიგი „ლოქდაუნის“ გადატანა და ხომ არ იქნება ხალხში ასეთი განწყობა, არჩევნები გადააგორეს და ამის მერე გამოაცხადეს „ლოქდაუნი“?

სტრატეგიააღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე სრულ ლოქდაუნს გამორიცხავს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ იურისტი არ არის, მაგრამ შეუძლია დაადასტუროს, რომ „ლოქდაუნის“ გამოცხადება იურიდიულადაც ვერ განხორციელდება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ნოემბრის დასაწყისში ეს ვერ მოხდება, რადგან 31 ოქტომბრიდან დაახლოებით ორი კვირის ვადაში მეორე ტური იწყება.

„გამოდის, მეორე ტურები ვერ ჩატარდება, რადგან გამორიცხულია, ნებისმიერი არჩევნები საგანგებო რეჟიმში ჩატარდეს. მაშინ პირველი ტურიც არალეგიტიმური იქნება. წარმოუდგენელია ამის გაკეთება, ხელისუფლებას თუ უნდა, ჩაშალოს არჩევნები, ამ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, არაგონივრული ნაბიჯები გადადგას. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ მეტ-ნაკლებად გონივრულ სცენარში ეს გამორიცხულია. კი ბატონო, სექტორული შეზღუდვები, წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება იყოს, სხვათა შორის, ეს ორი თვის წინაც უნდა გაეკეთებინათ სწავლასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით, რაც არ გააკეთეს. თუმცა სრული ჩაკეტვა ეს არის არეულობის სცენარი, რასაც, ეტყობა, ხელისუფლება თვითონ ფიქრობს თავის წიაღში“, -აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მისივე თქმით, არჩევნები რომც არ ტარდებოდეს, სრულ ლოქდაუნს ქვეყანა ვერ გაუძლებს, რაც იყო მარტ-აპრილ-მაისში სულ რაღაც 10-15 შემთხვევის გამო, ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკა საბოლოოდ ჩამოიშლება, ჯანდაცვაც ჩამოიშლება, რაც შეგვრჩა. ამიტომ ფართომასშტაბიან ლოქდაუნს სერგო ჩიხლაძე არ ემხრობა. მისი აზრით, ქვეყანა ამას რომ ვერ გადაიტანს, ამას ხელისუფლების მესვეურნიც კარგად ხვდებიან.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლოქდაუნი უნდა გამოცხადდეს, ფეიკნიუსია და ოპოზიციონრები შეგნებულად ძაბავენ სიტუაციას.

ანალიტიკოსის აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია კორონავირუსის განვითარების ტემპზე. თანდათანობით 2000-მდე ადის ინფექციის მასშტაბი, 6000 ათასზე რომ ავიდა ყოველდღიურად, პოლონეთმა გამოაცხადა წითელი ზონა და ჩაიკეტა ვარშავა.

„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუკი გავრცელების საშიში მასშტაბი მივიღეთ, მაშინ, გვინდა, თუ არა, ლოქდაუნის გამოცხადება აუცილებელი გახდება. ცხადია, ეს ჩვენს ეკონომიკას არათუ დაარტყამს, წელში გაწყვეტს, მაგრამ ეკონომიკას უკვე ვინღა ჩივის, როცა ადამიანების გადარჩენაზეა საუბარი. თუ დღეში 3000-4000 კაცი დაავადდა, ეს ნიშნავს, რომ თვეში 30-40% შრომისუუნარო იქნება. ეს უკვე სოციალური და პოლიტიკური უსაფრთხოების პირველი ინდიკაცია იქნება“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.