„ეს როგორ შეიძლება?!“ - იურისტები „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ უბნებზე იარაღით სიარულს დაუშვებლად მიიჩნევენ

„ეს როგორ შეიძლება?!“ - იურისტები „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ უბნებზე იარაღით სიარულს დაუშვებლად მიიჩნევენ

არავითარ შემთხვევაში არ არის კანონით დასაშვები იარაღის ტარება, პოლიციასაც კი არ აქვს ამის უფლება, - ასე ეხმაურება იურისტი ლია მუხაშავრია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების დიმიტრი შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის საარჩევნო უბნებზე იარაღის ტარების ფაქტს. იურისტის თქმით, იარაღის ტარება პირდაპირ არის სერიოზული კანონდარღვევა.

„რას ამბობთ?! ეს არის პირდაპირი აკრძალვა, არავინ არ დაიშვება იარაღით. არც პოლიცია არ დაიშვება, არა თუ კერძო პირები. ეს არის პირდაპირი და უხეში კანონის დარღვევა, ეს როგორ შეიძლება?!" - ამბობს ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის დიმიტრი შაშკინის საარჩევნო უბნებზე იარაღის ტარების ფაქტს მისი თანაგუნდელი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი გამოეხმაuრა. მან თქვა, რომ შაშკის იარაღის ტარების უფლება აქვს და დაამატა, რომ თავადაც იარაღით გადაადგილდება.

„შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს და მეც იარაღით გადავაადგილდები. ვიგებთ, მეგობრებო, ვიგებთ მაგრად - 65% -ით,"- განაცხადა ოქრიაშვილმა.

საარჩევნო უბნებზე იარაღის ტარების ფაქტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც. ის ამბობს, რომ ჩნდება ლოგიკური ეჭვები „ნაცმოძრაობის" დესტრუქციული ზრაღვების შესახებ. „სხვა რაში უნდა სჭირდებოდეთ საარჩევნო უბნებზე იარაღი?!" - აღნიშნა კობახიძემ.

„იარაღის ტარების უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, ყოფილ სამართალდამცველს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საარჩევნო პროცესს, ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებგებლობა და იქ დაუშვებელია, ვინმე იარაღით დადიოდეს", - ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩნდება ლოგიკური ეჭვები დესტრუქციულ განზრახვასთან დაკავშირებით. კობახიძე ამბობს, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის საფუძველზე მკაცრი პასუხი გაეცემა.

„რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც დადიან საარჩევნო უბნებზე? არაფერში. ბუნებრივია, აქ ძალიან ლოგიკური ეჭვები ჩნდება, რომ მათ აქვთ რაღაც დესტრუქციული ზრახვები და იარაღის დემონსტრირებაც ამ დესტრუქციული სცენარის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ, გვინდა, მათ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ნებისმიერი დესტრუქციის მცდელობა კანონის საფუძველზე ძალიან მკაცრად იქნება პასუხგაცემული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.