„მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღესაც მოუწოდებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ამბოხისკენ“

„მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღესაც მოუწოდებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ამბოხისკენ“

„ვარდების რევოლუცია მოხდა მაშინ, როცა გია გულუას სახელობის სპეციალური დანიშნულების რაზმის 200 კაცი გადავიდა მეამბოხე პოლიტიკური ოპოზიციის მხარეზე. დღეს კი საუბარია 500-მდე კარგად გაწვრთნილ ვეტერანზე, მათ შორის, დევი ჭანკოტაძეზე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მოთავე იყო ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ“,- აცხადებს for.ge- სთან საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

„ქართული ოცნების“ ლიდერშიპი აცხადებს, რომ ოპოზიცია ამბოხისთვის ემზადება. თავის მხრივ, ოპოზიციაც მიანიშნებს, რომ სიტუაცია ძალიან ჰგავს 2003 წლის მდგომარეობას, როცა გაისმა შევარდნაძის სიტყვები „სახლში მივდივარ“. შეცვლილია ცალკეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა რიტორიკაც, რომლებიც აქამდე მუდამ ინარჩუნებდნენ პოლიტკორექტულობას და დღეს უკვე გვესმის სიტყვები, „დავალეწავ ყველას ყველაფერს თავზე, ვინც გაბედავს და ხმებს გამიყალბებს“. რისთვის ემზადებიან ოპოზიციონრები, რადგან რევოლუციის სურვილი ერთია, მეორეა ხალხის მხარდაჭერა?

- დღევანდელ სიტუაციაში ყველანაირი სცენარია გასათვლელი, ეს რევოლუციური იქნება, თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. გარკვეულწილად, როგორც არ უნდა შეალამაზონ მისი ფორმები, 20 ივნისსაც აშკარად იყო გადატრიალების მცდელობა. მეორეა, როგორ აღიკვეთა მაშინდელი მცდელობა. სიტუაციის მოთელვა თუ გადათამაშება 20 ივნისს განხორციელდა. ახლა ჩვენს ირგვლივ გეოსტრატეგიული ვითარება საკმაოდ რთულია. ამასაც შეაქვს თავისი წვლილი სიტუაციის გართულებაში. პრინციპში, „ნაცმოძრაობამ“ დააანონსა თავისუფლების მოედნის დაკავება, ე.წ. კარვების ქალაქის გაშენება, ეს ძალიან მაგონებს მიხეილ სააკაშვილის მიერ „ახალი ძალების რუხის“ მიერ განხორციელებულ ქმედებას კიევში, როდესაც მათ სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული სახელმწიფო სამთავრობო სტრუქტურები ანალოგიური მეთოდით, ეს იყო პალატის ქალაქი და პოროშენკოს მოუწია სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ამის ასალაგმად.

„ვის მოუწყვია რევოლუცია მერიაში განცხადების შეტანით?''- ასეთია გიგი უგულავას პასუხი რევოლუციურ სცენარებზე საუბრისას.

- რომელ უგულავაზეა საუბარი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გახდა თბილისის მერი?

ანუ ოპოზიციის მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა?

- თუ გაუვათ, რატომაც არა. „ნაცმოძრაობა“ თვითონ გადატრიალების პარტიაა, ის გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მათ 2012 წლის ოქტომბერშიც სურდათ სახელმწიფო გადატრიალება, რაც მაშინდელმა ამერიკის და ჰოლანდიის ელჩებმა შეაჩერეს, თორემ ახალაია და მერაბიშვილი მზად იყვნენ ძალაუფლების ჩასაგდებად. ჩვენ ვიცით, მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღესაც მოუწოდებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ამბოხისკენ. რამდენადაც ვიცი, მას წაყენებული აქვს შესაბამისი ბრალდება ამ მიმართულებით, იმავე წელს 24 დაქირავებული უკრაინელი მებრძოლი დააკავეს თბილისში. სხვათა შორის, ამას მე და ბატონ ირაკლი კაკაბაძეს უნდა გვიმადლოდეს მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალა, რომ ჩვენ გავაფრთხილეთ ხელისუფლება ამ საფრთხის შესახებ. შემდეგ ჩატარდა რეიდები და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინფორმაცია მართალი იყო. დადასტურდა გეგმა, რომ სააკაშვილი და მისი თანამებრძოლები აპირებდნენ ამ გეგმის განხორციელებას. მით უმეტეს, ამ გეგმის განხორციელება მათთვის ადვილია ახლა, როცა დღევანდელი „ქართული ოცნება“ მაშინდელი „ოცნების“ ლანდიც კი არ არის. დღევანდელი „ქართული ოცნება“ გადაიქცა გარკვეული კლანების კოალიციად, „ოცნების“ პარტია ჩამოშლილია და ზუგდიდის ტერაქტმაც აჩვენა, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემებია. არ მინდა, არავის ბრალი დავდო, მაგრამ როგორც თვითონ აცხადებენ, შეიარაღებული თავდაცვის ძალების ოფიცერი ბანკის ფილიალს აყაჩაღებს და იყენებს იმ გამოცდილებას, რომელიც უნდა მოახმაროს სამშობლოს თავდაცვას და გაძლიერებას. ელემენტარულად, ეს სამხედრო პოლიციას, ან ჩვენს სპეცსამსახურებს არათუ ეპარებათ, არამედ ხდება ტერორისტის მოთხოვნების დაკმაყოფილება. დღემდე არ არის დაკავებული ტერორისტი. ამის შემხედვარე ასეთი რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებისთვის, ანუ „ნაცმოძრაობისთვის“ ეს არის სანუკვარი სცენარი.

სოციალურ-ეკონომიკური ვითარება უმძიმესია, „ოცნებამ“ დაკარგა თავისი რეიტინგი. „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონდეს ისეთი პოზიცია, როგორიც 2012 და 2016 წელს იყო, მაშინ ამას ვერავინ გაბედავდა.

2003-ში შევარდნაძემ დაგვიბარა, სახლში მივდივარო. დღეს ვინ იქნება ამ სიტყვების მთქმელი, თუკი რადიკალურად განვითარდება მოვლენები?

- იმიტომაც ვამბობ, ახლანდელი „ქართული ოცნება“ 2003 წლის მოქკავშირის ტიპის ეფემერულ ორგანიზაციას მაგონებს. ედუარდ შევარდნაძე იყო მოქკავშირის თავმჯდომარე, მაშინაც შევარდნაძე გაუჩინარებული იყო რადარებიდან. მესმის, ახლა ბიძინა ივანიშვილი შეიძლება დაკავებული კაცია, მაგრამ ის მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა და, როცა არ ჩნდება ტელესივრცეში, არ მართავს ბრიფინგს, ეს კითხვებს აჩენს. ის ხომ არ არის მართლაც არაფორმალური ლიდერი.

თქვენ კიდევ ერთ ნიუანსზე, გეოსტრატეგიულ ფონზე ამახვილებთ ყურადღებას, რადგან მთიანი ყარაბაღის ომი მძვინვარებს და არ აპირებს გაჩერებას. ესეც სიტუაციას დაამძიმებს საქართველოში?

- როდის გადმოინთხევა ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე, არავინ იცის. ირანზე უკვე გადმოინთხა ეს ომი და ირანმა თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზება მოახდინა, გააძლიერა თავისი საზღვარი. უკვე დადასტურდა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ მთიანი ყარაბაღის ომში, რამდენიმე დრონი დაეცა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ კი ამას ვითომ არ ვამჩნევთ. მთავარი ნიუანსი, რაც განასხვავებს სიტუაციას სხვა არჩევნებისგან, ის არის, რომ შეიქმნა ვეტერანთა 500-კაციანი გასამხედროებული ორგანიზაცია. 500-ია, თუ 250 კაცია, რა მნიშვნელობა აქვს, ქალაქის პირობებში 300 და 400 კაციც საკმარისია იმისათვის, რომ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება. ვარდების რევოლუცია მოხდა მაშინ, როცა გია გულუას სახელობის სპეციალური დანიშნულების შს სამინისტროს რაზმის 200 კაცი გადავიდა მეამბოხე პოლიტიკური ოპოზიციის მხარეზე. დღეს კი საუბარია 500-მდე კარგად გამოცდილ ვეტერანზე. მათ შორის, დევი ჭანკოტაძეა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყო ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. მან ჩაიდინა ღალატი, როცა სამაჩაბლოში საომარი ვითარების პერიოდში მოხსნა საარტილერიო დანადგარი, ჩამოიყვანა თბილისში და დაუმიზნა კანონიერ ხელისუფლებას, ანუ მონაწილეობა მიიღო მის დამხობაში. ასეთი ტიპის გენერალი აგვისტოს ომის დროს კიდევ რას აკეთებდა, ეს ცალკე თემაა, მისმა საარტილერიო გათვლებმა უბედურების მეტი რა მოუტანა საქართველოს. დაბომბვის შედეგად მოწინააღმდეგემ შეძლო ჩვენი შეიარაღებული ძალების მოგერიება და კონტრშეტევაზე გადასვლა, ამის შემდეგ მის ეფექტურობაზე რა უნდა ვთქვათ. ამას ემატება ისიც, რომ ე.წ. ოპოზიციას სულ ახლახანს ჰქონდა მცდელობა, შეჭრილიყო ცესკოს შენობაში, დიდი ეჭვი მაქვს, ეს იყო წინასწარი მოთელვა სიტუაციის. როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები და როგორი ეგზიტპოლებიც არ უნდა გამოცხადდეს, როგორც ჩანს, მზადყოფნაში არიან გარკვეული გასამხედროებული ჯგუფები, მოახდინონ ცესკოში შეჭრა და სიტუაციის ხელში აღება. ამას ემატება თავისუფლების მოედნის დაკავების სურვილიც მათი მხრიდან.

ეს ნიშნავს, რომ პოსტსაარჩევნო სიტუაცია ბუნდოვანია?

- არათუ ბუნდოვანია, არამედ სახელმწიფო გადატრიალების შტრიხები უკვე იკვეთება. ბუნდოვანი შეიძლება ყოფილიყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა სააკაშვილმა მოუწოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, იარაღით ხელში დაპირისპირებოდნენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ახლა კი გადატრიალების სურვილის შტრიხები აშკარაა.