„ჩილეშიც ასე დაიწყო სამხედრო გადატრიალება“

„ჩილეშიც ასე დაიწყო სამხედრო გადატრიალება“

ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მხრიდან საეჭვო „წამოცდენები“ სულ უფრო გახშირებულია და არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციას უფრო ხშირად უჩნდება ნოსტალგია რევოლუციური სცენარების მიმართ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანია „აიპიემმა“ დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა, პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგები არ დაგაკმაყოფილებთ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებელი პასუხი“-სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. თუმცა კობახიძე მიიჩნევს, რომ ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება, რადგან მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა.

ირაკლი კობახიძის მსგავსად ფიქრობს მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, ოპოზიცია 31 ოქტომბერს აქციას გეგმავს და ფსონს არეულობაზე დებს.

„ბოდვაა ბრალდება, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ“, - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები რევოლუციურ გეგმას ამზადებენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და, როცა ჩილეში სამხედრო გადატრიალება მზადდებოდა, 5 სექტემბერს სანტიაგოში დაიწყო ბანკების გაძარცვა, გატეხვა, რომელსაც, როგორც მერე აღმოჩნდა, სამხედრო პუტჩისტები, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამხედროები ახორციელებდნენ, რათა ქვეყანაში არასტაბილურობის ნიშნები შექმნილიყო. მოგვიანებით უკვე, 1973 წლის 11 სექტემბერს, ეს ყველაფერი დასრულდა სამხედრო გადატრიალებით, რომლის შედეგადაც, კანონიერი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე საკუთარ სასახლეში ჩაცხრილეს და ამის შემდეგ გამოცხადდა აუგუსტო პინოჩეტის სისხლიანი დიქტატურა.

ამდენად, ვახტანგ მაისაიას აინტერესებს, ზუგდიდის ბანკის ტერაქტის უკან რომელი პოლიტიკური ძალა დგას და რატომ იყო ეს კარგად ორგანიზებული აქცია, რომელმაც კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანა პოლიტიკური არასტაბილურობის შექმნაში.

„ან კიდევ, რას ნიშნავს გამოკითხვა, თანახმა ხართ, მიიღოთ მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალებაში? ეს ხომ პირდაპირი მინიშნებაა გადატრიალებისკენ. ედვარდ ლუტვაკმა, რომელიც არის გეოსტრატეგიული კვლევების კლასიკოსი, 1967 წელს დაწერა მშვენიერი წიგნი „სახელმძღვანელო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ“, სადაც მოყვანილია კონკრეტული მაგალითი, როგორ ხდებოდა აფრიკის ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება. გადატრიალების ერთ-ერთ მაგალითად წერია, რომ რამდენიმე დღით ადრე, სანამ მოხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, ერთ-ერთი პირი მოსახლეობას სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებდა და ფსიქოლოგიურად ამზადებდა. საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებული სოციოლოგიური კვლევა უმრავლესობის ლიდერშიპმა სწორად შეაფასა, რომ ეს სოციოლოგიური კვლევა პირდაპირი მიმართვაა სახელმწიფო გადატრიალებისკენ. იმის ილუზია არავის აქვს, რომ, თუ უგულავა და სააკაშვილი ერთმანეთთან ფარიკაობენ და ეჯიბრებიან კარატეში, ისინი არ გაერთიანდებიან და არ მოახდენენ ხელისუფლების უზურპაციას. ისინი ასეთი ტიპის კოალიციაზე უარს არ იტყვიან“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.

სტრატეგიააღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი აბსოლუტური აბსურდია.

„ირაკლი კობახიძის განცხადებები სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით არ ვიცი, რას ემსახურება. პანიკის დათესვას? სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ ადამიანების ბოლოდროინდელ გამოსვლებზე არ შეიძლება. როგორ უნდა გავაკეთოთ სერიოზულად კომენტარი, როცა კრიმინალს რომ ვერ ვიჭერთ, თურმე ოპოზიციის ან მედიის ბრალია. კოვიდპანდემია რომ მატულობს, ესეც ოპოზიციის ბრალია. აცდენილები არიან რეალობას. არ ვიცი, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ დაუკვეთა აიპიემ-ს ასეთი კითხვარი, ემხრობით თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობასო, მაგრამ არც ის ვიცი, ვის თავში იხარშება ასეთი იდეები, რომ ოპოზიცია თურმე გადატრიალებისთვის ემზადება. ეს საკითხი არ განხილულა და ეს არის აბსურდი და ტყუილი. არჩევნებამდე კიდევ არაერთ არაადეკვატურ განცხადებას მოვისმენთ „ქართული ოცნების“ ბატონების და ქალბატონების მხრიდან“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

 

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ძალიან რეალური შეკითხვაა?! დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გასხვისება შეიძლება და თუნდაც ასეთი კითხვის დასმა არა?! მითუმეტეს როცა ბოლო 30 წლის განმავლობაში 2- ჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება! პირველად 1991-92 წლებში. მეორედ 2003 წელს!
3 წლის უკან