„არ გამოვრიცხავ, გარეჯის ტერიტორიების გადაცემის აქსელერაციას სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებიც პროვოცირებდნენ“

„არ გამოვრიცხავ, გარეჯის ტერიტორიების გადაცემის აქსელერაციას სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებიც პროვოცირებდნენ“

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილს აეღო დიდი ფული, ან წილი რომელიმე ნავთობის ბიზნესში. როგორც პოლიტოლოგი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის რამდენიმე ათასი ჰექტარი ქართული მიწა პრინციპული არ არის, ასევე პრინციპული არ არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული შენობა-ნაგებობების ნაწილი და უარი არ თქვეს.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

მიმდინარე გამოძიება ადასტურებს, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ზედმეტად დამაჯერებელი იქნება. დავით გარეჯი რომ საქართველოს ტერიტორია არის, ეჭვი არავის ეპარება, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ფაქტია ისიც, რომ 2006–2007 წლებში რაღაცა მექანიზმებით აზერბაიჯანს გაუჩნდა პრეტენზია დავით გარეჯზე. როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით, მოტივით გაუჩნდა აზერბაიჯანს პრეტენზია?

ირაკლი გოგავა: საქართელოს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების გადაცემის მცდელობის ირგვლივ გამოძიებას ბევრი ელოდება. ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროს დათმობები განხორციელდა და საზღვრის დამდგენი ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე 2007 წლიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ ამ კომისიის მიერ მითითებულ ახალ ხაზზე. სავარაუდოდ, აზერბაიჯანი ცდილობდა, რომ მაღლობები მის ფარგლებში მოქცეულიყო, რადგან ეს საზღვრის უფრო ეფექტური მონიტორინგის საშუალებას იძლევა და არა მხოლოდ.

მათ დაინახეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის რამდენიმე ათასი ჰექტარი ქართული მიწა პრინციპული არ არის, ასევე პრინციპული არ არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული შენობა-ნაგებობების ნაწილი და უარი არ თქვეს. ახლა აზერბაიჯანმა რომ დაგვითმოს თავისი ნებით რაღაც საზღვრისპირა მიწები, სავარაუდოდ, ჩვენც არ ვიტყვით უარს. დაახლოებით ასეა საქმე.

ვხედავთ, რომ უკვე დღეს კვლავ „დაბრუნებულ“ 1938 წლის რუკას აზერბაიჯანული მხარე მშვიდად შეხვდა და არ ვფიქრობ, რომ გაართულონ საქმე, რადგან თავადაც იციან რაშია საქმე. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნებია და ბაქოში მშვენივრად იციან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობა ქართველთა სულიერებისთვის, ბევრი ამაზე ღიადაც საუბრობს იქ, სტატიებიც კი ქვეყნდებოდა ცნობილი ხალხის მიერ, რომ გარეჯი ქართველებისაა.

2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იყო საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა. დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ–ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება და საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება“. კალანდაძის დიპლომატია ცალკე თემაა, მაგრამ კალანდაძე სააკაშვილის გარეშე გააკეთებდა ამ განცხადებას?

– ეს ხელისუფლება უპრაგონოდ ყიდდა და ასხვისებდა ქართულ მიწებს: გარეჯი, ახალგორი, კოდორის ხეობა. ვიღაც რუსი გენერალი ახლახანს იხსენებდა, რომ 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ახალგორში შესვლას საერთოდ არ ვაპირებდით, საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვაო. გარეჯის თემა, ჩემი აზრით, სიხარბით იყო გამოწვეული. არავინ გადააწყვეტინებდა ასეთ საკითხებს არც კალანდაძეს და არც კომისიის წევრებს - ამ გადაწყვეტილებებს უშუალოდ სააკაშვილი იღებდა. დანარჩენები კი მისი ნების გამხმოვანებლები იყვნენ. ვიცით, რომ ერთი კაცი გაიქცა ამ კომისიიდან, როგორც ჩანს, არ სურდა ქართული მიწის გასხვისება-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება. ახლა გამოძიების დასადგენია რა მოტივაცია ჰქონდათ სააკაშვილს და სხვა მონაწილე პირებს. კრიმინალისტიკაში ყველა დანაშაულს აქვს მოტივი.

იგივეს აცხადებდა ნიკა რურუა, გოკა გაბაშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველო–აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად უნდა მოხდეს დავით გარეჯის, როგორც ტურისტული ზონის ათვისება. იგივეს აცხადებს დღეს ანა დოლიძეც. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ დავით გარეჯის გასხვისების საქმეზე მუშაობა დაწყებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ?

– სააკაშვილი ჩვენს ქვეყანას უყურებდა როგორც ბიზნეს აქტივს და რაშიც შეიძლებოდა ფულის შოვნა უარს არაფერზე ამბობდა. ასეთი წესი მოქმედებდა იმ დროს, არ არსებობდა წითელი ხაზები. აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტ რუსეთს გადასცა საქართველოს ენერგეტიკის დიდ ნაწილი, 200-ზე მეტი რუსული კომპანია შემოიყვანა და თან იძახდნენ რა მნიშვნელობა აქვს სადაურია ფულიო.

სტრატეგიული ობიექტები გაასხვისა, მეათედ ფასებში გაყიდეს ქართველი ხალხის ქონება: ფაბრიკა-ქარხნები, მიწები, ინფრასტრუქტურის ობიექტები, პორტი, რკინიგზაც კი მართვაში გადასცეს. რუსეთიდან სომხეთში მიმავალ მაგისტრალურ გაზსადენსაც ყიდდა „გაზპრომზე“, მაგრამ ამერიკელები ჩაერივნენ, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა და პირდაპირ აუკრძალა ამის გაკეთება. ამიტომ, თუ გარეჯი და სხვა ტერიტორიები ფულის სანაცვლოდ დათმო, არ გამიკვირდება. ასეთი იყო მისი მიდგომა ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ.

დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახეზეა უმძიმესი დანაშაული. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია სააკაშვილის როლი ამ საქმეში და რაც მთავარია, რატომ, რის საფასურად გადასცა საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანულ მხარეს?

– გავიმეორებ და ვიტყვი, სააკაშვილისთვის საქართველო იყო და არის ბიზნეს პროექტი, ხალხი კი მეწველი ძროხა. ის ყველაფრიდან ფულს შოულობდა. არ გამოვრიცხავ, რომ გარეჯის სანაცვლოდ აეღო დიდი ფული ან წილი რომელიმე ნავთობის ბიზნესში. მისი მოტივი გამოძიების დასადგენია. არ შეიძლება აქ არ ითქვას ირაკლი ღარიბაშვილის დადებითი როლის შესახებ ამ საკითხში. მან ფაქტიურად იხსნა არა მარტო ქართული ისტორიული ტერიტორიები, არამედ თუ ღრმა ანალიზს გავკეთებთ, იხსნა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, რადგან, ადრე თუ გვიან, ეს ამბავი გამჟღავნდებოდა და გახდებოდა ორ ქვეყანას შორის მინიმუმ უსიამოვნებების სერიოზული წყარო. არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემას ანუ გარეჯის ტერიტორიების გადაცემის აქსელერაციას სააკაშვილის ხელისუფლების დროს, სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებიც პროვოცირებდნენ, რათა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებში ხინჯი შეეტანათ. მისასალმებელია, რომ დღეს ოფიციალური ბაქო მშვიდად შეხვდა 1938 წლის რუკის „დაბრუნებას“.

როგორც გაირკვა 2007 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ცვლილებაც განახორციელა, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მომხარიყო აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის და კერძოდ, უდაბნოს და ჩიჩხიტურის გადაცემა. უმძიმეს საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა, თუმცა ყოფილი ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ ეს საქმე ხელისუფლებამ საარჩევნოდ წამოწია და, რომ აქ სადავო არაფერია. არჩევნების მოტივით, პროკურატურამ უარი უნდა თქვას ამ მძიმე დანაშაულის გამოძიებაზე? არჩევნები გამორიცხავს დანაშაულს, რომ ჩვენი ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანულ მხარეს და ამ ერთ–ერთი მტკიცებულება არის თამაზ გაიაშვილის წერილი...

– არჩევნებით პოლიტიკურ პარტიები და პოლიტიკოსები ცხოვრობენ. ყველა ერთად აღებულ 200-ზე მეტ პოლიტიკურ პარტიაში მოსახლეობის მაქსიმუმ 2-3% იყოს გაწევრიანებული. დანარჩენი 97% არ ვცხოვრობთ არჩევნების კალენდრით. ამიტომ ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როდის გახმაურდა საქმე. მთავარია ისტორიული ქართული მიწა დარჩეს საქართველოს და ქართული მიწის ნამდვილი გამყიდველი (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით) გამოვლინდეს. თამაზ გაიაშვილი პატრიოტი კაცია, ის აფხაზეთში დაფრინავდა ომის დროს და მან მკაფიოდ ისაუბრა საჰაერო-სანავაგიცაიო რუკებზე, რომლითაც ის, როგორც მფრინავი, რეგულარულად დაფრინავდა მათ შორის გარეჯის ტერიტორიების თავზე და ქართული ტერიტორიების შემცირების ცვლილება მხოლოდ 2007 წლიდან შეამჩნია.

კიდევ ერთი ვერსია, რასაც ნაციონალები ახმოვანებენ - დავით ხიდაშელმა რუკა რუსეთიდან მოიპოვა - მოდით, დავუშვათ, რომ რუსეთიდან მოიპოვეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის რუკა ავთენტური არ არის? იმიტომ, რომ მტკიცებულება შეიძლება ყოფილიყო რუსეთში, უარი უნდა ვთქვათ დავით გარეჯზე? ასეთია ნაციონალების ლოგიკა, რომლებმაც მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსეთს, შემთხვევით არ მომხდარა კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, სანაკოევის შემოყვანა და ახალგორის დარქმევა, რასაც მოჰყვა ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა; 2008 წლის აგვისტოს ომი და სწორედ ამ დროს ენგურჰესის რუსეთისთვის გადაცემა. აი, ეს ძალა საუბრობს დღეს მამა კირიონის და ირაკლი ღარიბაშვილის რუსეთთან კავიშირზე...

– ეს კლიშეების და იარლიყების სროლა აღარ მუშაობს. აგერ ტრამპსაც რუსეთის კაცს ეძახიან, რაც პრეზიდენტი გახდა. ეს ტექნოლოგიის ნაწილია, ამით სურთ ოპონენტის დისკრედიტაცია, მაგრამ აღარ მუშაობს. ეგ ხალხი ვინმეს რუსეთის აგენტს თუ დაუძახებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პატრიოტ კაცთან გვაქვს საქმე დიდი ალბათობით - ასეა რეალურად. ამ დროს სააკაშვილი თავად რუსეთმა მოიყვანა ხელისუფლებაში, რუსეთის საგარეო მინისტრი ივანოვი წინ და უკან დარბოდა თბილისში, რომ სააკაშვილი ჯერ თბილისში დაესვა და შემდეგ აჭარაც ჩააბარეს.

თვითონ წამოცდა ერთ-ერთ უკრაინულ ინტერვიუში 40-ჯერ შევხვდი პუტინსო და ოფიციალური ინფორმაციით, თუ კარგად მახსოვს, 5-6 ჯერ არის შეხვედრილი - ძირითადად დსთ-ს პირველ პირთა შეკრებებზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართებოდა. 2006 წლიდან კი ოფიციალურად აღარ შეხვედრიან ერთმანეთს. ჰოდა, ვინ არის ახლა რუსეთის აგენტი?! რატომ უმალავდა პუტინთან შეხვედრებს ქართველ ხალხს? რაზე საუბრობდნენ? რა მოილაპარაკეს ამ 30-ზე მეტ ფარულ შეხვედრაზე? სად ხვდებოდნენ ერთმანეთს? ვინ ესწრებოდა? - უამრავი კითხვა ჩნდება.

ირაკლი ღარიბაშვილს ეტყობა, რომ სამშობლოს მიმართ სენტიმენტები აქვს და საქვეყნო საქმე გააკეთა, ასეთი ხალხი დასაფასებელია. გარდა ამისა, ის უკვე შევიდა ქართულ მეხსიერებაში როგორც ადამიანი, რომელმაც დაიცვა ოჯახის სიწმინდის ცნება. შედარებისთვის კვირიკაშვილი ნარკოტიკების დაშვებით შევიდა ხალხის მეხსიერებაში. სხვათა შორის, ჯარშიც ემადლიერებიან ღარიბაშვილს - მე ასე ვიცი. ცუდია, რომ მას უზღუდავენ გავლენას პარტიაზე, დარწმუნებული ვარ მის ხელში „ოცნება“ უფრო სახალხო იქნებოდა.

მამა კირიონმა კი რკინის ქალამნები ჩაიცვა და შეუძლებელი შეძლო. მამა ილარიონსაც მინდა მადლობა ვუთხრა საჯაროდ - ის გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტია და საერთოდ გარეჯის მონასტერში ბერები არ არიან „აქაურები“, ვგულისხმობ, რომ არ არიან მიწიერები, წმინდა ხალხია, მე ასეთი საქართველო და ქართველები მიყვარს, მათი ლოცვის მადლით არის ეს ქვეყანა თუ არსებობს ჯერ კიდევ. მსოფლიო პოლიტიკის კანონზომიერებით ჩვენ დიდი ხნის გადაშენებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ გვფარავს უფალი ყოველგვარი დიალექტიკური კანონების საწინააღმდეგოდ. საერთოდ, ქართველებმა კარგად უნდა გავიგოთ, საპატრიარქო არის ორგანიზაცია, სადაც ყველაზე მეტია პატრიოტების კონცენტრაცია. მონასტრებში კი სადაც ბერები არიან, კიდევ უფრო მეტი.

მათ, ვინც ამბობს, რომ აქ, საზღვრების საკითხში, არავისი ბრალეულობა არ არის, აზერბაიჯანლებისთვის არავის მიუცია ნება ჩვენ ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ და დამდგარიყვნენ, ჩვენთან საუბრისას კითხვით მიმართა მამა ილარიონმა: „მინდა ვკითხო, რა გამოდის? მათ თავისი ნებით განახორციელეს ეს აქტი და შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე? ე.ი. ომი დაიწყეს? – ასე ამბობენ და ასე გამოდის. იმიტომ, რომ ომი სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ შენს ტერიტორიაზე შემოდის სხვა ქვეყნის ჯარისკაცი იარაღით ხელში. ის გაისვრის, თუ არ გაისვრის, ეს უკვე სხვა საკითხია. რას ამბობენ ესენი – ანექსირებული აქვს აზერბაიჯანს ჩვენი ტერიტორიები, თუ ნებართვა ჰქონდათ მიცემული, რომ იქ დამდგარიყვნენ?“ ნაციონალები გაურბიან ამ კითხვაზე პასუხს. როგორ ფიქრობთ, ყოფილი ხელისუფლების ნებართვის გარეშე შემოვიდოდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენს ტერიტორიაზე?

– აზერბაიჯანელები შემოვიდნენ და დადგნენ ახალ ხაზზე ერთობლივი კომისიის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებით, რაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დავალების გარეშე ვერ მოხდებოდა. მკაფიო ლოგიკაა მამა ილარიონის განცხადებაში. ზუსტად ასეა. ამ საკითხის გამართლება არ არსებობს. ახლა ხალხი გაჩუმებულია, ელოდება გამოძიების შედეგებს, ეს თემა ასე არ ჩაივლის. საზოგადოებაში დუღილია და მოლოდინი აღსრულდეს სამართლიანობა.