„მძიმე სიტუაცია იქნება ნებისმიერი მთავრობისთვის, ეს იქნება კოალიციური მთავრობა, თუ „ქართული ოცნება“ რაიმე მოდიფიკაციით“

„მძიმე სიტუაცია იქნება ნებისმიერი მთავრობისთვის, ეს იქნება კოალიციური მთავრობა, თუ „ქართული ოცნება“ რაიმე მოდიფიკაციით“

„ზუსტად ეს არის კოალიციური მთავრობის ხიბლი, რომ სხვადასხვა პარტიაში მოკალათებული არც ერთი პროფესიონალი არ დაიკარგება, განსხვავებით, „ქართული ოცნებისგან“, რომელშიც მხოლოდ კორუფციაში ჩაფლული ადამიანები არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სტრატეგია „აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

ანალიტიკოსთა ნაწილი პოსტსაარჩევნო სიტუაციას ბუნდოვნად ხედავს. ისინი ამბობენ, ხელისუფლებამ რომც მოიგოს ეს არჩევნები, იმდენად სუსტი ლეგიტიმაცია ექნება, შესაძლოა, ოთხი წელიც ვერ გაძლოს და ვერ შეინარჩუნოს ძალაუფლება. თქვენი აზრით, ამ არჩევნებსაც გაჰყვება ტრადიციული ხაზი-ბრძოლა ორ უკიდურეს პოლუსს შორის, რასაც ჰქვია ე.წ. ნაცები და ქოცები? რა სცენარს ელით არჩევნების მეორე დღეს?

- ორ პოლუსს შორის ბრძოლა არ იქნება, რადგან ძალიან ფართოა ახლა ოპოზიციური სპექტრი და ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ან „ნაცი“, ან „ქოცი“. ამის საშიშროებას ვერ ვხედავ, ეს არის მოგონილი თემა, რომელსაც „ქართული ოცნება“, ჟარგონულად რომ გითხრათ, აწვება. მას აწყობს მხოლოდ ეს თემა, მე თუ არა, ნაცები მოდიან. სინამდვილეში, იმავე კვლევებს თუ გადავხედავთ, ოპოზიციურ სპექტრში შემავალი სხვადასხვა პარტია მთლიანობაში უფრო მეტ პროცენტს აგროვებს. მათ შორის, საუბარია სტრატეგია „აღმაშენებელზე“, რომელიც სტაბილურად მესამე ადგილზეა „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ შემდეგ. ასე რომ, ეს დილემა არ დგას, ან „ქოცი“, ან „ნაცი“. რაც შეეხება ხელისუფლების ლეგიტიმაციას, გეთანხმებით, რომ მძიმე სიტუაცია იქნება ნებისმიერი მთავრობისთვის, ეს იქნება ახალი კოალიციური მთავრობა, თუ „ქართული ოცნება“ რაიმე მოდიფიკაციით, მაგრამ ვეჭვობ, ასეთი მოდიფიკაცია იყოს, რადგან შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ რვაწლიანი ჩაფლავების მერე კვლავ გააგრძელოს მოღვაწეობა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 თვეში შეინიშნება ჩავარდნები, რასაც ვხედავთ კორონავირუსთან მიმართებით, ეკონომიკის ჩამოშლასთან, ახალ სამუშაო ადგილთა არარსებობის პირობებში. მარტო სამთავრობო კვლევებში აქვთ მათ 50%-ზე მეტი, თორემ ყველა სხვა კვლევით, მთლიანობაში, ჯამურად ოპოზიცია ბევრად უსწრებს „ოცნებას“. ნებისმიერ შემთხვევაში, მძიმე ზამთარი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისით ვხვდებით ამ ზამთარს, კორონავირუსი ძალას იკრებს, პლუს ამას ემატება სეზონური გრიპის შემთხვევები და ის მოუმზადებლობა, რაც 7 თვის განმავლობაში აჩვენა ამ ხელისუფლებამ, ეს ყველაფერი მძიმე კრიზისს უტოვებს მომავალ მთავრობას.

ის ფაქტი, რომ „ოცნებამ“ ფალსიფიკაციით განაგრძოს არსებობა, მთლიანად დაუკარგავს მას ლეგიტიმაციას. უკმაყოფილება, რაც ყოველდღიურად იზრდება, და თვითონაც გრძნობენ ამას, გადავა რადიკალურ ფორმებში, რაც არც მათთვისაა კარგი, არც ქვეყნისათვის. შეიძლება, ისინი ამას ვერ აცნობიერებენ, გამომდინარე მათი უგუნური ქმედებიდან, რასაც ვაკვირდები, მაგრამ ეს არის მოცემულობა. კოალიციურ ხელისუფლებასაც მძიმე გამოწვევები დახვდება, უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ხელისუფლება იქნება, მოსახლეობის თვალში თავდაპირველად ექნება გარკვეული კარტ-ბლანში, თუნდაც 6-7 თვის განმავლობაში. მათ დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რომ გონივრულად, ეფექტურად, შემჭიდროებულ ვადებში იმოქმედონ. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა 7 თვის განმავლობაში კორონავირუსთან მიმართებით, მათ ერთ თვეში უნდა გააკეთონ. ის, რაზეც რვა წელიწადი დავკარგეთ, რამდენიმე წელიწადში უნდა ამოიქაჩოს, ეს უნდა იყოს პრაგმატული გადაწყვეტილებები, კრიზისმენეჯერული უნარები უნდა გამოვლინდეს.

რაც მთავარია, კოალიციურ მთავრობაში იქნებიან პროფესიონალები ყველა დარგის მიმართულებით. თუნდაც ოპოზიციურ პარტიებს რომ დავაკვირდეთ, ყველა მათგანში არის საინტერესო რესურსი ყველა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკით, ჯანდაცვით, განათლებით... ზუსტად ეს არის კოალიციური მთავრობის ხიბლი, რომ სხვადასხვა პარტიაში მოკალათებული არც ერთი პროფესიონალი არ დაიკარგება, განსხვავებით, „ქართული ოცნებისგან“, რომელშიც მხოლოდ ფულის მკეთებელი და კორუფციაში ჩაფლული ადამიანები არიან.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველს აფრთხობს, სააკაშვილი როგორმე არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. შესაძლოა, ცალკეულ ადამიანებს ოპოზიციაში იგი უძლიერეს პოლიტიკოსად მიაჩნდეთ, მაგრამ ასე არ ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. თუკი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, სააკაშვილის როლი და ადგილი როგორი იქნება?

- სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აქ მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი, სანამ ის საქართველოს მოქალაქე გახდება და რაიმე პოსტის დაკავება შეეძლება. მეორეც, ნებისმიერი მოქალაქის დევნა უნდა შეწყდეს და, თუ ვინმესთან რაიმე სამართლებრივი პრობლემა და პრეტენზიაა, ეს უკვე დამოუკიდებელმა, დეპოლიტიზებულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ასეთ საფრთხეს, რადგან კვლევებით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სადღაც 20%-ის ფარგლებშია, შესაბამისად, ოპოზიცია ჯამურად თუ იმარჯვებს 50-60%-ით, ამაში ნაციონალების 20% არაა გადამწყვეტი, რომ მთლიანად მოახდინონ ან მთავრობის დაკომპლექტება, ან პრემიერ-მინისტრის დამტკიცება, ამიტომ ეს საფრთხე არითმეტიკულად არ დგას.

თუმცა სააკაშვილის რეჟიმთან ოდესღაც შეურიგებელ მებრძოლებს, გუბაზ სანიკიძეს და სხვებს ბოლო დროს სააკაშვილის მიმართ გარკვეული სენტიმენტები გაუჩნდათ. რა გარანტიაა, რომ ერთიან ოპოზიციაშიც არ შეიცვლება განწყობა მიშას სასარგებლოდ?

- ჩვენ ვლაპარაკობთ არსებულ პოლიტიკურ პარტიებზე, ყველას ჰყავს თავისი პრემიერები, ჩვენ გვყავს ჩვენი პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, ამიტომ არითმეტიკულად არ დგას მიხეილ სააკაშვილის უპირატესობის საკითხი, რადგან 60%-ს თუ აიღებს ოპოზიცია, იქიდან 20%-ია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, შესაბამისად, 20% ვერ გადასძალავს 40%-ს. ერთპიროვნული მმართველობის საფრთხე არ დგას. ამ სენტიმენტებს, მე თუ არა, მიშა დაბრუნდება, თესავს „ქართული ოცნება“, რასაც ის წარმატებით ახორციელებდა ბოლო რვა წლის განმავლობაში.

სააკაშვილიც ხელს უწყობდა ამაში ყოველი არჩევნების წინ თავისი გააქტიურებით.

- ვინ რას უწყობდა ხელს, ამას სააკაშვილის მომხრეებმა უნდა გასცენ პასუხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვყავს ჩვენი კანდიდატები, ხედვები, ეს ყველაფერი შეჯერდება და კონსენსუსამდე მივალთ, მაგრამ იმის დილემა არ დგას დღეს და ეს საზოგადოების დიდმა ნაწილმაც დაინახა, რომ ერთპარტიული მმართველობის საფრთხე აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ზუსტად ამის საშუალებას იძლევა, რომ არც ერთ და არც მეორე მხარეს არ იყოს ერთპიროვნული მმართველობის საფრთხე. ელემენტარულად, პროგრამაც კი არ წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“, რაც გააკეთეს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ, ძველი კარტის გათამაშებაა, რაც 2016, 2018 წლებში გააკეთეს, მაგრამ არ გამოდის ასე და თუნდაც მანიპულატორული კვლევებითაც კი ჩანს, რომ ეს ასე არ იქნება.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა თუკი 25-30%-ია, ეს ადამიანები ვის სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ხომ არ იქნება ეს არჩევნები პასიური?

- გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, უმეტესწილად, როგორც ეს მსოფლიოშია, ოპოზიციურადაა განწყობილი, რადგან ხელისუფლების მომხრე ყოველთვის ამბობს, რომ ხელისუფლებას აძლევს ხმას. გადაუწყვეტელებს შორის კი ნაწილი ან მართლაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ან არ სურს გამჟღავნება, ვის აძლევს ხმას. თუ არ სურს გამჟღავნება, ეს ოპოზიციური ამომრჩეველი იქნება. ელექტორატის აქტივობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, კოვიდპანდემიაზეც. მე ვთვლი, საკმაოდ დიდი აქტივობა იქნება, დაბალი აქტივობა ხელს აძლევს ხელისუფლებას, რადგან თავის ამომრჩეველს ადმინისტრაციული რესურსით, საჯარო მოხელეებს ყოველთვის მოიყვანს, ეს არის მათი დღის წესრიგი, ამის იმედი აქვთ. ზუსტად იმაზე აქვთ გათვლა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ხალხი, ვინც 26-ის მერე ვერ გაივლის რეგისტრაციას, „ოცნების“ სასარგებლოდ „იმუშავებს“. დღიურად უკვე იმდენი ათასი ინფიცირებულია, ამას ემატება მათი უშუალო კონტაქტები, თვითიზოლაცია, შეიძლება 50 ათას ადამიანამდე ავიდეს ასეთი ადამიანების რიცხვი. გამოდის, რომ, მთლიანობაში, ათი ათასამდე ადამიანი მარტო ამ კოვიდპანდემიიის რეგულაციების გამო ვერ მივა არჩევნებზე და ვერ მისცემს ხმას, რაც მიმსვლელი ამომრჩევლის დაახლოებით 5%-ია. ასეთ ხრიკებს, რა თქმა უნდა, გამოიყენებს „ქართული ოცნება“, მაგრამ მაღალი აქტივობა აწყობს ოპოზიციას, დაბალი აქტივობა - ხელისუფლებას. სამწუხაროდ, საერთაშორისო დამკვირვებლები ცოტანი ჩამოვიდნენ წელს კოვიდპანდემიის გამო, მაგრამ არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ისინი აკვირდებიან ჩვენს არჩევნებს.

 

 

გრიგორი აზრზეც კი არაა ეს ტიპი ! ამაზე იტყვიან ტყემალზე ზის და ბალს კრეფსო. "ლელოს" ჰქონდა შანსი გამხდარიყო მესამე, ალტერნატიული ძალა, მაგრამ ვერ გამოიყენა ეს შანსი. შალიკიას ფანჩატურში მესამე ძალა ვერ და არ წარმოიშვებოდა !!!
3 წლის უკან