„ნაცმოძრაობის“ მასშტაბური აქცია ანუ „დივერსიული აქტი“ მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე

„ნაცმოძრაობის“ მასშტაბური აქცია ანუ „დივერსიული აქტი“ მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე

თბილისში „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის გამართვას აანონსებს. პარტია შეკრებას 29 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გეგმავს, სადაც ისინი აჩვენებენ მათ „ურყევ ნებასა და პრინციპულ გადაწყვეტილებას.“ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციური პარტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მასშტაბურ ღონისძიებას მართავს, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები „შეგნებულ დივერსიულ აქტს“ უწოდებენ. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ხალხის ნებისმიერი თავშეყრა კორონავირუსის შემთხვევების ზრდასა და არსებული ეპიდსიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, 29 ოქტომბერს აქციის მონაწილეები ყველა იმ წესს დაიცავენ, რისკენაც მედიკოსები მოსახლეობას ყოველდღე მოუწოდებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ სამედიცინო პირბადეები, თუმცა თავისუფლების მოედანზე, სადაც „ნაცმოძრაობა“ ათასობით ადამიანს მოსვლისაკენ მოუწოდებს, რამდენად შეძლებენ დისტანციისა და სხვა წესების დაცვას, უცნობია.

მიიღო თუ არა ოპოზიციურმა პარტიამ აქციის გამართვის ნებართვა, ინფორმაციისთვის For.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ თავად მერია ნებართვას არ გასცემს, - მათ მიმართვენ ცნობით, რომ ესა თუ ის პარტია გეგმავს გარკვეული ღონისძიების ჩატარებას. მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ინფორმაციით მათ უკვე მიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილზე არეგულირებას ამ საკითხს, თუ ხდება დემონსტრანტების დიდი რაოდენობით შეკრება. განცხადება ჩვენთან შემოტანილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას.“ თანხმობას ჩვენ არ გავცემთ, უბრალოდ ვიღებთ ინფორმაციას, რომ აპირებენ მსგავსი ტიპის ღონისძიების გამართვას. ჩვენ არც ნებართვას გავცემთ და არც ვკრძალავთ. ვიღებთ ამას როგორც ინფორმაციას“, - გვითხრეს მერიაში.

ამის შედეგად შესაძლოა თუ არა მორიგი ეპიდაფეთქება მივიღოთ და საერთოდაც, რამდენად გამართლებული მასშტაბური აქციის გამართვა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ამის შესახებ For.ge ინფექციონისტებსა და ანალიტიკოსებს გაესაუბრა.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ნებისმიერი თავშეყრის შედეგად, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე ეპიდსიტუაცია მივიღოთ. შესაბამისად, იგი მოსახლოებას მოუწოდებს წესები დაიცვან, რომ თავიდან იქნას აცილებული ინფიცირების შემთხვევათა ზრდა.

„უკვე ძალიან აირია სიტუაცია. ინფიცირების დიდი რაოდენობაა და ჩვენ, სამწუხაროდ, ვერაფერს ვაკონტროლებთ. შესაძლოა, ამაზე უარესიც ყოფილიყო, მაგრამ ამავდროულად, ადამიანების ნებისმიერი თავშეყრა ინფექციის გავრცელების დიდ რისკს შეიცავს, მით უმეტეს, ვირუსი აქტიურობის პიკს აღწევს თავისი მექანიზმის გააქტიურებით, რადგან პასაჟირება ვირუსის გააქტიურებას იწვევს. ადამიანების ნებისმიერი ახლო კონტაქტი კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ ვირუსის გადაცემა უფრო აქტიურად მოხდეს და მეტი ინფიცირებული გვყავდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

კიდევ ერთი ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ შეკრება და აქციის გამართვა კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა, მნიშვნელოვანია წესების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინფიცირებისა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება მოსალოდნელია.

„სანქცირებული აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა, ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, უნდა იყოს დაცული წესები. ეს არის დისტანცია, პირბადის გამოყენება. თუ უნდა დაირღვეს ეს წესები და ადამიანის დაინფიცირების რისკები გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიუღებელია,“ - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.

ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ გვითხრა, რომ სამართლებრივად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის გამართვის უფლება აქვს. თანაც, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება რაიმე ფორმით მათ შეკრებას აკრძალავს, ეს ოპოზიციის მხრიდან ნეგატიურად იქნება შეფასებული. მისივე თქმით, აქციის გამართვა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების თარიღი გადაწიოს.

„მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და კანონით ეს ყველაფერი დაშვებულია, ოღონდ იმ წესების დაცვით, რითაც ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები მოითხოვენ. ასე რომ, თუ იურიდიულ მხარეს გავითვალისწინებთ, აქ არანაირი დარღვევა არ არის. თუ პოლიტიკურ მხარეს შევხედავთ, დღევანდელი ხელისუფლებისთვის უმჯობესია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატაროს ეს აქცია, ვიდრე რაიმე ზომები იქნას მიღებული, რადგან ამას მოყვება მკვეთრი უარყოფითი შეფასება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ამასთანავე, ხელისუფლებისთვის ეს წამგებიანია, რადგან ამას მოჰყვება პროპაგანდა, რომ ხელისუფლებას შეეშინდა და დაიწყო მიტინგის შეზღუდვა.

რაც შეეხება მორალურ მხარეს, გასაგებია, რომ აქ ვითარება სწორი არ არის, ასეთ მდგომარეობაში მასშტაბური აქციის მოწყობა რისკის შემცველია, მაგრამ ამას ყველა პარტია აკეთებს, ვისაც შეუძლია, მათ შორის „ქართული ოცნებაც“. აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება უნდა წასულიყო იმაზე, რომ შეეზღუდა ან გადაეტანა არჩევნები. თუ „ოცნება“ ამას არ აპირებს, „ნაცმოძრაობას“ აქვს სრული უფლება ჩაატაროს ნებისმიერი აქცია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.