„ქართული ოცნების“ ბროლის წლები…

„ქართული ოცნების“ ბროლის წლები…

„ქართული ოცნების“ 2012-16 წლები გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე, ანუ 2020 წლამდე პერიოდი“, - ასეთნაირად ფიქრობს პოლიტოლოგთა და პოლიტიკოსთა ნაწილი.

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ 2012-16 წლებში ეფექტური იყო არა მარტო „ქართული ოცნების“ მთავრობა, არამედ პარლამენტიც. კონკრეტულად, ხელისუფლებამ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რომლის დროსაც სოლიდური დახმარებები გამოიყო ბიუჯეტიდან.

2016 წლიდან მოყოლებული კი, საქართველოში ეკონომიკური შეფერხება დაიწყო, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მსოფლიოში არსებული ვითარებით აიხსნება. „ქართულმა ოცნებამ“ ვერანაირი პროგრამა ვერ შესთავაზა ხალხს. ამ ყველაფერს დაერთო კორონაპანდემია, რომლის გამოც საქართველოს სუსტი ეკონომიკა უფრო მეტად დაზარალდა.

შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნების“ მმართველობა ორ ნაწილად დაიყოს და შედარებით ეფექტურის და არაეფექტურის კლასიფიკაცია მიენიჭოს ამ ორ პერიოდს?!

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, „ქართული ოცნების“ ბროლის წლები იყო პირველი პარლამენტის პერიოდში, ანუ 2012-16 წლებში, როდესაც დავით უსუფაშვილი გახლდათ პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც პარლამენტში იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ვახტანგ ხმალაძე, თინა ხიდაშელი და სხვები არიან. 2016 წლიდან მოყოლებული კი, „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი ახალი ვერ შესთავაზა ხალხს, გარდა იმისა, რომ ის ცხრა წელი ცუდი იყო.

„მეც ვიცი, რომ ის ცხრა წელი ცუდი იყო. ყველამ იცის, რომ ცუდი იყო, მაგრამ ეს არის თვითონ „ოცნების“ ძალიან დაბალი კულტურის მაჩვენებელი, ვინაიდან არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში დამარცხებული ხელისუფლების გაუთავებელი გინება არ შეიძლება. ეს არის დაუწერელი კანონი. ყველაზე დიდი პოლიტიკური სასჯელი გადაიხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - წააგო არჩევნები, ხელისუფლება დაკარგა. ყველაზე დიდი ჯილდო, მთავარი პრიზი პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა. ყველაზე დიდი სასჯელი პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ამომრჩეველს გამოაქვს, ეს არის ხელისუფლებიდან გაგდება. თუ ნაციონალები სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, ეს სხვა ამბავია, ამისთვის პროკურატურა შენია, პოლიცია შენია და გამოიძიე ეს დანაშაულები“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანაშვილი, როგორც ერთი რიგითი ამომრჩეველი, ფიქრობს, რომ არანაირი წარმატებული პერიოდი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ ნაციონალების მმართველობის მიმართ გაცილებით კრიტიკული იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ წარმატებულია. ეს არის უფრო მდგრადი უძრაობის პერიოდი.

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩათვალა, ხალხს მივუშვებ თავის ნებაზე, ყველაფერს თვითონ გააკეთებს და ჩვენ ვიქნებით ბედნიერები, მაგრამ არ გამოვიდა ასე, რადგან ჩვენისთანა ქვეყანას მკაცრი მენეჯმენტი სჭირდება. ამდენად, ეს არის ერთი მთლიანი ძალიან ნელი, არადინამიური პერიოდი, მიშვებულია პირდაპირ ხალხი. ხელისუფლება გვიან მოვიდა აზრზე, გვიან დაიწყო ინტერვენციების კეთება ეკონომიკურ პროცესებში. „ოცნების“ ყველაზე დიდი სისუსტე, ალბათ, არის სუსტი მენეჯმენტი ზოგადად ქვეყანაში და ბალანსირების პოლიტიკის მცდელობა, რის გამოც უარყოფითი შედეგები გვაქვს. ბალანსირებაში ვგულისხმობ, ერთი მხრივ, რუსეთის ინტერესების გატარებას, მეორე მხრივ, დასავლეთის ინტერესების დაცვას, დაახლოებით შევარდნაძის პერიოდის უძრაობაა დღეს საქართველოში. ბალანსირებას როცა ვცდილობთ, ყოველთვის ასეთი უძრაობა იქნება, მით უმეტეს, როცა ამ ბალანსირების მეორე მხარეს რუსეთია“, - აღნიშნა ზურაბ ბენდიანაშვილმა ჩვენთან საუბრისას.  

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი გაკვირვებას გამოხატავს, წარუმატებელი რატომ არის 2016-დან 2020 წლამდე პერიოდი, როცა არც ერთი მიმართულებით უკუსვლა არ გვქონია. ეს იქნება ეკონომიკა, სახელმწიფო ინსტიტუტების აღმშენებლობა, საჯარო სამსახურის რეფორმა, მმართველობის სისტემის ღიაობა, ადამიანის უფლებები. ანალიტიკოსს აინტერესებს, რაშია უკანდახევა? პირიქით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევაა, რომ საქართველოში დაბრუნდა კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მიღების დამფუძნებელი ფუნქცია შეასრულა 2016 წელს არჩეულმა პარლამენტმა, რაც საქართველოს ისტორიაში ბევრს არ გაუკეთებია. ერთი ეს იყო შევარდნაძის დროინდელი პარლამენტი, 1995 წლის კონსტიტუცია და მეორე დღეს არის.

„სააკაშვილმა იმდენად დაამახინჯა ქვეყანა, რომ ამან კონსტიტუციის დევალვაცია განაპირობა. ის იყო არაკონსტიტუციური ქვეყანა, მას სჭირდებოდა ხელახლა დაფუძნება. სააკაშვილმა დააფუძნა თავისი კორპორაცია, დაანგრია სახელმწიფო. მართალია, შევარდნაძის სახელმწიფო იყო სუსტი, კორუმპირებული, მაგრამ სახელმწიფო მაინც იყო და თავისი კონსტიტუცია ჰქონდა, რომელიც სააკაშვილმა თავზე დააფხრიწა ხალხს და თავისი კორპორაცია მოიყვანა. ის გავუშვით და 2016 წლამდე ვერ მოვახერხეთ კონსტიტუციურობა აღგვედგინა. ამ პარლამენტმა კი ეს შეძლო. ამიტომ 2016-დან 2020 წლამდე პერიოდი უფრო მეტად წარმატებული იყო და იმით განსხვავდება ეს პარლამენტი წინა პარლამენტისგან, რომ სისტემურად შექმნა კონსტიტუციური სახელმწიფო. საქართველოს აქვს სხვადასხვა დარგობრივ სფეროში 30-ზე მეტი სტრატეგია მიღებული, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. 2016 წლამდე სულ ხუთი ასეთი სტრატეგია არსებობდა. ე.ი. ცალკეულ დარგობრივ სფეროებში პოლიტიკა არ გვქონდა, მიზანმიმართული პოლიტიკა არ არსებობდა. ამიტომ არ შეიძლება ასე უაპელაციოდ თქმა, რომ „ქართულ ოცნებას“ ორი ეტაპი ჰქონდა-წარმატებისა და წარუმატებლობის. მაშინ ეს ყველაფერი უნდა დაასაბუთონ“, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

 

 

 

Aburjga Tasmanieli ექსპერტი უსუფაშვილს და ხიდაშელს ვარსკვლავებად როცა მოიხსენიებს თუ პატრონი ჰყავს აუცილებლად უნდა გაასინჯონ ფსიქიატრს!
3 წლის უკან
Lolo47 არა, „ყველაფრისტი“ ცინცაძე სნეული არ არის, უბრალოდ საბჭოთა კავშირის ჭაობში ღრმად ჩაძირული ერთი ბოღმის „ვენოკი“ (თაიგული ნამეტანი საქებარი იქნება მისთვის) ხრონწი ბებერია, რომელსაც, ეტყობა, თავის დროზე ცხვირი არ შეაყოფინეს „ოცნებაში“ და მას მერე ასე წკავწკავებს ნაცემი ნაგაზივით.
3 წლის უკან
Maverick მარულაა გამართული ვინ უფრო მაგრად ჩაწიხლავს ქართულ "ოცნებას", გუბაზის გზას ადგანან, მაგრამ გუბაზმა ყველას გადაგიჯოკრათ ახალგაზრდებსაც და ძველგაზრდებსაც, რიგში ჩადექით და გუბაზის კურსებზე ჩაეწერეთ, თორემ ულუკმაპუროდ დაგტოვებთ!
3 წლის უკან
ძია მიხო დავით უსუფაშვილის აზრით რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ამიტომ უნდა დავიცადოთ, სანამ ის ჩამოიშლება. თინა ხიდაშელი კი მოქმედ პრეზიდენტს ჭკუას ასწავლის: სულ ტელეფონზე უნდა იყო ჩამოკიდებული და ვაშინგტონში და ბრიუსელში რეკავდე, არიქა გვიშველეთ, რუსები ბორდერიზაციას ახორციელებენ და ოსები ჩვენს მიწებს იტაცებენო. ასეთი "ბრწყინვალე პოლიტიკოსები" გვყავს ამ ცოლ-ქმარის სახით.
3 წლის უკან