ვახტანგ მაიასაია: ზუგდიდის ინციდენტი შეიძლება უცხო ქვეყნის ჰიბრიდული სადაზვერვო დივერსია იყოს -

ვახტანგ მაიასაია: ზუგდიდის ინციდენტი შეიძლება უცხო ქვეყნის ჰიბრიდული სადაზვერვო დივერსია იყოს -

ჩეჩნეთში სპეცდანიშნულების აკადემიაა, სადაც სტუდენტებს აქვთ დავალება, გადავიდნენ მეზობელ სახელწიფოში, რაღაც ქმედება ჩაატარონ და უკან დაბრუნდნენ

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ, ხუთშაბათს თანხის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ქობულეთში, „საქართველოს ბანკის" მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. „რეზონანსთან" საუბარში უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ზუგდიდის ინციდენტით ერთგვარი ცუდი პრეცენდენტი შეიქმნა და შესაძლოა მეორე ფაქტი ამისი გაგრძელებაც კი იყოს.

რაც შეეხება ქობულეთის ინციდენტს, ინკასატორი იმ დროს გაძარცვეს, როცა იგი ტერმინალიდან თანხას ირებდა, გავრცელებული ინფორმაციით 75 ათასი ლარია წარებული, თვითმხილველების თქმით, ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სს კოდექსის 178 -ე მუხლით დაიწყო.

მაისაია ამბობს, რომ შესაძლოა ეს ფაქტები ჰიბრიდული სადაზვერვო დივერსიული აქციების მთელი სერიაა, რომლის უკანაც შესაძლოა გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან.

„ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა, რადგან საქართველოს ბანკის ამბავი ერთგვარი ცუდი ტენდენციის პრეცენდენტის შექმნა იქნებოდა, ვფიქრობ, რომ ქობულეთში ინკასატორზე თავდასხმაც ამ სქემის ერთი ჯაჭვი ხომ არაა, რომელიც ვიღაცის მიერაა მოფიქრებული.

„ეს ხომ არაა ჰიბრიდული სადაზვერვო დივერსიული აქციების მთელი სერია, რომლის უკანაც შესაძლოა გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან და მინიშნებას ან სიგნალის გაშვებას აპირებენ, რომ ასეთი ტიპის ოპერაციები განახორციელონ.

„მაგალითად ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების აკადემიაა, სადაც სპეცრაზმის ოფიცრებს ამზადებენ, ასეთი ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ ასეთი დავალება, რომ დავუშვათ მეზობელი სახელწიფოს ტერიტორიაზე გადავიდნენ, რაღაც ქმედება ჩაატარონ და უკან გადმოვიდნენ, ამით მათ ჩათვლა ან შეფასება ეძლევათ თუ ესა თუ ის დავალება რამდენად შეასრულეს.

„არ ვიცი რამდენად მართალია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, მაგრამ თუ გადავიდა, მაშინ აქ უკვე სერიოზული ამბავია, რომ ასეთი ჰიბრიდული ოპერაცია შესაძლოა ერთგვარი სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ამბავი ყოფილიყო.

„ეს შესაძლოა ქართული სპეცსამსახურების ერთგვარი გამოცდაც იყო, დავუშვათ ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები მეორე ქვეყნის სპეცსამსახურებს ცდიან, რომ კრიზისის მართვისას როგორ მოქმედებენ, იმიტომ, რომ მათ სხვადასხვა ტიპის შემდგომი ოპერაციები აინტერესებთ, ესაა მოწინააღმდეგის მოსინჯვის ვარიანტი.

„ეს თავდასხმა (ზუგდიდის ინციდენტი) საეჭვოდ დაემთხვა ერთ განცხადებას, რამდენიმე დღის წინ განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა გააკეთა, მან თქვა, რომ თუ მთიან ყარაბაღში სომხეთის მიმართულებით საქართველო ტექნიკას და საბრძოლო შეიარაღებას არ გაატარებს, მაშინ იძულებულები ვიქნებით, რომ ეს მისია ჩვენით შევასრულოთო.

„ზატულინი რადიკალი და ულტრანაციონალისტია, რომელსაც კრემლში საკმაოდ დიდი გავლენები აქვს, იგი კრემლის ინიციატივებს ხშირად ახმოვანებს ხოლმე, თავად კი ამხელა კომიტეტის პირველი მოადგილეა, ეს დაბალი თანამდებობა არაა, მართალია იგი დეპუტატია და თავის განცხადებებში თავისუფალია, მაგრამ რუსეთში ავტორიტარული რეჟიმია და ბუნებრივია ასეთ განცხადებას არავინ არავის არ აპატიებს თუ შეთანხმებული არაა, მე არ ვაკავშირებ ამას, მაგრამ ეს განცხადება თავდასხმას საეჭვოდ დაემთხვა," - განაცხადა მაისაიამ.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. მძევლად 19 ადამიანი აიყვანა,რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

წაყვანილ მძევლებს შორის ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა იყო, მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, „საზღვარი" გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას SOVA ავრცელებს.

„რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლები სავარაუდოდ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და ამ ტერიტორიიდან მიიმალა.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, ე.წ. საზღვარი გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს, ამის შესახებ ინფორმაციას „სოვა" ავრცელებს.