გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა

გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა

ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროტოკოლებს, რომელთა მუდმივი განახლება მნიშვნელოვანია, პაციენტების მართვის პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით.

როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მართვის პროცესში პრიორიტეტია, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო დღემდე ინარჩუნებს ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს 1 მლნ მოსახლეზე ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

აგრეთვე, აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული და მთავრობის ამოცანაა, მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პროცესი მართვადია და ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს მეორე ტალღას - წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის ბალანსით.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია, მათ შორის, ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავება. პრემიერ-მინისტრი კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან შეხვედრებს, რეგულარულად, სხვადასხვა ინტენსივობით მართავს.

საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.