გიორგი გახარია ბათუმში „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: საბოლოო ჯამში ეს არის მავნებლობა

გიორგი გახარია ბათუმში „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: საბოლოო ჯამში ეს არის მავნებლობა

გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში გამართული აქციის გამო გააკრიტიკა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რეკომენდაციების დაცვის გარეშე აქციის ჩატარება მავნებლობაა.

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ნორმალურ ცხოვრებას არ ვზღუდავთ იმიტომ რომ გვაქვს შესაძლებლობა და მზად ვართ იმისთვის, რომ ინფიცირების მაღალი ციფრების პირობებშიც ვმართოთ ეს რისკები და პროცესი, რა თქმა უნდა ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა, მარტო ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს, ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მათ შორის, მსგავსი, აბსოლუტურად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. ეს ხომ არ არის რაღაც დიდი მოთხოვნები, ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1 500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე. ეს ხომ რთული არ არის? ან ელემენტარულად სთხოვო ამ ადამიანებს დაიცვან დისტანცია. მაშინ როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების. ეს უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც, მავნებლობაა ეს. საბოლოო ჯამში ეს არის მავნებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.