რუსეთი აზერბაიჯანს თუ კარგავს, კარგავს კავკასიას. აზერბაიჯანი - თურქეთი - საქართველო გარკვეულ სარტყელს შექმნის რუსეთის საზღვრის გასწვრივ, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს არ სჭირდება ჩაერთოს კონფლიქტში.
„რუსეთს აქვს არჩევანი: სომხეთი და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანს თუ კარგავს, კარგავს კავკასიას უამრავი რესურსებით და პოტენციალით. აზერბაიჯანი - თურქეთი - საქართველო გარკვეულ სარტყელს შექმნის რუსეთის საზღვრის გასწვრივ, იგივე ნატო-ს და სხვა უამრავი კონტექსტიდან. მგონია, რომ რუსეთს არ სჭირდება ჩაერთოს კონფლიქტში ისე, როგორც სომხეთს აწყობს“, - განაცხადა მან.
ზაქარეიშვილმა ისაუბრა თურქეთის როლზე კავკასიაში და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური სურათი იცვლება და თურქეთი მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს.
„მგონია, რომ თურქეთის მეტი ჩართულობა კავკასიაში საქართველოსთვისაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი. აშკარად, თვალსა და ხელშუა იცვლება გეოპოლიტიკური სურათი კავკასიაში და თურქეთი თავის პრინციპული მნიშვნელობის ადგილს იკავებს“,- აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მოკავშირეა და აქვს მკაფიო ხედვები, რომ რაც კავკასიაში ხდება, როცა რუსეთი მართავს ყველაფერს, უნდა დასრულდეს.
„ჩვენ ორი ძალიან მკაფიო, სტრატეგიული მოკავშირე გვყავს - თურქეთი და აზერბაიჯანი. ჩვენზე გადის ნავთობ და გაზსადენები, ნატო-ზე გათვლები გვაქვს თურქეთის საშუალებით.
სომხეთი ჩვენი კეთილი მეზობელია და საქართველოს ძალიან ბევრი საერთაშორისო ვალდებულებები აქვს. ასევე ისტორიული, კულტურული, უამრავი ვალდებულებები გვაქვს ჩვენი თანამოძმე ხალხის მიმართ. ამის მიუხედავად, უნდა ითქვას მკაფიოდ, რომ რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა სომხეთს, სომხეთი კი აღიარებდა რუსეთის მფარველობას. ქართველებს ეს გვესმოდა, ვამბობდით კიდევ, რომ ჩვენ ეს გვესმის, ჩვენი მეზობლობა არ უნდა გაფუჭდეს, თქვენ რუსეთთან ხართ, ჩვენ ნატო-სთან. როგორც გვესმოდა და დღემდე გვესმის, რატომ არის სომხეთი რუსეთთან ახლოს, მგონი, დადგა დრო მათაც ესმოდეთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსეთის შევიწროება კავკასიაში, რადგან რუსეთი ჩვენი მტერია, ოკუპანტი სახელმწიფოა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის როლზე კონფლიქტში და აღნიშნა, რომ რუსეთს ორივე სახელმწიფოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის იარაღით მომარაგება რომ შეეწყვიტა, შესაძლოა, სულ სხვა ვითარება ყოფილიყო.
მისი თქმით, რუსეთი ცინიკურად იქცევა, როდესაც ორივე სახელმწიფოს ამარაგებს იარაღით.
„თავისთავად ამორალურია, რომ რუსეთი იარაღით ვაჭრობს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. რუსეთს ორივე სახელმწიფოს იარაღით მომარაგება, რომ შეეწყვიტა, შესაძლოა, სულ სხვა ვითარება ყოფილიყო. თუმცა, რუსეთს საკმაოდ პრაგმატული, ცინიკური დამოკიდებულება აქვს, რომ თუ მე არ მივყიდი აზერბაიჯანს იარაღს, ამას სხვა გააკეთებს და რატომ დავკარგო ფული. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რუსეთს მშვიდობა უნდოდა, ის ყველანაირად შეეცდებოდა, რომ საბრძოლო იარაღები არ ყოფილიყო მიწოდებული არც სომხეთისათვის და არც აზერბაიჯანისთვის. ცოტა არ იყოს, რუსეთი თავის ხაფანგში გაეხვა, ბევრი ვალდებულებები აიღო. ამიტომ რუსეთი აშკარად თავის საკუთარ პოლიტიკასთან აგებს და სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაშიფრეს, რომ არ აპირებს მათი ინტერესების დაცვას და მთავარი ამოცანა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.