„ფეიკები ორივე მხრიდან იქნება, მაგრამ ამით ყველაზე მეტად დაინტერესებულია რუსეთის სპეცსამსახურები“

„ფეიკები ორივე მხრიდან იქნება, მაგრამ ამით ყველაზე მეტად დაინტერესებულია რუსეთის სპეცსამსახურები“

მსოფლიოს ყურადღება ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებებისკენ არის მიმართული. მსოფლიო ლიდერების მოთხოვნის მიუხედავად, რომ ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდა, სამხედრო სამსახურს დაუბრუნდეს ყველა ის პირი, ვინც ბრძოლისუნარიანია. თავის მხრივ, ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდება აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევი ულტიმატუმს აყენებს – ფაშინიანმა აზერბაიჯანელ ხალხს ბოდიში მოუხადოს და თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთი არაა.

გარკვეული ძალები კონფლიქტში საქართველოს ჩართვას ცდილობენ. 27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სოციალურ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ყალბი ინფორმაცია. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში იარაღი გადააქვთ. ოფიციალური თბილისი ინფორმაციას დეზინფორმაციას და სიცრუეს უწოდებს. ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა, საქართველო შეაჩერებს ნებართვის გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ, ამასთან ეს არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს და ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

„როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიქნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია.

მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მთელ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამასთან მინდა მივმართო ყველას, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ“, – აცხადებს ლაშა დარსალია.

გარკვეული ძალების მცდელობის მიუხედავად, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებენ სომხეთის საელჩოში. ელჩი რუბენ სადოიანი განმარტავს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, ბორჯომში გადაღებული სამხედრო ტექნიკის აზერბაიჯანში გადატანა ხდება, არ შეესაბამება რეალობას.

ფეიკნიუსის ავტორებმა იცოდნენ, რომ ვიდეოში ნაჩვენები სამხედრო ტექნიკა ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მისი გადაადგილება განხორციელდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარე ვერ იქნება.

„ცდილობენ ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინონ როგორც ერთ–ერთი მხარე ამ კონფლიქტისა. ეს არის სიცრუე და ამ მცდელობას შედეგი ვერ მოყვება, რადგან ჩვენი პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული, გვაქვს კომუნიკაცია მხარეებთან და შესაბამისი ქმედებები ხორციელდება, რომ ნებისმიერ დეზინფორმაციას პასუხი გაეცეს“, – აცხადებს კახა კუჭავა.

პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ შიდა ძალების დაორგანიზებული ფეიკნიუსის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლებას გაუფუჭოს იმიჯი, ამ შემთხვევაში ჯავახეთში და თბილისში მაცხოვრებელ სომეხ ამომრჩევლის თვალში. როგორც გოგავა for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ეს უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ჰგავს.

„საქართველო მკაფიოდ ნეიტრალურია სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში და ეს სწორი პოზიცია არის. ტრადიციულად, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მატერიალისტური ურთიერთობა ჰქონდა ბაქოსთან. თავისი ჭკუით ცდილობენ, რომ უკეთესი სამსახური გაუწიონ ბაქოს ხელისუფლებას და ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. ხელისუფლებას აქვს ბერკეტები, რომ მსგავსი ინფორმაციული პროპაგანდა ჩანასახშივე ჩაახშოს და სხვათა შორის ამას აკეთებენ“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

for.ge–სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ორივე მებრძოლი მხარე დაინტერესებულია მოიპოვოს საქართველოს მხარდაჭერა, თუნდაც მორალური. რაც შეეხება იარაღის ექსპოტრს, ალადაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი აი, ამ შეტევისთვისთვის დიდი ხანი ემზადებოდა და ბუნებრივია, მას მარაგში ექნება საჭირო იარაღი, რომ მეორე და მესამე დღეს, ან თუნდაც ერთი კვირის შემდეგ არ დასჭირდეს თურქეთიდან იარაღის შეტანა.

„ეს არის თემაა, თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არისო. ფეიკები ორივე მხრიდან იქნება. მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტი დაინტერესება არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ეს სიტუაცია მათთვის ძალიან ხელსაყრელია, რათა მოხდეს საქართველოში გარკვეული დაპირისპირება ქართველებს, აზერბაიჯანლებსა და სომხებს შორის. მით უმეტეს საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნას უმართავი სიტუაცია, რაც მათ აძლევთ ხელს. კიდევ ერთ საფრთხეს ვხედავ - რუსეთში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელებისგან შეიძლება ფეიკები გავრცელდეს, ან შეიძლება მართლა ვიღაცამ ანტიქართული რამ დაწეროს. ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოება ამას არ უნდა აჰყვეს და უნდა მიხვდეს, რომ ეს არის სერიოზული პროვოკაცია, რომ როგორმე მოხდეს ჩვენი დაპირისპირება საქართველოში მცხოვრებ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან. ინფორმაცია გამიზნულია იმისთვის, რომ რეალურად მოხდეს დაპირისპირება“, – აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

როგორც ალადაშვილი ამბობს, რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, იმდენ ხანს გაგრძელდება დაპირისპირების მცდელობა. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი საქართველოს არანაირად არ აძლევს ხელს, რადგან ორივე მხარე საქართველოს სავაჭრო და სატრანსპორტო პარტნიორები არიან.

„აზერბაიჯანთან ჩვენ ძალიან დიდი ეკონომიკური პროექტები გვაქვს – ნავთობსადენები, გაზსადენები და იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი განვითარდა, გამორიცხული არ არის, რომ სომხეთმა შეტევა მიიტანოს ნავთობსადენებზე და გაზსადენებზე - რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს დააზიანებს საქართველოსაც. ასევე, არ არის გამორიცხული, ის სეპარატისტული პრობლემები, რაც ჯავახეთში იყო და ახლა ცოტა მიძინებულია, იგივე მარნეულის მიმართულება იქნას გაღვიძებული.

რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში არსებული თავისი აგენტურით აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. მათ ნამდვილად რამდენიმე ვარიანტი ექნებათ, შეარჩიონ შესაბამისი დრო და ისეთი პერიოდი, რომ მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო. ჩვენ გვაქვს ამის მწვავე გამოცდილება. პრევენციული მოქმედება ჩვენი სპეცსამსახურების მხრიდან ყოველთვის იგვიანებს. მოვლენებზე და მოქმედებებზე ხდება რეაგირება. მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს ამ რეგიონებისკენ მიმართული“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.