მსოფლიოს ეკონომიკურ ექსპერტთა უმრავლესობა ჩინეთს მსოფლიო ეკონომიკის ლიდერობას უწინასწარმეტყველებს. მათ შორისაა განთქმული ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი. მისი აზრით, ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკაში თავის როლს ძალიან სწრაფად ზრდის და მალე ამერიკას გაუსწრებს, რომელსაც, თავის მხრივ, სერიოზული პრობლემები აქვს. სოროსი თვლის, რომ ამერიკას იგივე ბედი ეწევა, რაც დიდ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი გავლენა თანდათანობით დაკარგა.
თუმცა, სოროსმა ისიც აღნიშნა, რომ იგი არ იზიარებს ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპებს, კერძოდ, იუანის გაუფასურების კურსს, რაც ქვეყანას სერიოზულ უპირატესობას ანიჭებს. ფინანსისტის აზრით, ეს პოლიტიკა ხელს უშლის ეკონომიკის გლობალურ აღდგენას.
ამასთან, სოროსი აცხადებს, რომ გავლენის ზრდასთან ერთად, მატულობს პასუხისმგებლობა. ასე რომ, გლობალური ეკონომიკის ფლაგმანად გახდომის შემდეგ ჩინეთი ვალდებული იქნება მსოფლიოს მოწყობაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ანუ, საკუთარი ინტერესების გატარების შემდეგ, რაც ჩინეთს აღმასვლაში ძალიან დაეხმარა, სხვა ქვეყნების ინტერესების დაცვის დრო დადგება.
ჩინეთის ხოტბის შემდეგ სოროსმა ობამას ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი აზრით, ეკონომიკის სტიმულირების მაჟამინდელი კურსი ბევრ „გვერდით მოვლენას“ გამოიწვევს, რაც გლობალური ეკონომიკის აღდგენას ხელს შეუშლის. მილიარდერის თქმით, გასატარებელია ისეთი ფინანსური სტიმულაცია, რომელიც სავალუტო ბაზრების ნგრევას არ გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ სოროსის მოსაზრებას ექსპერტთა უმრავლესობა ეთანხმება. კერძოდ, ახლახან ბრიტანულმა ბანკმა Standard Chartered-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური მოხსენება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლისათვის შიდა პროდუქტის მოცულობის მხრივ მსოფლიო ლიდერის პოზიციაზე აშშ-ს ჩინეთი ჩაანაცვლებს, ხოლო 2030 წლისათვის ჩინური ეკონომიკა ამერიკულზე უკვე ორჯერ დიდი იქნება.
კერძოდ, ანალიტიკოსთა აზრით, 20 წლის შემდეგ ჩინეთის წილი მსოფლიოს შიდა პროდუქტის მოცულობაში 24 პროცენტი გახდება, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 9 პროცენტი გახლავთ.
2005 წელს ჩინეთმა დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და ეკონომიკის სიდიდის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე გახდა. 2007 წელს უკვე გერმანია ჩამოიტოვა და მესამე ადგილზე აინაცვლა. ექსპერტთა აზრით, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, ჩინეთი იაპონიასაც გაუსწრებს და მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება. ხოლო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 10 წლის შემდეგ ამერიკისათვის გასწრების დროც დადგება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში წელიწადში, საშუალოდ, 10,3 პროცენტით იზრდება, ხოლო ამერიკის ანალოგიური მაჩვენებელი 1,8 პროცენტი გახლავთ. ანალიტიკოსთა აზრით, თანდათანობით ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 8-5 პროცენტამდე შენელდება, მაგრამ ეს მსოფლიო ლიდერობის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება.
Standard Chartered-ის ეკონომისტების აზრით, მაჟამად მსოფლიოში ე.წ. „მესამე სუპერციკლის“ ჟამი დგას, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს გლობალურ ეკონომიკაში ძალთა სტრატეგიული ცვლილება. დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ადგილს თანდათანობით იკავენებ ძლიერი განვითარებადი სახელმწიფოები, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია. დიახ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მსოფლიო ლიდერობის მოლოდინის მიუხედავად, ჩინეთი კვლავ განვითარებად ქვეყნად რჩება.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკაში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. კერძოდ, დასრულდება ჩინური იაფი მუშახელის ხანა, რომლის გაძვირების პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთან, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობა იუანის ხელოვნურ დევალვაციაზე უარს იტყვის და ჩინური ვალუტა თანდათანობით გამყარდება. და, რაც მთავარია, მსოფლიოს ლიდერ ჩინეთს დიდი მუშაობა მოუწევს რომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მხრივ სიტუაცია გამოასწოროს, როგორც ეს მის მომავალ მდგომარეობას შეეფერება.