მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შედეგად, აზერბაიჯანსა და სომხეთში გათიშულია ინტერნეტი, საზღვრებზე განთავსებულია სამხედრო ძალები. ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანასთან", აზერბაიჯანისა და სომხეთის ომის განვითარების სცენარებზე საუბრობს. მისი თქმით, სახელწიფოებში ელექტროენერგიის გათიშვის გამო კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.
„აზერბაიჯანსა და სომხეთში გათიშულია ინტერნეტი. საზღვრებზე განთავსებულია სამხედრო ცენზურა, ამიტომ, რაიმე კონკრეტული ინფრომაციის მოპოვება ძალიან ჭირს.
"გუშინ დაწყებული საომარი მოქმედებების პირობების ფონზე, აზერბაიჯანმა აქტიურად დაიწყო საომარი მოქმედებები სამი მიმართულებით, რომლის ძირითადი მიზანი არის ოთხი ოკუპირებული რეგიონის უკან დაბრუნება და შესაბამისად მთიან ყარაბაღთან გასასვლელის დაკავება, რომელიც მისცემს მას საშუალებას, შემდგომში მთიანი ყარაბაღის შიგნით მოახერხოს შესვლა და განავითაროს სტრატეგიული შეტევა.
"ეყოფა, თუ არა, აზერბაიჯანს ძალა, სრულად მოახდინოს მთიანი ყარაბაღის დაკავება და ჩაერთოს ხანგრძლივ ომებში, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.
"დღევანდელი მდგომარეობით, სომხეთმაც გამოაცხადა სამხედრო შეტაკებების დაწყებისთვის სრული მობილიზაცია, აზერბაიჯანი ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ქმედებისგან, რადგან როგორც ჩანს, უკვე შექმნა გარკვეულწილად ოპერატიულ- სტრატეგიული შენაერთი დამრტყმელი ჯგუფის სახით, შესაბამისად აზერბაიჯანს გააჩნია ერთგვარი სტრატეგია და უპირატესობა - ის შეტევით ოპერაციებს ახორციელებს, სომხეთი კი თავს იცავს," - ამბობს მაისაია.
მისი პროგნოზით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, დაიწყება სრულმასშტაბიანი ომი.
„ხვალ და ზეგ რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სულ მცირე სამი დღის განმავლობაში თუ შენარჩუნდება მძიმე ვითარება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ორ სახელმწიფოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ომი კი, იქნება საკმაოდ არაპროგნოზირებადი.
"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო დარტყმების ქვეშ, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი, სტეფანაკერტი მოყვა. ამ დედაქალაქზე შეტევა არ განხორციელებულა 1995 წლიდან, თუმცა გუშინ ეს მოხდა. აქედან გამომდინარე აზერბაიჯანს, აქვს მყარი გეგმები, სულ მცირე ოთხი ოკუპირებული რაიონის გათავისუფლებისა და მთიანი ყარაბაღის ნაწილის დაკავების თაობაზე, მათ შორის დედაქალაქ სტეფანაკერტის. სავარაუდო გეგმა ასეთია. ამის შემდეგ რას იზამს აზერბაიჯანის მხარე, მე ვერ გეტყვით." - ამბობს სამხედრო ექსპერტი „რეზონანასთან" საუბრისას.
ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში, ომის მიმდინარეობის ფარგლებში, საქართველოს როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ საფრთხეები ძალიან დიდია.
„საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. კონკრეტულად რა საფრთხეების, ამის გახმაურება ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი. მოვუწოდებ მთავრობას, სასწრაფოდ განიხილოს ამ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო სცენარი, მოვუწოდებ გიორგი გახარიას და საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ შესაბამის სპეციალისტებს და დაიწყონ მოლაპარაკებები.
"არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს, ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის წარმომადგენლები არ ითვალისწინებდნენ ასეთი სცნეარის განვითარებას, მთიანი ყარაბაღის დაპირსპირების თაობაზე.
"ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა წარმოაჩინოს სამხედრო ინიციატივა, შესთავაზოს კონკრეტული სამხედრო გეგმა და აქტიურად ჩაებას დიპლომატიურ მოლაპარაკებებში - ბაქოსთან და ერევანთან, რადგან თუ ჩემი ვარაუდო გამართლდა და ეს ბრძოლა სრულმასშტაბიან ლოკალურ ომში გადაიზარდა, მაშინ ძალიან ცუდი კუთხით აისახება საქართველოზეც.
"არ უნდა მოვდუნდეთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ ორივე მხარე დასხდეს მოსალაპარაკებლად . საქართველომ მათ შეიძლება მედიატორის როლის ფუნქცია შეთავაზოს," - ამბობს მაისაია.
ვახტანგ მაისაია, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის განცხადებასაც გამოეხმაურა, ყარაბაღის ომის რეგიონალურ კონფლიქტში გადაზრდის თაობაზე.
„მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებას, თან ახლავს საფრთხე, რომ უფრო დიდ რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზრდება, რის გამოც რეგიონის მესამე მხარეებმა თავი შორის უნდა დაიჭრონ ამ კონფლიქტისგან," - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
მაისაიას აზრით, რეგიონალურ კომპლიქტები ნაკლებად მოსალოდნელია და ეს დამოკიდებულია საბრძოლო მოქმედებების დინამიკაზე.
„ალბათობა იმისა, რომ ლოკალური ომი, გადაიზრდება რეგიონალურ ომში ნაკლებად სავარაუდოა. ვფიქრობ რომ თურქეთი და რუსეთი ჩაერევიან ამ ომში, რადგან შესაბამისი ვალდებულებები გააჩნიათ ამ ორი სახელწმიფოს მიმართ.
"რასაკვირველია, გააჩნია როგორ წავა საბრძოლო მოქმედებების დინამიკა. არაა გამორიცხული რომ რუსეთმა და თურქეთმა განახორციელონ სამშვიდობო ოპერაცია. თურქეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მხარს დაუჭერს, რაშიც სავარაუდოდ თურქული შეიარაღებით დახმარება იგულისხმება.
"დღეს კი სომხეთის ელჩმა რუსეთში, მიმართა რუსულ მხარეს, რომ სომხეთმა უნდა შეიძინოს შეიარაღება რუსეთისგან. ასე რომ, ალბათ რუსეთიც დაეხმარება სომხურ მხარეს.
"ამ ეტაპზე ასე შემოიფარგლება ვითარება. შემდეგ თუ კი ვითარება მიიღებს საშიშ განზომილებებს, არაა გამორიცხული, თურქეთმა და რუსეთმა გამოიყენონ გარკვეული მექანიზმები, დაპირისპირებული მხარეების შესაჩერებლად.
"თუ საბრძოლო მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე გადავა, მაშინ სომხეთს თავისუფლად შეუძლია მიმართოს რუსეთს, რათა გამოიყენოს, რუსეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად „კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომლის მიხედვითაც რუსეთი ვალდებულია დაეხმაროს სომხეთს.
"თუ მოხდა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის დაბომბვა, აზერბაიჯანი მიმართავს უკვე თურქეთს და ანალოგიური ხელშეკრულების თანახმად მიიღებს თურქეთისგან სამხედრო მოქმედებებისათვის შესაბამის დახმარებას.
"მე ვფიქრობ რომ თურქეთი და რუსეთი ამ დონემდე არ მიიყვანს ვითარებას და დიდი ალბათობით, ისინი ერთობლივი ძალებით განახორციელებენ საბრძოლო ოპერაციებს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაჩერებლად", - ამბობს ვახტანგ მაისაია.