„კრემლის მიერ დაკვეთილი ცინიზმი და სააკაშვილის გოლი საკუთარ კარში“

„კრემლის მიერ დაკვეთილი ცინიზმი და სააკაშვილის გოლი საკუთარ კარში“

ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები „საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ აპირებენ“. ამის შესახებ განცხადებას ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში აკეთებენ. მარიონეტი კოკოითის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი მზად არის, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სეპარატისტების განცხადება „კრემლის მიერ დაკვეთილი ცინიზმია, სააკაშვილის ინიციატივები კი - საკუთარ კარში გოლის გატანა“.                      

„ჩვენი სახელმწიფო არ გამოიყენებს ძალას საქართველოს, მისი მოსახლეობის, ტერიტორიისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ამასთან, ვიტოვებთ გაერო-ს წესდების თანახმად აუცილებელი თავდაცვის უფლებას და თუ ჩვენი ცუდი ვარაუდი გამართლდება, აგრესორი ისევ მიიღებს ღირსეულ პასუხს“, - განაცხადა კოკოითიმ.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ არა თუ აღადგინა, არამედ უფრო გააძლიერა საკუთარი არმიის შემტევი ძალა. კოკოითისვე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამხედრო რევანშის გეგმებს კვლავ აწყობს.

„საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის“ პირობას დებს სოხუმის რეჟიმის ლიდერი, სერგეი ბაღაფშიც.

„აფხაზეთი საქართველოსთან მიმართებაში ძალის ან ძალით მუქარის გამოყენების აკრძალვის პრინციპის ერთგული იქნება, როგორც ეს საერთაშორისო სამართლით არის გათვალისწინებული. ამასთან, აფხაზეთი ჩვენს ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში იტოვებს თავდაცვის უფლებას“, - განაცხადა ბაღაფშმა.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს, იგი არასოდეს დასხმია თავს მეზობელს და არც აპირებს ამის გაკეთებას“, – აცხადებს ბაღაფში საგანგებო განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აკეთებს. ბაღაფში აღნიშნავს, რომ აფხაზურმა მხარემ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარი უკვე არაერთგზის გააკეთა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ყოველივე ამის კომენტირება კიდევ ერთხელ საჭიროდ მიაჩნია.

„მინდა კვლავ გავიმეორო – მსგავსი დეკლარაციების დაჯერება ქართულ-აფხაზური ურთიერთობებიდან გამომდინარე არსებული ყველასათვის ცნობილი მოვლენების შემდეგ, მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებისა და აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციების შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია.

განსაკუთრებულ ცინიზმად გამოიყურება საქართველოს ხელისუფლების „მშვიდობისმოყვარე“ განცხადებები, რომლებიც აფხაზეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ჰუმანიტარული და ეკონომიკური ბლოკადისა და მისი საზღვაო სივრცის დაბლოკვის მცდელობების ფონზე კეთდება“, – აცხადებს ბაღაფში თავის განცხადებაში და დასძენს, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული განცხადებები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენ, რომ საქართველო არ არის მზად დიალოგის აწარმოოს დამოუკიდებელ აფხაზეთთან, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორთან და როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან“.

თუმცა, ბაღაფშის განცხადების მიხედვით, აფხაზური მხარე ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად მაინც იტოვებს სუსტს იმედს იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. 

„როგორც ცნობილია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზეთი თანამიმდევრულად მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. თუმცა ამასთანავე აფხაზეთი მაინც ინარჩუნებს სუსტ იმედს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს პოზიციის შესაბამისი კორექტირება მოხდეს.

ამიტომაც გვაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ და საბოლოო ჯამში იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერამდე მივალთ“, – აცხადებს ბაღაფში და აღნიშნავს: „ხაზს ვუსვამ: აფხაზური მხარე ამ ვალდებულებების თავის თავზე აღებისათვის მზადაა“.

ამავე დროს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი თავის საგანგებო განცხადებაში მიუთითებს, რომ აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს და ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება სურს. 

„ჩვენ ყველასთან თანასწორუფლებიანი, კეთილმეზობლური და საერთაშორისო ნორმების განსაზღვრული ურთიერთობების აშენება გვსურს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვმდინარეობთ იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ უსაფრთხოების გარანტი. მინდა ოფიციალურად აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით განვაცხადო: აფხაზეთი თავისი ურთიერთობებისას საქართველოსთან მხარს უჭერს ძალის გამოუყენებლობის საყოველთაოდ მიღებულ პრინციპს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებითაა განსაზღვრული“, – წერს ბაღაფში.

ერთი სიტყვით, კოკოითიც და ბაღაფშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოუყენებლობის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილი ზეპირ განცხადებას არ ენდობიან და ამ ვალდებულების იურიდიულად გაფორმებას მოითხოვენ.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ოსი სეპარატისტების ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებას „კრემლის მიერ დაკვეთილ ცინიკურ გამოსვლად“ აფასებს.

„კოკოითის ცინიზმი კრემლის პოზიციიდან გამომდინარეობს, რომელიც საქართველოსთან კონფლიქტს უარყოფს და შესაბამისი დიალოგის აუცილებლობას მხოლოდ საქართველოსა და ე.წ. აღიარებულ რესპუბლიკებს შორის ხედავს. კრემლის ეს პოზიცია ალბათ, კიდევ დიდხანს არ შეიცვლება და როცა საჭირო გახდება, მოსკოვი ხან კოკოითის და ხანაც ბაღაფშის სახით გააჟღერებს ამ პოზიციას, რათა თუნდაც პოზიციურად დასავლეთის მოთხოვნა საქართველოსთან დიალოგის დაწყების შესახებ თავიდან აირიდოს“, - განუცხადა „პირWელს“ სესიაშვილმა.

ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტისა და ეუთო-ს ტრიბუნებიდან გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივებსაც გამოეხმაურა და ისინი „შექმნილ ვითარებასთან არაადეკვატურად“ შეაფასა.

„მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე არანაირ კომპრომისზე არ მოდის, ჩვენი ხელისუფლება მზად არის, თავისი პოზიციები შესაბამისი საპასუხო რეაქციის გარეშე დათმოს. მეჩვენება, რომ სააკაშვილმა ეს განცხადება მხოლოდ დასავლეთის გასაგონად გააკეთა და ამით საქართველოს პრობლემა ინერციით გაყინვისთვის გაწირა. დასავლეთი ამით კმაყოფილია, რამდენადაც აღარ აქვს შიში, რომ სააკაშვილი რაიმე სამხედრო მოქმედებას წამოიწყებს, თუმცა საპასუხოდ არანაირ იმედებს არ გვაძლევს იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ასეთი პოზიცია რაიმე შედეგს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ დღესდღეობით შექმნილია ვითარება, რომელიც რუსეთთან დიალოგის და რაიმე შედეგების მიღწევის პერსპექტივას არ იძლევა, ამიტომ ჩვენი მხრიდან ღია კომპრომისებზე ცალმხრივად წასვლა საკუთარ კარში გოლის გატანას ნიშნავს“, - დასძენს სესიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან რუსეთს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ თავდაცვის უფლებას იტოვებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით არ შეეცდება.