ზუგდიდში როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას გამარჯვების იმედი აქვს - ამ ოლქში „ქართულ ოცნებიდან" მაჟორიტარ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიცია კი კანდიდატს კვირის განმავლობაში დაასახელებს.
ზუგდიდის ოლქში „ევროპული საქართველოდან" მაჟორიტარ კანდიდატი გიგი უგულავაა, ხოლო „ლელომ" ამავე ოლქში თამარ ბელქანია წარადგინა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდის ოლქზე საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
"იმდენად არის ოპოზიციაში არეულობა, რომ ისინი ვერ ახერხებენ კანდიდატების დასახელებას რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, ერთ- ერთი არის ზუგდიდი. ეს არის შიდა დაპირისპირების შედეგი.
„არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ამას საბოლოოდ და შეჯერდებიან თუ არა კანდიდატთან დაკავშირებით. ვინც არ უნდა დაასახელონ, მათ ამ არჩევნებში, ბუნებრივია, ყველა მათგანი იქნება განწირული მარცხისთვის. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად მოიგებს ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებს პირველ ტურში, ამაში ვარ დარწმუნებული," - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადების საპასუხოდ, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზუგდიდისა და დარჩენილი ოლქების მაჟორიტარ კანდიდატებს პარტია ამ კვირის განმავლობაში დაასახელებს, მისივე თქმით, მათი კანდიდატი ზუგდიდის ოლქში პირველ ტურშივე მოიგებს.
„ამ კვირის განმავლობაში ყველა მაჟორიტარს დავასახელებთ - კობახიძე ეტყობა ცუდ მკითხავთან დადის, კარგ მკითხავთან თუ მივა, ის ეტყოდა თუ ზუგდიდში ვის რა შანსები აქვს.
„როგორც ყოველთვის ზუგდიდში ძალიან ძლიერი პოზიცია გვაქვს და ახლაც ასე იქნება, ჩვენს კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვების შანსები აქვს." - განაცხადა გოცირიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვინც არუნდა დაასახელოს, ირაკლი ჩიქოვანი „უალტერნატივოა".
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ასეთი ოპოზიცია ჰყავს, როცა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. თუმცა, რაც შეეხება ზუგდიდს, ვფიქრობ, რომ ირაკლი ჩიქოვანი უალტერნატივო კანდიდატია, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს, მას დიდი და მსუყე ბიოგრაფია აქვს - ესაა სართაშორისო ურთიერთობები, კომუნიკაცია თუ პროფესიონალიზმი.
„ჩემი სუბიექტური შეფასებით, ჩიქოვანი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ოპოზიცია აბსოლუტურად ჩამოშლილია, რაც ქვეყნისთვის ძალიან სამწუხაროა, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჰყავდეს, რომელიც მმართველ გუნდს ოპონირებას გაუწევს.
„არ ვიცით ამჯერად გიული ალასანია იქნება, „გიული დეიდა", (როგორც გიგი უგულავამ მოიხსენია) თუ სანდრა რულოვსი - მნიშვნელობა არ აქვს, მმართველი გუნდი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ხალხი საქმეს და დაპირებების შესრულებას მიეჩვია და ოპოზიცია თუ ვერ შეთანხმდა, მშვიდობას ვუსურვებ იმიტომ, რომ ძალიან ჩამოშლილები არიან.
„სამეგრელო რაღაცა სპეციფიური რეგიონია, რომელიც ძალიან მიყვარს, ასევე სპეციფიური რეგიონია ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მაგრამ დარწმუნებით, ჩემი შეფასებით ვამბობ, რომ ირაკლი ჩიქოვანი გაიმარჯვებს" - განაცხადა აბაშიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" საუბარში მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სამეგრელოში მაღალი რეიტინგი აქვს, მისივე აზრით, ამ ოლქში შესაძლოა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი წარადგინოს, რადგან რულოვს პოლიტიკაში მეტი გამოცდილება აქვს.
„ზუგდიდში „ნაციონალურ მოძრაობას" მაღალი რეიტინგი აქვს, მე სანდრა რულოვსის კანდიდატურასთან დაკავშირებით ვფიქრობდი, თუმცა, ვნახოთ, გამოჩნდება დაუპირისპირებენ თუ არა ჩიქოვანს ქალბატონ რულოვსს. ჩემი აზრით ეს შესაძლებელია, იმიტომ, რომ რულოვსმა ერთხელ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო და პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩართულია, ამიტომ, გამორიცხულია არაა.
„ირაკლი ჩიქოვანს პირადად ვიცნობ, წინა ხელისუფლების დროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო, ნატოს კოლეჯში გაგზავნეს და ბოლომდე დიპლომატიურ სამსახურში გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იყო, იგი 2009 წელს ჩამოვიდა და ოპოზიცია მერე გახდა, იგი ე.წ. სისხლიანი რეჟიმით მერე აღშფოთდა და არა ვთქვათ 2007 წლის 7 ნოემბერს.
„ჩიქოვანი 2016 წელს, როდესაც ალასანიას გუნდში „თავისუფალ საქართველოში" იყო, აცხადებდა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებსო და როცა „თავისუფალი საქართველო" დამარცხდა, შემდეგ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და ხელისუფლებამაც მიიღო არა მხოლოდ ის, არამედ სხვებიც, სამწუხაროდ ჩვენთან ყურადღებას აქცევენ არა პიროვნებას, არამედ იმას თუ რომელ ნომრითაა იგი წარდგენილი.
„ჩემის აზრით, ზუგდიდიში არჩევნების დროს დაპირისპირებები იმიტომ ხდება ხოლმე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ამ ოლქში საკმად მაღალი რეიტინგი აქვს, აქ მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ. ეს მხარდაჭერა შესაძლოა იმის მიზეზი იყოს, რომ თავის დროზე სამეგრელო შევარდნაძის მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, რადგან ეს რეგიონი მხარს გამსახურდიას უჭერდა.
„სააკაშვილი კი ითვლება ადამიანად, რომელმაც შევარდნაძე დაამხო, ანუ ის ადამიანი, ვინც მათი საყვარელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია განდევნა, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ სამეგრელოში სააკაშვილის რეიტინგი რომ მაღალი იყოს, გარდა ამისა ვიცით, რომ „ვარდების რევოლუცია" სამეგრელოდან დაიწყო, იკარუსი, რომელიც თბილისის მიმართულებით სამეგრელოს რეგიონიდან გავიდა" - განაცხადა ჩიტაძემ.
:)
რისი თქმაც სურს - სწორია, მაგრამ მიზეზი და შედეგი ისევ არეულია ერთმანეთში:
სააკაშვილს რომ მხარს უჭერენ, ეს კი არ არის იმის მიზეზი, რომ "თავის დროზე სამეგრელო შევარდნაძის მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი", არამედ შედეგია ამისი!