„თუკი ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა არ დაფიქსირდა, არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება“

„თუკი ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა არ დაფიქსირდა, არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება“

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონა ვირუსის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, ხელისუფლება არჩევნების გადადებას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს გეგმა არ განიხილება. თუმცა ფაქტია, რომ, შესაძლოა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საერთოდ წინასაარჩევნო კამპანია ვერ ჩაატაროს, რადგანაც კორონა ვირუსი 2 პოლიტიკოსს უკვე დაუდასტურდა. თაკო ჩარკვიანი და ლევან გოგიჩაიშვილი მკურნალობას უკვე საავადმყოფოში განაგრძობენ, ხოლო გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

 ვაშაძე ამბობს, რომ ჩარკვიანს ამ დროის განმავლობაში კომუნიკაცია 110 ადამიანთან ჰქონდა და მათი კავშირებიც გამოსაკვლევია. მიუხედავად ამ გარემოებისა, გახარია ამბობს, რომ „არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესში ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას. დღის წესრიგში ასევე არ დგას არანაირი შეზღუდვა, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება“.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს და არც ქვეყანა მზად არ არის იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დაწესდეს. ამისთვის გახარია ვირუსის ეფექტურ მართვას მიიჩნევს აუცილებლად.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ კორონა ვირუსის შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არჩევნების გადადება არ მოხდეს. ზოიძე ფიქრობს, რომ სანამ დღის განმავლობაში რამდენიმე ასეული შემთხვევა არ დაფიქსირდება, მანამდე არჩევნების გადადებაზე ფიქრი ზედმეტია. თუმცა ზოიძე აქვე დასძენს, რომ იმედია, საქართველოში მეზობელი ქვეყნების მსგავსად ვირუსის მართვის პროცესები ხელიდან არ გაგვექცევა. მისივე თქმით, ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, არჩევნების გადადების ან არჩატარების აუცილებლობა ამ ეტაპისთვის არ დგას.

„თუ ვინმე პოლიტიკური პროცესების ხელოვნურად შეფერხებას შეეცდება, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, დღეს საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, არჩევნების გადადების აუცილებლობა არ დგას. თუკი ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა არ დაფიქსირდა, არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ მანამდე არ დადგება. იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება და ვირუსის მართვას ნამდვილად შევძლებთ.

მთავარი მომენტი ის არის, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ეს უბრალოდ გაფრთხილების ნიშანი უნდა იყოს, რადგანაც ჩვენი საზოგადოება ცოტა მოეშვა. თუმცა გარკვეული შეზღუდვები რომ იქნება, ეს ფაქტია, მაგრამ წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების საშუალება მე მგონი ყველას აქვს“, - ამბობს აკაკი ზოიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანამ უკვე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ვირუსის მართვა უნდა შეძლოს ისე, რომ არც ეკონომიკა დაზარალდეს და არც ჩვენი მოსახლეობა, რადგანაც კიდევ ერთ ჩაკეტვა ქვეყნისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ზოიძე ამბობს, რომ ახლა, პირველ რიგში, აუცილებელია მასობრივი ტესტირებების ჩატარება, რათა ვირუსის დროული აღმოჩენა და კონტაქტების დადგენა მოხდეს. შემდეგ კი, - მათი იზოლირება. ექსპერტი ამბობს, რომ ვირუსის მართვის ეს ერთადერთი იარაღია, რადგანაც წლის ბოლომდე ეფექტიანი ვაქცინა არ იქნება.

„გეგმაა, რომ დღეში ტესტირებული ადამიანის რიცხვი 10 000-მდე ავიდეს. ასევე ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა უნდა გააორმაგოს, ხალხის და საწოლების რაოდენობა დაიმატოს. ეს არის ის ძირითადი იარაღი, რომლის მეშვეობითაც ვირუსის გაკონტროლება უნდა შევძლოთ. მოსახლეობამ კი ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაიცვას. მეორეც ის არის, რომ ამ ვირუსის მართვა, როგორც მსოფლიოში ასევე ჩვენს ქვეყანაშიც ვისწავლეთ და მან ის ძალა დაკარგა, რაც თავიდან ჰქონდა. ამიტომაც მომატებულ რიცხვებს პანიკის გარეშე უნდა შევხვდეთ და ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს აკაკი ზოიძე for.ge-სთან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერჯერობით არჩევნების გადადების აუცილებლობა არ დგას, თუმცა, თუკი კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, ხელისუფლება ამ დროს რას აკეთებს, არანაირი გეგმა არა აქვს. ჩიხლაძე ამბობს, რომ მათ მთავრობას არაერთხელ მოუწოდეს, რომ წინასაარჩევნოდ გაზრდილი რისკების თავიდან ასაცილებლად წინასწარი სცენარებისთვის მომზადებულიყვნენ და საერთო შეთანხმებადმდე მისულიყვნენ, თუმცა მათი მხრიდან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. ამიტომაც გადაჭრით იმის თქმა, რომ არჩევნების გადადება არ მოხდება, დაუშვებელია. თუკი წინასაარჩევნო კამპანიას პარტიები ვერ ჩაატარებენ და ოპოზიციის ლიდერების კარანტინში გადაყვანა მოხდება, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დადგება.

 „თუ ვირუსით დაავდებულთა რიცხვმა მოიმატა, საარჩევნო კამპანია არათუ სათანადოდ ვერ ჩატარდება, არამედ საერთოდ ვერაფერი ვეღარ ჩატარდება, ფაქტობრივად, ყველაფერი გაჩერდება. ასეთ პირობებში და ამ ვადებში კი, არჩევნების ჩატარება აზრს კარგავს. ამიტომაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში, რა სცენარით მივდივართ. გადაჭრით იმაზე საუბარი, რომ არჩევნები არ გადაიდება, დაუშვებელია.

თუკი ოპოზიციის ლიდერების და პოლიტიკოსების კარანტინში და თვითიზოლაციაში გადასვლა მოხდება, წინასაარჩევნო კამპანიას როგორღა ვატარებთ? ამისთვის ყველა მოზმადებული უნდა ვიყოთ. მერე, უცბად, არჩევნების გადადება სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, ხოლო კარანტინის პირობებში კიდევ არჩევნების ჩატარება მის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ დააყენებს.

უნდა დავაკვირდეთ და 10 დღის განმავლობაში თუ ზრდა ასე კატასტროფულად გაგრძელდა, მაშინ გადავდოთ. მაგალითად კვირაში ახალი 400 შემთხვევაზე მეტი თუ იქნება, ეს უკვე საგანგაშო ნიშნულია“, - ამბობს ჩიხლაძე for.ge-სთან.