კორონავირუსისა და ენერგომატარებლებზე შემცირებული მოთხოვნის გამო, საქართველო ამჯერად იძულებული გახდა, რომ გაზსაცავის უმნიშვნელოვანეს პროექტზე უარი თქვას გაურკვეველი ვადით, რის გამოც სესხის მიზნობრიობა შეიცვალა. პროექტი, რომლის განხორციელება 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, როდის დაიწყება ახლა უკვე აღარავინ იცის.
მთავრობასა და გერმანიის განვითარების ბანკს შორის უკვე შედგა მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ მოდიფიცირებას დაექვემდებარა გერმანიის სეხის 150 მილიონი ევროდან 120 მილიონი ევრო. განახლებული შეთანხმებით, თანხა საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისის დაძლევას მოხმარდება. მანამდე ეს თანხა განკუთვნილი იყო მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის.
გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე იგეგმებოდა. პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. მისი მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 220-250 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი გიორგი ბახტაძე ამბობდა, რომ საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებოდა. ამის შესახებ მან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გაზსაცავის ექსპლოატაციაში შესვლის თარიღის რამდენჯერმე გადავადებას ეხებოდა.
„თავიდან იყო ლაპარაკი, რომ გაზსაცავი ექსპლოატაციაში 2021 წელს უნდა შესულიყო, მაგრამ ეს ძალიან რთული ტექნიკური პროექტია, სერიოზული შესწავლა იყო საჭირო. ჩვენ აბსოლუტურად დეტალურად შევისწავლეთ ეს პროექტი, გავაკეთეთ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რამაც ძალიან დიდი დრო წაიღო. იგეგმება, რომ 2024 წლის დასაწყისში ექსპლოატაციაში შევიდეს გაზსაცავი.
გამარჯვებული კომპანია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოვლინდება და ჩვენი გეგმით, დაახლოებით, წლის მეორე ნახევარში დაიწყება მშენებლობა“, - აცხადებდა 7 თვის წინ ბახტაძე.
მას შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა და ახლა პროექტის განხორციელებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. ენერგეტიკოსი ლიანა ჯერვალიძე ამბობს, რომ პროექტის შეჩერება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, რამდენადაც იგი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„გაზსაცავის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისთვის აუცილებელი პროექტია. ახლა მსოფლიოში მძიმე პროცესებია, მსხვილი პროექტების განხორციელება თითქმის შეუძლებელია, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ვხედავთ, რომ ეკონომიკა გაჩერებულია. კარგი იქნებოდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პროექტი განხორციელებულიყო.
გაზსაცავი აქტუალური პროექტია, რომელიც ენერგოუსაფრთხეობას ეხება და მთლიანად რომ გაჩერდეს, წარმოუდგენელია. ცხადია, სექტორი ელოდება მოთხოვნის აღდგენას და სანამ სიტუაცია არ შეიცვლება, ამ პროექტების განხორციელებას სერიოზული რისკი ექმნება, მთავრობის გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული“, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.