"ეს ბებია ორმოცზეც არ მინახავს და არც არანაირი ურთიერთობები არ მინახავს მასთან", - ამის შესახებ განცხადებას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აკეთებს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედის დეიდამ რიტა ზურაბაშვილმა "იმედთან" განაცხადა, რომ 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა. გარდაცვლილი პროგრამისტის ბებია ოჯახის ადვოკატზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ რამიშვილის აყვანასთან დაკავშირებით მას პროტესტი ჰქონდა. რიტა ზურაბაშვილი ვარაუდობს, რომ ადვოკატს "ფულს ვიღაც დაინტერესებული პირი უხდის".
სწორედ აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ რამიშვილი და თქვა, რომ უნდათ ის საქმეს ჩამოაშორონა და მისი რეპუტაცია შელახონ.
"შეეკითხეთ ქალბატონ თეონას, სანდო ვარ თუ - არა. თამუნას შეყვარებულის ჩვენებებიც მაქვს წაკითხული, ნიკა გეჯაძის მიმართ სიყვარულის კი რა მოგახსენოთ. მოწონება ერთია, სიყვარული - მეორე. ეს ბებია ორმოცზეც არ მინახავს და არც არანაირი ურთიერთობები არ მინახავს მასთან. მეათეხარისხოვანი ნათესავები არ ვიცი მე. ამდენი ხანია მათთან დავდივარ და იქ ბებია არავინ მინახავს.
როდის გამოჩნდა ასეთი ბებია, არ ვიცი. მე მიხდიან და მე ვასრულებ ვინმეს დავალებას? მაშინ ამ ქალბატონს მოუწევს ყველა იმ პირის დასახელება, ვის დავალებასაც მე ვასრულებ და თვითონ გადაიხდის ყველა ფულს. ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც თვითონ ასრულებს - უნდათ ჩამოვშორდე საქმეს და ჩემი ღირსება და რეპუტაცია შელახონ. ამათი მიზანი ესაა იმიტომ, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ, ვერაფერს! სუსი რომაა ამ საქმეში ჩართული, უკვე ნათელია და ახლა გამოჩნდა "ბებია", ახლა გადმოვიდნენ ჩემზე" - ამბობს ადვოკატი რამიშვილი.