უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს - ამის შესახებ რადის დეპუტატი, გრიგორი მამკამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის სახელი დეპუტატისთვის ფუჭ დაპირებებთან და ჩავარდნილ რეფორმებთან ასოცირდება.
„რაც საქართველოში გაკეთდა, ეს ცალკე ისტორიაა. ის მეთოდები, რომელსაც იყენებდნენ ჩემი აზრით ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა იყო. სულ რომ რომელიმე ადამიანი დამნაშავე ყოფილიყო, მას უკანონოდ არ უნდა მოქცეოდნენ. როცა გამოჩნდა სააკაშვილი უკრაინაში, დაიწყო გაურკვეველი პოლიტიკური თამაშები პოროშენკოსთან, სააკაშვილი დანიშნა გუბერნატორად ოდესაში, ყველა მის თანამოაზრეს თანამდებობები მისცეს-საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში, საბაჟოში ასევე მისი კადრი, პოლიციაში... გააკეთეს მხოლოდ ერთი გზა ბიუჯეტის თანხით და მორჩა, სხვა არაფერი, იქ სააკაშვილის გაკეთებულს მეტს ვერაფერს ნახავთ, როგორიც იყო რეგიონი, ისეთივე დარჩა. ადამიანს, რომელსაც რაღაცის შეცვლა უნდა, თავად უნდა იყოს ორგანიზებული ადამიანი, მას კი არსად არაფერი გამოუვიდა. მე ამდენი წლის განმავლობაში მისი მუშაობის შედეგი ვერ დავინახე. რატომ არ ჰქონდა მხარდაჭერა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მის კანდიდატურას რადაში?! შეხვდა ფრაქციებს და ერთი კონკრეტული წინადადებაც ვერ წარმოადგინა რისი შეცვლა უნდოდა და როგორ გააკეთებდა ამას. მხოლოდ ლაპარაკობდა, ბუნდოვან იდეებს ყვებოდა და გაწერილი გეგმა არ ჰქონია. როდესაც დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვევს, პასუხის ნაცვლად შეურაცხყოფაზე გადავიდა, ზიზღით ამბობდა, რომ სახალხო დეპუტატები საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რატომ არიან რადაში“, - აცხადებს გრიგორი მამკა.
მეცხრე მოწვევის დეპუტატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავადაც ვერ აცნობიერებს, რისთვის იმყოფება ქვეყანაში.
„მან საბაჟოს რეფორმა უკვე დაასრულა?? ხომ დაიწყო?? ახლა სასამართლოს რეფორმაზე ლაპარაკობს. არავის აქვს უფლება უკრაინის სასამართლო ხელისუფლებაში ჩაერიოს. პოლიციის რეფორმა დაიწყეს-დაანგრიეს პოლიცია. გაანადგურეს საბაჟო. ახლა სასამართლოს განადგურებაღა დარჩა და ალბათ უშიშროების სამსახურის. როდესაც შენ მოდიხარ და ამბობ, რომ ძველი არ ვარგა და ახლით უნდა შეცვალო, უნდა თქვა, რომ შენ იღებ მთლიანად ამ ცვლილებაზე პასუხისმგებლობას. არც ერთი რეფორმა გაწერილი არ ყოფილა, დილით მოეწონათ ველოსიპედები? იყიდეს! შემდეგ შარვლები და ასე დაიბადა ველოპოლიცია. პოლიციაში სინამდვილეში არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა, უბრალოდ ძველი კადრები გაათავისუფლეს. გათვლილი და გაწერილი ფურცელზე არაფერი ყოფილა, იცით რატომ?! თუ დაწერდნენ და ხელს მოაწერდნენ, ეს უკვე დოკუმენტი იქნებოდა და შემდეგ პასუხისმგებლობის აღება მოუწევდათ იმ შედეგებზე, რაც მივიღეთ. როცა უბრალოდ დაიღალა დეკანოიძე, უკრაინას მოქალაქეობა დააბრუნა-მუშაობის ასეთი შედეგებისთვის ის ახლა წესით ციხეში უნდა იჯდეს“, - აცხადებს მეცხრე მოწვევის დეპუტატი.
გრიგორი მამკა ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს.
„ჩემთვის შეფასების კრიტერიუმია-თუ დამნაშავე ხარ, უნდა წახვიდე და ჩაბარდე. ჩემი აზრით, უკრაინის ხელისუფლება მას უბრალოდ ეთამაშება. ხალხიც უკვე აცნობიერებს, რომ სააკაშილი დიდი ხანია აქაა და რასაც ხალხს დაპირდა- არაფერი გააკეთა. მის პოლიტიკურ მომავალს ამ ქვეყანაში ვერ ვხედავ, არ ყავს მხარდამჭერები. მე ვფიქრობ, რომ რაც აქამდე უკრაინაში ჩაიდინა, მისი პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა“, - ამბობს გრიგორი მამკა.