ალექსანდრე ლუკაშენკო: ფიქრობდნენ, რომ დაგვაჩოქებდნენ, ტანკებითა და რაკეტებით შეგვაშინებდნენ - ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს

ალექსანდრე ლუკაშენკო: ფიქრობდნენ, რომ დაგვაჩოქებდნენ, ტანკებითა და რაკეტებით შეგვაშინებდნენ - ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი ხისტ პასუხს გასცემს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.

„ნამეტანი მოსდით უკვე და დაავიწყდათ, რა არის ბელარუსი. ფიქრობდნენ, რომ დაგვაჩოქებდნენ, ტანკებითა და რაკეტებით შეგვაშინებდნენ. ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს. ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი სანქციების პირობებშიც გადარჩება.

„ადრე გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით. ბევრი კეთილი ადამიანია ირგვლივ. ამიტომაც, ნუ შეგვაშინებთ“, - დასძინა მან.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.