ლევან თარხნიშვილი სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურაზე: ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება საკუთარი კანდიდატი წამოაყენოს

ლევან თარხნიშვილი სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურაზე: ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება საკუთარი კანდიდატი წამოაყენოს

ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, წამოაყენოს საკუთარი კანდიდატი. რეალურად არჩევნების შემდგომ კოალიცია გადაწყვეტს, ვინ იქნება რეალური პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან თარხნიშვილმა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის აქვს უფლება საქართველოში დაბრუნდეს.

„სააკაშვილს უფლება აქვს საქართველოში დაბრუნდეს, ისევე, როგორც ნებისმიერ პოლიტდევნილს და ისევე, როგორც ნებისმიერმა პოლიტპატიმარმა ციხე უნდა დატოვოს, როგორ გააგრძელებენ ისინი საქმიანობას, ეს მათი გადასაწყვეტია, როდის დაბრუნდება ესეც მისი გადასაწყვეტია და ამ საკითხზე სპეკულირებას არ ვაპირებ.

ასევე გასაგებია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება წამოაყენოს საკუთარი კანდიდატი, რეალურად არჩევნების შემდგომ კოალიცია გადაწყვეტს ვინ იქნება რეალური პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ 7 სექტემბერს წარადგენს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

„ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.