თალაკვაძე სააკაშვილზე: ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა პირველ რიგში, მას ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება

თალაკვაძე სააკაშვილზე: ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა პირველ რიგში, მას ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება ამიტომ სურს. ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამშობლოში პირველ რიგში რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი ელოდება.

„მგონი, ერთი და იგივე სერიას ვუყურებთ, როდესაც ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. პირველ რიგში, მას ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლი მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა, თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო, მან დატოვა ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

 თალაკვაძის თქმითვე, სააკაშვილმა დატოვა მონოპოლიზებული მედია, დღეს კი ქვეყანაში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიაა.

 „საკაშვილმა დატოვა მონოპოლიზებული მედია დღეს ქვეყანაში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედია გვყავს. მან დატოვა დამახინჯებული კონსტიტუცია, დღეს ქვეყანას ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს. მრავალი სხვა პროგრესული ცვლილება არის ქვეყანაში. ასე რომ, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყანა, ჩვენ ყველა მის განვითარებაზე ვზრუნავთ. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვალა. როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება სურს. ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ იგი ბრუნდება.