"მალე ბევრ ისეთ რამეს გავიხსენებ, რომ სააკაშვილი ძალიან ცუდ ხასიათზე დადგება"

რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო საშუალებებმა გვაუწყეს, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტდევნილის სტატუსის მოპოვებას ლამობს და მისი პარტიის მიერ შედგენილ პოლიტდევნილთა (და პოლიტპატიმართა) სიაში პირველ ნომრადაც ეწერაო. ნინო ბურჯანაძე ორი კვირის განმავლობაში თბილისში არ იმყოფებოდა და, შესაძლოა, ვიღაცამ ისიც იფიქრა, რომ პარლამენტის ექსსპიკერმა უკვე იზრუნა პოლიტიკურ თავშესაფარზე.

"კვირის პალიტრა" "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს საზღვარგარეთ დაუკავშირდა. სად იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძე და რისთვის, ამას ინტერვიუს ბოლოს შეიტყობთ:

- პოლიტდევნილად თავი გამოვაცხადე და ამის დადასტურების თხოვნა ვანო მერაბიშვილს გავუგზავნე? ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ბოდავენ! ასეთ საკითხზე როგორ შეიძლება კომენტარის გაკეთება?

რაც უნდა ზეწოლა იყოს ჩემზე, მათ, ვისაც იმედი აქვთ, ამით მიზანს მივაღწევთო, მინდა მოლოდინი გავუცრუო. არც  ქვეყნიდან წავალ, არც პოლიტდევნილის სტატუსს მოვითხოვ და ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩემს დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მესიჯის გამოგზავნას, თუ გარიგებაზე წამოხვალ, ბრძოლას შეწყვეტ, ყველა პრობლემა მოიხსნებაო, აზრი არა აქვს. არანაირ  გარიგებაზე არ წავალ და ვიბრძოლებ, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ფიზიკურად არ გამანადგურებენ.

ვისგან იყო მესიჯები?

- არ მინდა დაკონკრეტება. იყო მინიშნებები. იყო ნათქვამი აშკარად და შეფარვითაც, ბრძოლა შეწყვიტე და  პრობლემებს აღარ შეგიქმნითო. კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საზიანოდ. საინტერესოა, "იმედზე" გასული ეს ფანტასტიკური სიუჟეტი  მხოლოდ არველაძეს მოუვიდა თავში თუ სააკაშვილიც მიეხმარა ამ აბსურდის მოფიქრებაში? ქვეყნის სამართავად მას არასოდეს ეცალა და შედეგიც სახეზეა. ის ძალიან ხშირად პირადად ერეოდა და ერევა ტელევიზიების საქმიანობაში.

იქნებ ამის კონკრეტული ფაქტები გაიხსენოთ?

- ამის გასახსენებლად ტვინის დაღლას არ ვაპირებ. თუმც მალე ბევრ ისეთ რამეს გავიხსენებ, რომ სააკაშვილი ძალიან ცუდ ხასიათზე დადგება. ამ ყველაფრის გახსენებას მხოლოდ გაზეთების ფურცლებზე არ ვაპირებ.

აბა, სად გაიხსენებთ?

- ყველაფრის თქმას თავისი დრო აქვს. სააკაშვილს მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა და ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდება. ამ კითხვებს მეც დავუსვამ სააკაშვილს და სხვასაც მივეხმარები, რომ დაუსვას.

ტალიავინის კომისიას ხომ არ გულისხმობთ?

- ყველაფერს ვგულისხმობ. ერთადერთი ის შემაკავებს, რომ არაფერი ვთქვა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. რაც უფრო შემებრძოლება, მით მეტ მწარე-მწარე პასუხებს მიიღებს.  მიუხედავად იმისა, რომ მთელი სასამართლო სააკაშვილს უზის ჯიბეში, მე მეტი ბერკეტი მაქვს, რადგან სათქმელიც მეტი მაქვს და შესაშინებელიც ჩემზე მეტი აქვს სააკაშვილს.

წყნეთის აგარაკის გამო მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაგაკისრეს და რაკი არ გადაიხადეთ, აგარაკს ალბათ, მალე გაყიდიანრატომ მიეცით ხელისუფლებას ამ თემით მანიპულირების საშუალება?

- ხელისუფლებამ ამ საკითხით აპელირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ აგარაკის რეალიზაციით მიღებულ თანხას მთლიანად მოვახმარდი პოლიტიკურ ბრძოლას ქვეყნის გადასარჩენად.

ეს არის სადამსჯელო ოპერაცია განსხვავებული აზრისთვის. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს დაგვანახვოს, რომ კანონიც და მთელი ქვეყანაც მის ხელშია.

ეს ჩემთვის აგარაკის წართმევა კი არ არის, ხალხისთვის ბრძოლის რესურსის წართმევაა!

მიჭირდა დაჯერება, რომ საკანონმდებლო ნორმების ასე გადათელვა შეიძლებოდა. ყველა ჩემი მოქმედება კანონიერია და აბსოლუტურად უკანონოა ხელისუფლების ქმედებები. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემზე ანგარიშსწორებისთვის კანონს შეცვლიდნენ, - პირველი ინსტანციის სასამართლოს მისცეს უფლება, ქონება აუქციონზე გაიტანოს და თუ არ გაიყიდა, სახელმწიფოს ხელში გადავა. შემდგომ ინსტანციებში რომც მოიგო სასამართლო, ქონება უკვე წართმეულია. ასეთი ქმედებებით სასამართლო დაანგრიეს და ძალიან მაინტერესებს, 24 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან როგორ ილაპარაკებს სააკაშვილი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე?

მეტსაც გეტყვით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმეში ჩაამატეს გაყალბებული დოკუმენტი და ამას უსათუოდ დავამტკიცებ სტრასბურგის სასამართლოში. როდესაც ქვეყანაში სამართლიანი ხელისუფლება მოვა, მოსამართლეს, რომელმაც ეს აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლეობის კი არა, იურისტობის უფლება ჩამოერთმევა. სააკაშვილს თუ ჰგონია, რომ წყნეთის აგარაკის გამო გამაჩუმებს, კარგად არ ვცნობივარ. სააკაშვილმა სამშობლო - აფხაზეთი და სამაჩაბლო  წამართვა და ერთი სახლის წართმევით ჩემთვის ცხოვრება არ დამთავრდება. როდესაც ნახევარი ქვეყანა დავკარგეთ, ჩემი სახლი რა სახსენებელია?! სტრასბურგში ამ საქმეს უსათუოდ მოვიგებ და პასუხი ყველას  მოეთხოვება - საგადასახადო ინსპექტორებსაც, რომელთაც ათმაგი ჯარიმა გამოწერეს, და მოსამართლესაც. პრობლემა მხოლოდ სააკაშვილში კი არა, თითოეულ ჩვენგანშია. საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნისას რაღაც არ გავაკეთე, რაღაც დავაკელი. ვგულისხმობ იმ პირებსაც, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ დიქტატორის ყველა ბრძანებას. სააკაშვილმა გასცა ბრძანება, ბურჯანაძე სახლიდან უნდა გამოაგდოთო და ქვეშევრდომნი უსიტყვოდ ასრულებენ მის ბრძანებას, მიუხედავად იმისა, რომ იციან, დიდ უკანონობას სჩადიან. ხვალ-ზეგ სააკაშვილის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლებსაც დაუდგებათ ჩემნაირი პრობლემა.

ხალხი მალე დაინახავს, სააკაშვილი და მისი მთავრობა, რომელიც აცხადებს, ქამრები უნდა შემოვიჭიროთო, სინამდვილეში როგორ განკარგავენ სახელმწიფო ბიუჯეტს და რა ქონების პატრონი არიან. თანდათან ახლოვდება დრო, როდესაც  ეს მასალები  გახმაურდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მთავრობის წევრები, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე გახდნენ მილიონერები. ამ პირების გვარებსაც დავასახელებ და დამამტკიცებელ მასალებსაც წარმოვადგენ, - ეს დღე შორს აღარ არის.

კაცი, რომელსაც შეეძლო ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით შესულიყო, შავი ასოებით ჩაეწერა და ისევ აგრძელებს იმ სავალალო ნაბიჯების გადადგმას, რაც მეტად უმძიმებს ხვედრს.

ამაზე უარესი რა უნდა დამართნოდა სააკაშვილს?! თუ დააკვირდებით, სახეზე ეტყობა, რომ ხვდება თავის უმძიმეს მდგომარეობას. ეს არ მიხარია. მერჩივნა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ ამის შანსი მას აღარ აქვს.

მინდა ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებზე გკითხოთ...

- ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცნაურობა ხდება. რომელ ქვეყანაში ინიშნება ქურდებთან ბრძოლაში თავგამოჩენილი კაცი თავდაცვის მინისტრად?! საინტერესოა, ისეთი რა იცის სააკაშვილზე ახალაიამ, რა ისეთ საქმეში არიან გარეული, რომ ვერ იშორებს და თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ახალაიასთან მუშაობა ძალიან მძიმე და არაკომფორტული იყო დავით სიხარულიძისთვის, რომელიც წესიერი კაცია... მაგრამ წესიერებასთან ერთად თავმოყვარეობაც რომ ჰქონდეთ ჩვენს კაცებს, ცუდი არ იქნებოდა. ამ საკადრო ცვლილებაზე ძალზე მწვავე მოსაზრებები მაქვს. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება აშშ-ს ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე? აშშ-ში ძალზე ნეგატიურად შეხვდნენ ახალაიას თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას და ახლა საინტერესოა, რას იტყვიან.

ჯარი სააკაშვილისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს. იქ თუ უკმაყოფილება დაიწყო, ამას სააკაშვილი გადაჰყვება და ამიტომაც ცდილობს ჯარის დაშინებასა და დაშლას. ვფიქრობ, ეს არ გამოუვა. ახალაიამ ქურდებთან ბრძოლით კი არა, თავი იმით გამოიჩინა, რომ ვარდების რევოლუციამდე სააკაშვილის დავალებით თეთრი "ჟიგულით" დაქროდა და ფოტოაპარატით ხელში კომპრომატებს აგროვებდა მის ოპონენტებზე. შესაძლოა, ახალაიას სააკაშვილის, კალაშოვისა და ტარიელ ონიანის ერთმანეთთან ჩახუტებული ფოტოებიც ჰქონდეს და ამიტომაც ვერ იშორებს.

ხელისუფლებაში ძალიან მწვავე დაპირისპირებაა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ხელისუფლების წევრთა უმრავლესობაზე სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს კომპრომატები აქვთ და ამის წყალობით ბევრი განსაზღვრული დროით გაჩერებული ჰყავთ. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გილაური გაკიცხა და პრეზიდენტი აქო. სააკაშვილის გაკრიტიკება სარისკოა და როდესაც მისი მხარდაჭერა გამოხატა, ჟვანიამ თავის გადარჩენაზე იზრუნა.

ანუ კომპრომატები ჟვანიაზეც არსებობს?

- როგორც ჩანს, ფაქტი სახეზეა. ისე, ქართული ეკონომიკა ბენდუქიძემ ჩაუგდო ხელში რუსებს. მასზეც ბევრი მძიმე ფაქტი გახმაურდება. ძალიან მაინტერესებს, ასეთ ვითარებაში რას აკეთებს კონტროლის პალატა, კიდევ არსებობს ეს ორგანო თუ დაიხურა? ადრე დასკვნებს მაინც წარმოადგენდნენ და ახლა რას აკეთებს? ლევან ბეჟაშვილს აზროვნებისა და კვალიფიციურობის პრობლემა არა აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქვს გამბედაობისა და ვაჟკაცობის პრობლემა.  კონტროლის პალატას ძალიან ბევრი მასალა აქვს. ჩემი პარლამენტის  თავმჯდომარეობის დროს არაერთი მასალა გადაეცა პროკურატურას, მაგრამ უკვე სხვა თემაა, სად გააქრო ისინი პროკურატურამ.

დასასრულ, ოპოზიციისა და თქვენს გეგმებზე მინდა გკითხოთ.

- არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას. ვიბრძოლებ ყველა კანონიერი მეთოდით, რაც გამარჯვებას დასჭირდება. ეს მძიმე ბრძოლა იქნება, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგე ყველაფერს კადრულობს, დიდ შავ ფულს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვიბრძოლებთ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და რაც უნდა ეცადოს სააკაშვილი ხალხის დაშინებასა და დატერორებას, არაფერი გამოუვა. საქართველო ძალიან ახლოს არის დიქტატურის ჩამოყალიბებასთან. დიქტატურა საქართველოში დიდხანს ვერ გაძლებს, მაგრამ მისი ნგრევა საშინელი იქნება ყველასთვის და ეს მაფიქრებს. არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა ერთადერთი გამოსავალია. თუ ეს არ მოხდა, ძალიან მძიმე სცენარი შეიძლება განვითარდეს. პოლიტიკოსები რომც გავჩუმდეთ, ხალხი არ მოითმენს დიქტატურას. ამას დიდი ნგრევა მოჰყვება და ეს მინდა ავაცილო ჩვენს ქვეყანას, როდესაც პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებაზე ვლაპარაკობ.