კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს მსოფლიო ეტაპობრივად ხსნის, ამის ფონზე იყო შემთხვევები, როდესაც რიგ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობამ შედარებით მოიმატა, თუმცა მსოფლიო ეპიდემიოლოგების რჩევას ითავლისწინებს და კორონავირუსთან თანაცხოვრებას თანდათანობით ეჩვევა. ქართველი ინფექციონისტები „რეზონანსთან" საუბრისას იმედს იტოვებენ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობით მატება არ იქნება.
კოვიდ-19-ის პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინა მიიჩნევა, რომელზედაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მუშაობს და მისი შექმნა უკვე ფინალურ ეტაპზეა. ისინი კლინიკურ კვლევებს გადის. 9-იდან სამი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია. გაჩნდა იმედი, რომ შემოდგომას ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამასვე ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა კომენტარი. ამბობს, რომ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ეს დავალებები პრემიერმა ყველა უწყებას დღეს მისცა.
გარდა ამისა, ასევე ცნობილი გახდა თუ როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში. პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები და თეატრები 1-ელი ოქტომბრიდან, სკოლები და კინოთეატრები კი 15 სექტემბრიდან გაიხსნება.
ახალი წესების თანახმად, ბაღის შენობაში მშობელი შესვლას ვეღარ შეძლებს. ფუნქციონირების აღდგენამდე კი ბაღებს შეამოწმებენ, ხოლო აღმზრდელებს სპეციალურ სწავლებებს ჩაუტარებენ. წესდება შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებითაც. რაკი მშობელი ამიერიდან შენობაში ვერ შევა, მან მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის აღმინისტრაციის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის ბაღიდან გაყვანა.
რაც შეეხება სკოლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა სკოლას შემოწმება გავლილი აქვს და გახსნისთვის აუცილებელ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„მიღებულია გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალით, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო აღები. ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებელებთან, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ. მივიღეთ ასევე გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნაზე. კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ორი კვირის ინტერვალით, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, კვლავ რჩება ადგილები, სადაც საყურადღებო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. საუბარია მესტია-ლენჯერზე, ქობულეთზე, ყაზბეგსა და გარდაბანზე. აქედან საკარანტინე შეზღუდვა მხოლოდ მესტია-ლენჯერზეა დაწესებული, რომელიც პრემიერის განცხადებით 2 სექტემბრიდან მოიხსნება.
ზღვისპირა ქალაქებში აქტიური ტესტიება მიმდინარეობს, გახსნილია სპეციალური დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც ტურისტებისა და დამსვენებლების ტესტირება მიმდინარეობს.
„პანდემია გრძელდება, დაძაბულობა დაახლოებით იგივე დონეზეა მთელს მსოფლიოში. ჩვენთან რეგიონში, უშუალოდ მეზობლებში, ვისთანაც გვაქვს საზღვარი, სიტუაცია კვლავ დაძაბულია, რამდენიმე ათასია რუსეთსა და თურქეთში ყოველდღიური შემთხვევების ოდენობა. სომხეთსა და აზერბაიჯანში ყოველდღიური შემთხვევები ასზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 1 436 დადასტურებული შემთხვევა, 7-ია ახალი. 1 150-ია გამოჯანმრთელებული და ახალი დღეს არ დამატებულა. მესტიის მუნიციპალიტეტში გვაქვს სულ 72 დადასტურებული შემთხვევა, 36 უშუალოდ მესტიაში, დანარჩენი მის გარეთ და ესენია მეორეული და მესამეული კონტაქტები. აქედან გამოკვეთილია ლენჯერის თემი. საკარანტინო ვადა დაუმთავრდა 85%-ს და დაახლოებით 600-მდე ადამიანმა საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა. დანარჩენს 2 სექტემბერს გასდის საკარანტინო რეჟიმის ვადა და ეს ორი ჩაკეტილი თემი გაიხსნება 2 სექტემბრიდან, თუმცა ლენჯერის თემში ტესტირების მეორე რაუნდი იქნება, რადგან მთლიანად ყველა მოქალაქე იყოს ტესტირებული," - თქვა ამირან გამყრელიძემ.
როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-19-თან არსებული ყველა რეკომენდაცია ბოლომდე იქნეს დაცული, რათა დაავადების შემდეგი გავრცელების რისკი მინიმმამდე შემცირდეს.
„ზუსტად არ ვიცით, იქნება თუ არა ვაქცინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის საუკეთესო საშუალებაა ინფეციის პრევენციითვის. მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალიან დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევები, ჯერ კოვიდი იქნება და ამას უნდა მივეჩვიოთ.
„თუ სკოლები და ბაღები ყველა რეკომენდაციას დაიცავენ დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მოსწვალემ, მასწავლებელმა და ყველამ, ვინც დაწესებულებაში შედის მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები", - თქვა მარინა ენდელაძემ „რეზონანსთან".