„ზოგიერთი ოპოზიციონერი მეფე „შადრევან პირველს" მიწოდებს და ეს სულაც არ მწყინს. სჯობს „შადრევან პირველი" გიწოდონ , ვიდრე ჩინგიზ ხანი, ან რომელიმე სხვა მსგავს მმართველს შეგადარონ“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მონახულებისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ანაკლია, ისტორიულად მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი იყო, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც ბათუმს, სოხუმს, ტრაპზონსა და ფოთს. პრეზიდენტის თქმით, ბოლოს ანაკლიაში დარჩა ძალიან პატარა დასახლება, თუმცა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი და მისი მშენებლობა ისტორიული რეგიონული ცენტრის აღორძინებას ნიშნავს.
„ამიტომ, მისი აღორძინება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული, რეგიონალური ცენტრის აღორძინებას ნიშნავს. თქვენი ბანაკის მნიშვნელობა კი, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორიული ადგილის აღორძინება. საქმე ისაა, რომ აქედან ორ კილომეტრში იწყება ქართველებისგან, ესტონელებისგან, უკრაინელებისგან, ქართველი სომხებისა და აზერბაიჯანელებისგან თავისუფალი ზონა - ოკუპირებული ტერიტორია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა პატრიოტთა ბანაკში მყოფ მოსწავლეებს შესთავაზა, მოხდეს საბჭოს არჩევა და „შეიქმნას დემოკრატიის სკოლა“.
„მინდა ერთი რამ შემოგთავაზოთ. იცით, რომ სკოლებში დემოკრატიული ორგანოები იქმნება. მოსწავლეები ირჩევენ სკოლის თვითმართველობებს. ჩემი შვილიც მოსწავლეა და ქმნიან პარტიებს, ეჯიბრებიან ერთმანეთს, აწარმოებენ საარჩევნო კამპანიებს, ინტერნეტქსელში, ფეისბუკზე ერთი ამბავი აქვთ ატეხილი... მოდით, აქაც ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები - მარტო ლიდერები არ უნდა წყვეტდნენ ყველაფერს. თქვენი საბჭო თავადვე აირჩიეთ. ორ-სამ დღეს შეხედეთ ერთმანეთს და შექმენით დემოკრატიის ნამდვილი სკოლა. მოდით, პატრიოტთა ბანაკები ასევე დემოკრატიის სკოლად გადავაქციოთ.“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.