მითი იმის შესახებ, რომ სტალინს შეთქმულებების ფობია ჰქონდა, დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა. თუმცა, ერთი მხრივ, სერიოზულ ადამიანებს ამის არასდროს სჯეროდათ, მეორე მხრივ კი, დღესაც არიან შემორჩენილი ავისმჩხრეკელები, რომლებიც ხრუშჩოვის მე–20 და განსაკუთრებით 22-ე ყრილობის მიერ, პიროვნების კულტის დაგმობის შემდეგ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს ეყრდნობიან. მათში კი სტალინის კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მაღალჩინოსანი სამხედროები, ჩეკისტები, პარტიული მოღვაწეები, როგორც ცხვრები, ისე უაზროდ მიჰყვებოდნენ და ყველაფერში ენდობოდნენ სისხლიან დიქტატორს, რომელიც მუდმივად თავდასხმის შიშით იყო შეპყრობილი.
გერმანული, ინგლისური და ამერიკული დოკუმენტური და მემუარული ხასიათის ლიტერატურის ანალიზი, ცხადყოფს, რომ ასეთ მოსაზრებას საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. ბელადის მკვლელობის მრავალრიცხოვანი მცდელობიდან, ხუთი მათგანი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
სპეციალისტების აზრით, მეორე მსოფლიო ომამდე, ყველაზე გულმოდგინედ მომზადებული და ორგანიზებული იყო სტალინის მოკვლის იაპონური დაზვერვის მცდელობა. მაშინ ბელადი სოჭში ისვენებდა. ეს იდეა, ისევე როგორც ოპერაციის ხელმძღვანელობა, ქვეყნიდან გაქცეულ შინაგან საქმეთა ყოფილ გენერალს, ლუშკოვს ეკუთვნოდა.
1942 წლის 6 ნოემბერს, სადღესასწაულო ღონისძიების მოწყობამდე, წითელ მოედანზე, მოფარებულ ადგილზე, მოულოდნელად წამოდგა ადამიანი და კრემლის სპასკის ჭიშკრიდან გამოსულ მანქანას სროლა დაუწყო. რამდენჯერმე ისროლა და მეტი ვერ მოასწრო, დაცვამ დააკავა. ტერორისტი ვინმე საველი დმიტრიევი აღმოჩნდა, რომელმაც ასეთ საქმეზე „წასვლა“ წითელი არმიიდან დეზერტირობის შემდეგ გადაწყვიტა. საველის შეეშალა და სტალინისა და მიქოიანის მანქანები ერთმანეთში აერია. თუმცა, ამ ინციდენტის შედეგად, არავინ დაზარალებულა. მან რვა წელიწადი გაატარა ციხეებში, დანაშაულის ჩადენის მოტივი ბოლომდე მაინც ვერ დადგინდა – ერთი ვერსიით, ის შურს იძიებდა ოჯახის რეპრესირების გამო, მეორეთი – ფსიქიკურად იყო დაავადებული. 1950 წლის აგვისტოში ცენტრალურ გაზეთებში განთავსდა პატარა ამონარიდი განაჩენიდან: „ტერორისტი დმიტრიევი დააკავეს წითელ მოედანზე. 1950 წლის 25 აგვისტოს საბჭოთა კავშირის უმაღლესი კოლეგიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დაიხვრიტა“.
ფაშისტური გერმანიის პოლიტიკური დაზვერვის უფროსის, ვალტერ შელენბერგის მემუარების მიხედვით, 1944 წლის ზაფხულში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიბენტროპმა თავის საზაფხულო რეზიდენციაში დაპატიჟა და განსაკუთრებული სახელმწიფო საიდუმლოება გაუმხილა. როგორც თავად უთხრა ამის შესახებ, მხოლოდ ბორმანმა და ჰიმლერმა იცოდნენ. „სტალინი უნდა მოკვდეს“ – უთხრა რიბენტროპმა და განუმარტა, რომ საკმარისია, მისი რომელიმე შეხვედრაზე ან კონფერენციაზე შეტყუება. შემდეგ კი თვითონ აიღებს საკუთარ თავზე მის განადგურებას სპეციალური საწერი კალმით, რომელიც პისტოლეტის მოწყობილობის იქნებაო. იმ პერიოდისთვის გერმანია ომს აგებდა და ცხადია, სტალინი კატეგორიულად არ დათანხმდა გერმანიის წარმომადგენლებთან კონტაქტს. ასე რომ, ეს მცდელობა თავიდანვე განწირული იყო.
შელენბერგის გასაკვირად, მას შემდეგ, რაც ჰიმლერმა გამოიძახა და მსგავსი ტიპის გეგმა შესთავაზა, გერმანელ სამხედრო სპეციალისტებს, მუშტის ზომის ნაღმი დაუმზადებიათ, რომლის მოქმედების რადიუსი 11 კილომეტრი იყო. მას დიდი გამანადგურებელი ძალა ჰქონდა და დეტონატორის რადიოთი მართვა შეიძლებოდა. მოკლეტალღოვანი გადამცემი სიგარეტის კოლოფისხელა იყო. შელენბერგს შემსრულებლების მონახვა არ გასჭირვებია. საბჭოთა ტყეების საკონცენტრაციო ბანაკში მოინახა ორი ადამიანი, რომლებიც თავის დროზე კომუნისტური მთავრობის მიერ იყვნენ რეპრესირებულნი. ისინი სტალინის მკვლელობას დასთანხმდნენ. ერთ-ერთი მათგანი სტალინის ავტოსადგომის მექანიკოსს იცნობდა. ამიტომ, მისთვის ყალბი საბუთებით, მით უფრო მაშინ, ბელადთან შეღწევა, ან ამ დავალების სხვა გზით შესრულება არ უნდა ყოფილიყო შეუძლებელი. ერთადერთი, რაც ვერ გათვალა დაზვერვის უფროსმა ის იყო, რომ, როგორც კი დივერსანტები საბჭოთა კავშირში აღმოჩნდნენ, საბჭოთა კონტრდაზვერვას ჩაბარდნენ. ყველაფერი აღიარეს, მეტიც მაქსიმალურად ითანამშრომლეს მათთან. ისევ გადიოდნენ კონტაქტზე და თვალის ახვევის მიზნით, გერმანელებს სხვადასხვა ვადაში დავალების შესრულებას ჰპირდებოდნენ.
სტალინის ლიკვიდაციაზე ფიქრი ჰიტლერს მოსვენებას მართლაც არ აძლევდა. იმავე, 1944 წელს ობერშტურმანფიურერ გრევეს დაევალა მოსკოვში ტერორისტების გაგზავნა. ეს აქცია უნდა შეესრულებინა ორ ადამიანს – პოლიტოვ-ტავრინს და ადამიჩევა-შილოვას. შეიძლება მათ შესახებ რამდენიმე სიტყვის თქმაც. წითელი არმიის ლეიტენანტი, ოცმეთაური პოლიტოვი 1942 წლის მაისში თავისი ნებით ჩაბარდა ტყვედ და გერმანელების მხარეს გადავიდა. მოხალისედ დაიწყო გესტაპოსთან თანამშრომლობა და ის მალევე გააგზავნეს ავსტრიაში აგენტების სპეციალურ სკოლაში. ამავე დროს ტყვედ შეიპყრეს გერმანელებმა მძიმედ დაჭრილი გენერალ–მაიორი შეპეტოვი. ის განკურნეს და შეთავაზეს თავიანთ მხარეზე გადასვლა. გენერალმა კატეგორიული უარი თქვა, რის შემდეგაც სამხედრო ტყვეების ბანაკში წამებით მოკლეს. სწორედ გარდაცვლილი გენერლის მედლები გახდა შემდგომში ამ ტერორისტული აქტის ჩავარდნის მიზეზი. გესტაპოს სკოლის დამთავრების შემდეგ, პოლიტოვი მიავლინეს ფსკოვში, სადაც ბრწყინვალედ ასრულებდა გესტაპოს აგენტის მოვალეობას. იქ მან გაიცნო ქალბატონი ადამიჩევა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ოკუპაციის პირველივე დღეებიდან თანამშრომლობდა მტერთან, კარგად ფლობდა გერმანულ ენას და სძულდა საბჭოთა რეჟიმი დედის გადასახლების გამო. ასეთი წყვილი შეარჩიეს გერმანელებმა სტალინის მოსაკლავად. მათ აუხსნეს, რომ საშიშროება არ ემუქრებათ და თანაც, უხვად დასაჩუქრდებოდნენ. თანხმობის შემდეგ ორივე ბერლინში გაამგზავრეს, სადაც პირადად ოტო სკორცენმა ჩაუტარათ მათ ინსტრუქტაჟი, მორიგი მომზადების შემდეგ კი ისინი რიგაში გადაიყვანეს. იმ დროს რიგაში იყო განთავსებული „ცეპელინ-ნორდის“ სადაზვერვო ცენტრი. აქ მათ უკვე დივერსიის განხორციელების პრაქტიკული ხერხები შეასწავლეს. ზუსტად რიგაში დაუშვა შეცდომა პოლიტოვმა: მას საბჭოთა კავშირში „სმერშის“ (საბჭოთა დანაყოფი) მაიორის, ტავრინის სახელით უნდა ემოქმედა. გაიხსენა, რომ ამ დანაყოფის ბიჭები ტყავის ლაბადა-პალტოებს ატარებდნენ და თავადაც ასეთის შეკერვა მოინდომა. რას წარმოიდგენდა, რომ რიგაში სამკერვალო საამქროს მეპატრონე, საბჭოთა აგენტი იყო, რომელსაც არ შეშლია ხელმძღვანელობისთვის იმის მოხსენება, რომ საეჭვო პიროვნებისგან, საბჭოთა ოფიცრის ნიმუშის ფორმის შეკვეთა მიიღო.
ოპერაციას გერმანელები დიდი გულმოდგინებით ამზადებდნენ. პოლიტოვს საბჭოთა დოკუმენტების რამდენიმე კომპლექტი დაუმზადეს, რომელთაგან ძირითადი იყო 39-ე არმიის „სმერშის“ განყოფილების უფროსის, მაიორ ტავრინის პირადობის მოწმობა. მოსკოვში ჩასვლისას, მას უნდა ეთქვა, რომ მძიმე ჭრილობის მიღების შემდეგ, ჰოსპიტალში იმკურნალა და შვებულებაში მიდიოდა. ჭრილობების იმიტაციისთვის გამოცდილი გერმანელი ექიმები სერიოზულად გაისარჯნენ – მას პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს და ხელოვნურ ჭრილობებზე ძველი ნაკერები დაადეს. ინსტრუქტორებმა საბჭოთა ჯილდოებით მოამარაგეს. ძირითადად და მნიშვნელოვნად, ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავი აჩნდათ, რომელიც თავის დროზე განერალ შეპეტოვს წაართვეს. გარდა ამისა, დივერსანტებს გაზეთები „პრავდა“ და „იზვესტიაც“ გაატანეს, სადაც ყალბი სტატიები იყო ჩასმული მაიორ ტავრინის გმირობებზე, ასევე – ფოტოსურათიც. უნაკლოდ შესრულებული საბუთების მიხედვით, მაიორი ტავრინი და უმცროსი ლეიტენანტი შილოვა მიემართებოდნენ მოსკოვისკენ, სადაც სპეციალური ტვირთის ჩაბარების შემდეგ, მათ მიეცემოდათ ხანმოკლე შვებულება.
განიხილებოდა სტალინზე თავდასხმის ორი ვარიანტი. პირველი – სპეციალური აპარატით, რომელსაც გერმანელები „პანცერ-კნაკეს“ უწოდებდნენ. ეს იყო ფოლადის მოკლე მილი, რომელიც შინელის ან კიტელის სახელოს ქვეშ ძალიან ადვილად დაიმალებოდა. მილი ხელზე ქამრებით მაგრდებოდა, ტერორისტს კი ჯიბეში სპეციალური ღილაკი ედო, რისი მეშვეობითაც გაისროდა. მილში 30-მილიმეტრიანი კუმულატიური მოქმედების ნაღმი იყო მოთავსებული, რომელსაც 300 მეტრის მანძილზე შეეძლო ჯავშნის გარღვევა. საკმარისი იყო, ერთი ხელი მანქანის მიმართულებით აეწია, მეორე კი ღილაკზე დაეჭირა, რომ მოწყობილობა უხმაუროდ ამუშავდებოდა. სათადარიგო, მეორე ვარიანტი ასეთი იყო: საშუალო ზომის პორტფელში ჩამონტაჟებული მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება ტავრინს საზეიმო ღონისძიებაზე უნდა შეეტანა, შემდეგ გარეთ გამოსულიყო და რადიოსიგნალით აეფეთქებინა. ყველაზე დიდი ხარჯის გაწევა ჰიტლერის სპეცსამსახურებს დივერსანტების შემოგზავნაზე მოუწიათ – ეს იყო ოთხძრავიანი „არადო-332-ის“ ტიპის სპეცმოიერიშე გამანადგურებელი, ყველაზე თანამედროვე სანავიგაციო მოწყობილობით, რომელსაც შეზღუდულ, პატარა ფართობზეც შეეძლო დაჯდომა. ყველაზე ორიგინალური კი სპეციალური ტრაპი იყო, რომლიდანაც საბჭოთა მოტოციკლი მ-72 ჩამოგორდებოდა და რომლითაც დივერსანტები მოსკოვში იმოძრავებდნენ. ცხადია, რომ ასეთი საფრენი აპარატი კოლოსალურ თანხებს მოითხოვდა, მაგრამ სტალინის მოკვლის მანიაკალური სურვილით შეპყრობილი ჰიტლერი უარს არაფერზე ამბობდა.
ტერორისტების გადასროლამდე რამდენიმე თვით ადრე, სმოლენსკთან ახლოს, გერმანელი აგენტების მცირე ჯგუფი გადაისროლეს, რომელთა ამოცანა იყო თვითმფრინავის დასაჯდომი მოედნის შერჩევა. ისინი უნდა დახვედროდნენ დივერსანტებს და შემდეგ იმავე თვითმფრინავით გამგზავრებულიყვნენ უკან. მაგრამ, ისინი საბჭოთა კონტრდაზვერვამ შეიპყრო და თვითმფრინავს უკვე ერთად „ელოდებოდნენ“. ამ შემთხვევაში ტერორისტებს გაუმართლათ – დანიშნულ ადგილზე ვერ ჩაფრინდა, რადგან გადაფრენისას, საზენიტო არტილერიამ დააზიანა და იძულებითი დაფრენა 150 კილომეტრის მოშორებით განახორციელა. პოლიტოვმა და შილოვამ მოტოციკლეტით დაუყოვნებლივ გააგრძელეს გზა მოსკოვისკენ. ეკიპაჟმა კი თვითმფრინავი მიატოვა და ტყე-ტყე ფრონტის ხაზისკენ გაეშურა. მალე საბჭოთა ჯარისკაცებმა ცარიელი თვითმფრინავი აღმოაჩინეს, ხელმძღვანელობას აცნობეს და მოსკოვისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა. რჟევ-მოსკოვის გზაზე, ტერორისტები ერთ-ერთმა საძიებო ჯგუფმა, დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერა. ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ მორიგემ ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა, გამცილებელთა ჯგუფის გამოძახებას დაჰპირდა და მათ მოსვლამდე სტუმრები ქოხში შეიყვანა მოსასვენებლად. ცხელოდა და პოლიტოვმა შინელი გაიხადა, სწორედ აქ არ გაუმართლა, ორდენებისა და მედლების ტარების წესი (მკერდზე მათი თანამიმდევრობა) სტალინის ბრძანებით შეცვლილი იყო და ყველა მიხვდა, რომ ის არ იყო, ვისადაც თავს ასაღებდა.
განსაკუთრებით საშიში ტერორისტების წარმატებით დაკავებისთვის, „სმერშის“ უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი აბაკუმოვი კუტუზოვის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ჰიტლერის გამოყოფილი თანხები, ადამიანური რესურსი, ტექნიკა, დივერსანტების გაწვრთნაზე დახარჯული დრო – ყველაფერი წყალმა წაიღო. ეს იყო გერმანიის მხრიდან სტალინის ლიკვიდაციის უკანასკნელი მცდელობა.