„კოკა-კოლასთან“ დაკავშირებული სკანდალური მილიონები

„კოკა-კოლასთან“ დაკავშირებული სკანდალური მილიონები

რამდენიმე თვის წინ, მოულოდნელად, „კოკა-კოლას“ 4 წვრილი, არაფრისმთქმელი, ახლადშექმნილი ფირმა შეუერთდა. ამ ფირმებს ღირშესანიშნავი არაფერი ჰქონდათ, თემურ ჭყონიას თვალი ზედ რომ დარჩენოდა, გარდა ერთისა - ყველა მათგანს აქტივზე მილიონები ჰქონდა დასმული. ანუ, ხელში ეჭირათ არა თანხა, არამედ ფურცელი, რომლის მიხედვითაც, ამ ფირმების ვალი სახელმწიფოს, ანუ ბიუჯეტს ჰქონდა. ამ ფურცლის საშუალებით ფირმას შეუძლია მომავალი გადასახადები აღარ გადაიხადოს და უბრალოდ, სახელმწიფოს ვალში ჩაუთვალოს, გადასახადისთვის განკუთვნილ თანხას კი ჯიბეში ჩაიდებს. თუ გაუმართლებთ, აქტივის ხელზე გამოტანაც შესაძლებელია.

ასე იყიდა თემურ ჭყონიამ ბევრი ფურცელი, აქტივები, სადაც ჯამში დაახლოებით 5 მილიონ ლარზე იყო საუბარი. ეს პატარა და უმნიშვნელო შპს-ები საბოლოოდ „კოკა-კოლას“ შეერწყა. ანუ, მათი მილიონიანი აქტივებიც მემკვიდრეობით ჭყონიას ერგო.

მაგრამ ამ მშვენიერ ისტორიაში მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ქაღალდზე აღიარებული მილიონები, ანუ აქტივები, ყალბი იყო.

რაკი ამ ერთი ფაქტის შემთხვევაში გამოძიება დასრულებულია, ამჯერად მასზე ვისაუბროთ, თუმცა დანარჩენი სამი შემთხვევაც თითქმის იგივე სქემით განხორციელდა.

მოკლედ, 2003 წლის დასაწყისში, თბილისელმა, ვინმე ვახტანგ შაიშმელაშვილმა, რომელიც ახლა ძებნილია, დააფუძნა რამდენიმე ჩვეულებრივი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

პირველი მათგანი, „იორი-777“ რატომღაც დედოფლისწყაროში იყო რეგისტრირებული. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეებისთვის ფირმებს ძირითადად პერიფერიებში არეგისტრირებდნენ. როგორც ჩანს, ყალბი საბუთებით სახელმწიფოსთვის მილიონების წართმევა იქიდან უფრო ადვილი იყო.

ერთ მშვენიერ დღესაც, ფირმის დაფუძნებიდან ორიოდ თვეში, შაიშმელაშვილმა დედოფლისწყაროს საგადასახადოში დეკლარაციები მიიტანა. ეს იყო მათ მიერვე დამზადებული ყალბი სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს „იორი-777“-ს აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი ჰქონდა 30 ათასი კილოგრამი თამბაქო და იმპორტის დღგ-სა და ნედლეულის აქციზის გადასახადი - 734 ათას ლარზე მეტი უკვე გადაიხადა. მათ ამ ყალბი დეკლარაციის საფუძველზე მოითხოვეს, ეს თანხა პირად ბარათზე დარიცხვოდათ. დეკლარაციების ნამდვილობა არავის გაურკვევია და ასეც მოხდა. სულ არაფრისგან შპს „იორი-777“-მა სახელმწიფოსგან 734 ათასი ლარი მიიღო.

ამ ფირმის სახელი ერთხელ უკვე გამოყენებული იყო, ამიტომ ჯერი მეორე ფირმაზე მიდგა. მისი სახელი შპს „სალბია“, რომელიც თელავის რაიონულ სასამართლოშია რეგისტრირებული იმავე პერიოდში, 2003 წლის მარტში. მოკლედ, პირველი ოპერაციის შემდეგ „იორი-777“ ამ ფირმას შეუერთდა და თავისი ყალბი აქტივიც, 734 ათასი ლარის ოდენობით, იქ მიიტანა. ამის შემდეგ, რატომღაც, გაერთიანებული შპს“სალბი“ იურიდიულ მისამართს იცვლის და ახმეტის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირდება.

თუმცა, მანამდე „სალბის“ კიდევ მესამე ფირმაც უერთდება - შპს „სტატუსი“, თუმცა, სამივეგან იმავე შაიშმელაშვილს ვაწყდებით. ახლა ახმეტის საგადასახადოში მიდის ჩვენი (თუ ჭყონიასი?) შაიშმელაშვილი და კვლავ ყალბი საბაჟო დეკლარაციები მიაქვს.

შინაარსი ამჯერად ასეთია: ამ უკვე გაერთიანებულ „სტატუსს“ იმავე 2003 წლის აპრილ-მაისში იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები აქვს განხორციელებული და ახლა ამის საფუძველზე უკან უნდა დაბრუნებოდა თითქოსდა უკვე გადახდილი დღგ-დან დარჩენილი ზედმეტი თანხა. მადა ჭამაში უკვე მოსული იყო, ამჯერად მილიონ ლარზე მეტს ითხოვდნენ. რაღა თქმა უნდა, აქაც არავინ გადაამოწმა, ყალბი იყო თუ არა, ეს დეკლარაციები და უკვე გაერთიანებულმა შპს „სალბიმ“ პირად ბარათზე მიიღო მილიონ ლარზე მეტი.

ხედავთ, რამხელა ოპერაციაა, თანაც რა ჭკვიანურად მოფიქრებული? აშკარაა, რომ კანონმდებლობაშიც და მოხელეებშიც კარგად გათვითცნობიერებული კაცის ხელი ატყვია. მაგრამ ეს ბოლო როდია, მთავარი ახლა იწყება.

ივნისში შპს „სალბის“ უკვე სახელმწიფოსთვის მოპარული 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი აქტივი ჰქონდა. ერთ თვეში, 2003 წლის 23 ივლისს, უკვე სასამართლოს დადგენილება არსებობს, რომლის მიხედვითაც, ეს „სალბი“ უკვე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შეუერთდა და თავისი მილიონ 800-ათასიანი აქტივიც იქ მიიტანა.

აი აქ უკვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი ჩაერთო და ეს დალაგებული კომბინაციაც დაირღვა. „კოკა-კოლას“ ამ ეტაპზე ამ რაოდენობის აქტივი ჩამოჭრილი აქვს. თუმცა, დავა კიდევ 4,3 მილიონზე მიმდინარეობს.

დაახლოებით ანალოგიური სქემით, ასეთივე არაფრისმთქმელი შპს-ები ყალბი დეკლარაციებით აცხადებდნენ, თითქოს მათ დღგ გადახდილი აქვთ, ჩათვლას იღებდნენ და დარჩენილ „ზედმეტ“ მილიონებს პირად აქტივზე ისვამდნენ. ასეთებია შპს „ტი-ემ-ტე“, შპს „რამკო“ და შპს „ჯისი“. „სალბის“ მსგავსად, ისინიც ჭყონიამ შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ გააერთიანა და მათი აქტივებიც „კოკა-კოლასი“ გახდა.

ამ ფაქტებზეც სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და მასალები გენერალურ პროკერატურაში გამომძიებელ შოთა გენგაშვილთან გუშინ მივიდა. თუკი აქტივის სიყალბე დადასტურდა, „კოკა-კოლას“ ამ 4,3 მილიონ ლარსაც მოუხსნიან.

ამ ეტაპზე „კოკა-კოლას“ მხოლოდ დანაშაულებრივი გზით შექმნილ აქტივებს ჩამოაჭრიან. რასაკვირველია, „კოკა-კოლა“ აცხადებს, რომ მათ არაფერი იცოდნენ, ეს მილიონიანი აქტივები ყალბი თუ იყო. მტკიცება, რომ ეს წვრილი ფირმები ჭყონიამ განზრახ ამ საქმისთვის შექმნა, ძალიან ძნელია, თუკი, რა თქმა უნდა, ეს ამ ფირმების იმ დამფუძნებლებმა არ დაასახელეს, ვისაც ქეჩოში წაავლებენ ხელს. დანაშაული, რაზედაც ამ ეტაპზე სამართალდამცველები მათ ედავებიან, მრავალფეროვანია - ცრუ მეწარმეობა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება, თაღლითობა. ანუ, ციხეს ბევრი ადამიანი ვერ გადაურჩება.

ხელისუფლება ახალ კანონს იღებს - თანამშრომლობისა და უფრო დიდი დანაშაულის გახსნის შემთხვევაში ადამიანებს სასჯელის შემსუბუქებას ან საერთოდ გათავისუფლებას ჰპირდება. უშველის თემურ ჭყონიას რევოლუციის დღეებში ვარდით ხელში პარლამენტის შენობაში სიარული? სხვათა შორის, ჭყონია პირველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც სწორად განსაზღვრა, თუ საით უბერავდა ქარი და პირველი დადგა რევოლუციონერთა გვერდით.

სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ბატონ თემურ ჭყონიას პასუხი, თუ რატომ შეიერთა მან უბრალო შპს-ები, მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. კომპანიაში გვიპასუხეს, რომ შეკითხვებზე პასუხს იურისტი გაგვცემდა, თუმცა, საბოლოოდ, ვერც ის მოგვიძებნეს.