„ცხოვრების დონით იაპონიას უკვე გავუსწარით, დანიის დონეზე ვართ...“

„ცხოვრების დონით იაპონიას უკვე გავუსწარით, დანიის დონეზე ვართ...“

„ცხოვრების დონით იაპონიას უკვე გავუსწარით, დანიის დონეზე ვართ...“ - ეს ყველაფერი საქართველოს პრეზიდენტმა მართლაც თქვა და თანაც ძალიან სერიოზული ადგილიდან - პარლამენტის ტრიბუნიდან.

თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხერხდა, მომავალ წელს ჩვენს დონეზე ჰოლანდია და დანიაც კი აღარ იქნებიან, რომლებიც დღეს პრეზიდენტის კლასიფიკაციით, საქართველოს დონეზე არიან. მერე გადასასწრები ქვეყანა რომ აღარ დარჩება, ხუთწლედის გეგმას ჯერ ოთხში და მერე სამ წელში შევასრულებთ და ა.შ.

მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭირო არის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების შენარჩუნება და ამისთვის პრეზიდენტმა თავისი ხედვაც წარმოადგინა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამყაროში საქართველოს შესადარი ქვეყანა აღარ იყოს.

პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდება რამდენიმე ცვლილება და, რაც მთავარია, ყველა ინიციატივა კონსტიტუციის დონეზე იქნება გარანტირებული.

რაც შეეხება სიახლეებს, პრეზიდენტის განცხადებით, საგადასახადო ცვლილება მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, ვალუტის კურსის კონვერტაციის შეზღუდვა დაუშვებელი გახდება, სახელმწიფოს კომერციული ბანკების წილების ფლობა აეკრძალება. გარდა ამისა, პრეზიდენტი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის ინიციატივითაც გამოდის.

"გთავაზობთ კონსტიტუციურ კანონპროექტს ეკონომიკური თავისუფლების შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ. როგორც სათაურიდან ჩანს, ამ აქტის მთავარი ფასეულობრივი საფუძვლები სწორედ თავისუფლება, შესაძლებლობები, თანასწორობა და ღირსებაა," - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს აქტი შემდეგ ინიციატივებს ითვალისწინებს: პირველ რიგში, ის კონსტიტუციურად შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას, გადახედოს ეკონომიკური მმართველობის კურსს - გადაუხვიოს ლიბერალური ეკონომიკური-მმართველობიდან.

კონსტიტუციითვე განისაზღვრება საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან და არ იქნება 30%-ზე მეტი.

"ჩვენი პრინციპი არის ის, რომ გამოსავალი ქამრების მოჭერაშია და არა ხალხის და ბიზნესმენებისთვის ყელში წაჭერაში“, - განმარტავს სააკაშვილი.

ამასთან, კონსტიტუციურადვე დაფიქსირდება ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან და ეს იქნება არაუმეტს 3%-ისა, ხოლო მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან, არაუმეტეს 60 %-ისა.

პრეზიდენტის თქმით, ასევე დაუშვებელია ვალუტის კურსის კონვერტაციის შეზღუდვა. "ამის ცდუნება ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა ჩვენ კონსტიტუციურად, ეს დაუშვებელი უნდა გავხადოთ," - აცხადებს სააკაშვილი.

კონსტიტუციაში ჩაიწერება ისიც, რომ ქვეყანაში შეუზღუდავი იქნება მიღებული შემოსავლების და კაპიტალის რეპატრიაციის უფლება. რათა, პრეზიდენტის თქმით, "აცილებულ იქნას ამ პოლიტიკის ოდესმე შეცვლა მომავალში“.

ამასთან, პრეზიდენტი ლიცენზიების და ნებართვების უკვე დადგენილ რაოდენობის გაზრდის აკრძალვის ინიციატივითაც გამოდის. ასევე აიკრძალება ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა, "რათა ვერასდროს ვერავინ, ახალი ხორცმეტები და პარატიზები ვერ გააჩინოს“.

"თავისუფლების აქტი" ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოსთვის კომერციული ბანკების წილების ფლობის აკრძალვას. აქცენტი გაკეთდება სოციალური და განათლების საკითხებზეც. სააკაშვილი გადასახადების გაზრდის საშვილიშვილო აკრძალვითაც გამოდის.

"მკვეთრად შევამცირეთ საგადასახადო განაკვეთები, რითაც ჩვენი საგადასახადო შესაძლებლობები მკვეთრად გაიზარდა. თავისუფლების აქტით უზრუნველვყოფთ, რომ ეს პოლიტიკა უცვლელი დარჩეს ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, მომავალი მთავრობების მიერაც," - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ "გადასახადის გაზრდის ან ახლის დაწესება სახელმწიფოს მიერ არ უნდა მოხდეს ხალხის თანხმობის გარეშე - ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახით რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით, მხოლოდ ხალხის გადაწყვეტით“.

პრეზიდენტი საკუთარი უმრავლესობის დარწმუნებას ცდილობს, რომ "ეკონომიკის თავისუფლების აქტით საქართველო უნდა ვაქციოთ მსოფლიოს ლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგიის ფლაგმანად“.

ამიტომაც არც მთავრობის და არც საპარლამენტო უმრვლესობის მხრიდან არაფრისმთქმელი განცხადებების გარდა არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ეს განცხადებებიც ისეთივე პათოსით კეთდებოდა, როგორც სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები.

მხოლოდ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ერთი თქმით საქმე არ კეთდება. "პრეზიდენტის გამოსვლა ერთ-ერთი სწორად ჩამოყალიბებული გამოსვლა იყო ეკონომიკასთან დაკავშირებით, რადგან აქ იყო ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა, თუ საითკენ მიდის ეს ხელისუფლება."

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა კარგი იდეები და ახლა მთავარი ამ იდეების ხორცშესხმაა. "საქმე იწყება და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა“.

ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები კი ამაზე მეტი აღფრთოვანებით საუბრობდნენ "სააკაშვილის გენიალურ იდეებზე."

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" და მასში წარმოდგენილ ინიციატივებს კრიტიკულად აფასებს. მათი შეფასებით, "მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა და ლიბერტარიანური ეკონომიკური პრინციპები არ ესმის“.

უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ეკონომიკის რეალური რეფორმირებისთვის "პოლიტიკური ნების ლიბერალიზაციაა" საჭირო და არა "ისედაც საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობის."

ლევან ვეფხვაძის შეფასებით კი "ეს ინიციატივები სრულიად არარეალისტურია“.

"მთლიანი შიდა პროდუქტიდან 30%-ის ამოღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკა უნდა მოვკლათ. ინიციატივა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან უნდა იყოს არა უმეტეს 60%-ისა, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა აღარ გვყავს. ამასთან, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ ამბობს სახელმწიფო უარს რეგულაციაზე, მაშინ როცა დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან თავისუფლების ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების საკითხი და ევროკავშირი ჩვენგან მთელი რიგი მიმართულებებით სწორედ რეგულაციას ითხოვს“.

ვეფხვაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ "პრეზიდენტი გულწრფელი არ არის, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკის ვარდნაზე არ საუბრობს.

"ეკონომიკის ოპტიმიზაციის" შექმნის მცდელობა მიმდინარეობს, რომ ქვეყანაში ვიღაცამ ფული შემოიტანოს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს, მთავრობის მონაცემებით, 5%-იანი ვარდნა აქვს“.

ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა სააკაშვილის ახალ ინიციატივებს "წმინდა წყლის პოპულიზმად" აფასებს.

"ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან შესაძლოა, იყოს პერიოდი, როდესაც ეს დეფიციტი 3%-ზე მეტი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ის, რომ ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები არ უნდა შეიქმნას, ესეც ვიცით, მაგრამ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა სწორი არ არის, რადგან მისი შექმნა რაღაც ეტაპზე შესაძლოა, საჭირო გახდეს“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი "ეკონომიკური თავისუფლების აქტში" მოცემულ ინიციატივებს არ ეწინააღმდეგება, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უკვე აშენებული შენობის ფასადის ღებვას ჰგავს.

"ალბათ, პათოსი და განწყობა იყო მიმართული იქით, რომ ჩვენ აღარასოდეს გვექნება ანტიმონოპოლიური სამსახური, რაც კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მთავარი ინსტრუმენტია. ამ კუთხით პრეზიდენტის გამოსვლა უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება განვიხილოთ," - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, მეორე და ძირითადი პრობლემაა მაღალი პოლიტიკური რისკები ეკონომიკაში და ის თუ როგორ ექცევა ხელისუფლება არასასურველ მეწარმეებს, როგორ დგანან ბიზნესმენები რიგში საარჩევნოდ პარტიების დასაფინანსებლად.