ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ივლისთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა (34.2 მლნ აშშ დოლარით) და 188.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პანდემიის დროს დიდი შემცირების შემდეგ, ბოლო ორი თვეა გზავნილების მოცულობა მატულობს, რაც ნიშნავს, რომ ევროპა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და ქართველ ემიგრანტებს შემოსავალი აღუდგა. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ იზრდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილები? - ხალხი თვეების განმავლობაში დაგროვილს რიცხავს
"2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია. ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1% იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო, გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი”, - აღნიშნავს გამოცემა.
"გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების მომატებულ მაჩვენებლებზე. მიუხედავად ამ ფაქტორებისა, გზავნილების მოცულობის გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს. დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის და, საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საყურადღებოა ისიც, რომ ერთი თვის განმავლობაში 189 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 1 თვის რეკორდია. არასდროს ერთ თვეში ამდენი (დეკემბერშიც კი) არ შემოსულა. გარდა ამისა, რუსეთის წილი 25%-დან 21%-მდე შემცირდა”, - განაგრძობს გამოცემა.
"ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ დღევანდელი დინამიკა განპირობებული იყო იმით, რომ ადამიანები რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საქართველოში თანხების გადმოგზავნას და სწორედ ეს აისახა ამ ორ თვეში. შესაბამისად, შემდეგ თვეებში აღარ უნდა ველოდოთ იგივე მოცულობის თანხებს. ,,აქ უნდა გამოიყოს ორი ფაქტორი, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ზრდის ფულად გზავნილების მოცულობას. ერთი მხრივ, ადამიანები ვერ ახერხებენ სამშობლოში ჩამოსვლას და აქ შვებულების გატარებას, რასაც ლეგალურად დასაქმებულები ყოველ წელს აკეთებენ ხოლმე და ამასთან მათ, ვისაც უცხოეთში ლეგალურად დასაქმების პირობები არ აქვთ, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გააჩნდათ საშუალება გადმოეგზავნათ თანხები. სწორედ ამ ფაქტორებითაა განპირობებული ის, რომ ზრდა ასეთი მასშტაბისაა. არა მგონია, ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც მოხდა, უდავოდ დადებითი გავლენის მომტანი იქნება ეკონომიკისთვის, რადგან სავალუტო შემოსავლები გაგვეზარდა მაშინ, როდესაც ჩვენი ექსპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული“, - განუცხადა "რეზონანსს" გოჩა თუთბერიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.